ვინ იყო აბანოთუბანში ჩაცხრილული მამაკაცი? - სასტიკი ჯალათი თუ კრიმინალური კლანების დაპირისპირების მსხვერპლი
22-09-2017
ვინ იყო აბანოთუბანში ჩაცხრილული მამაკაცი? - სასტიკი ჯალათი თუ კრიმინალური კლანების დაპირისპირების მსხვერპლი
"ინტერნეტგამოცემა "ქრაიმ რაშას" ინფორმაციით, ელშან მამედოვი სასტიკი­ ჯალათი გახლდათ და მას უკავშირდება­ კრიმინალურ ავტორიტეტ რაფიკ ეივაზოვთან საქმის გარჩევაც - მამედოვმა ეივაზოვი ჯერ რესტორანში შეიტყუა, შემდეგ სასტიკად სცემა და ყური მოაჭრა..."

11 სექტემბერს აბანოთუბანში რუსეთში ძებ­ნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ელშან მამედოვს მკვლელმა 8 ტყვია ესროლა. მისი ცხედარი "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მარკის ჯიპში იპოვეს. მამაკაცს თავის არეში საკონტროლო ტყვია ჰქონდა ნასროლი.

როგორც "კვირის პალიტრას" თვითმხილველმა განუცხადა, 42 წლის აზერბაიჯანელი მამაკაცი და
სავარაუდო დამნაშავე მკვლელობის მომენტამდე რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ.

"ჯერ მამედოვი­ მივიდა რესტორანში­, ­შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი. დაახლ­ოებით ერთ საათს­ ისხდნენ "პურის სახლში"­ და ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ გარეთ გავიდნენ და კონფლიქტი იქ გაგრძელდა. როცა მამედოვი ჯიპი­სკენ გაემართა, მკვლელმა­ პირველად მაშინ­ ესროლა. მამედოვმა ავტომობილში ჩაჯდომა მოასწრო და იქიდან
საპასუხოდ გაისროლა, რასაც მკვლელის კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა..
. ერთი ტყვია გვერდით მდგომ ავტომობილსაც მოხვდა. შემდეგ მკვლელი მამედოვის ჯიპს მიუახლოვდა და დაჭრილს თავში საკონტროლო ტყვია ესროლა".

როგორც ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებულმა საქართველო იმავე ღამეს­ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. პოლიციამ ჩანაწერები მიმდებარე შენობებიდან ამოიღო, რადგან შემთხვევის ადგილას სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული.

ერთი ვერსიით, ეს შემთხვევა­ კრიმინ­ალური ავტორიტეტის, როვშენ ლენკორ­ანსკის მკვლელობას უკავშირდება. ის შარშან სტამბოლში, მძღოლთან ერთად მანქანაში­ ჩაცხრილეს (ლენკორანსკი დედ ჰასანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა)...
მეორე ვერსიით კი მამედოვი­ აზერბაი­ჯ­­ანელმა "კანონიერმა ქურდმა", მეტსახელად­ "გულმა" (ნადირ სალიფოვი) და მისმა გარემოცვამ მოიშორეს. მამედოვის ახლ­ობლები კი ირწმუნებიან, რომ მამედოვი "გულის"­ მარჯვენა ხელი იყო და კრიმინალურ სამყაროში დიდი გავლენით სარგ­ებლობდა.

ინტერნეტგამოცემა "ქრაიმ რაშას" ინფორმაციით, ელშან მამედოვი "გულის" ყველ­აზე სასტიკი­ ჯალათი გახლდათ და მას უკავშირდება­ კრიმინალურ ავტორიტეტ რაფიკ ეივაზოვთან საქმის გარჩევაც - მამედოვმა ეივაზოვი ჯერ რესტორანში შეიტყუა, შემდეგ სასტიკად სცემა და ყური მოაჭრა...

ამ ვერსიის თანახმად, ეივაზოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სწორედ თბილისში მიაკვლია დაუძინებელ მტერს და იმავდროულად, ცოლისძმას.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით