პროკურატურამ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

პროკურატურამ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"