"ბიჭი სისხლისგან იცლებოდა, სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში" - კვირის პალიტრა

"ბიჭი სისხლისგან იცლებოდა, სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში"

თემქაზე დაჭრილ 26 წლის მამაკაცს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მისმა მკურნალმა ექიმმა, გიორგი კობახიძემ მიაწოდა.

მისი თქმით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ბიჭს გულმკერდის ზედა, უკანა არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"შემოყვანის მომენტისთვის პაციენტი გონზე იყო. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. რამდენად საშიშია დაზიანებები სიცოცხლისთვის, ამას ოპერაციის შემდეგ გავიგებთ. ოპერაციის დასრულებამდე ვერც მისი ჯანმრთელობის მდგომარებაზე და ვერც იმაზე, თუ რა სახის ჩარევა გახდება საჭირო, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ექიმმა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცმა მიიყვანა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა აგვიანებდა და იძულებული გახდა დაჭრილი კლინიკამდე თავად მიეყვანა.

"ჩემს კორპუსთან დავინახე ხალხი. როცა მივედი, ბიჭი ეგდო მიწაზე და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფოს ელოდებოდნენ, მაგრამ უცებ გავაჩერე გამვლელი მანქანა და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში. გზაში გონზე იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მითხრა. ამიტომ ველოდები, მაინტერესებს როგორ არის. ბიჭს არ ვიცნობ, მის შესახებ არაფერი ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

იხილეთ ასევე: შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა - ახალი დეტალები თემქაზე მომხდარ თავდასხმაზე

"ინტერპრესნიუსი"