"პოლიცია არ გამოიძახოთ, თორემ თავს მოვიკლავ" - უცნაური დანაშაულის დეტალები და აუხსნელი მიზეზი - კვირის პალიტრა

"პოლიცია არ გამოიძახოთ, თორემ თავს მოვიკლავ" - უცნაური დანაშაულის დეტალები და აუხსნელი მიზეზი

"დედა, არაფერზე ინერვიულო, ჩემს ძმას მიხედე და გაუფრთხილდიო"

"პოლიცია არ გამოიძახოთ, თორემ თავს მოვიკლავ", - უთქვამს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და ფული მოითხოვა. ამ დროს თანამშრომლებს განგაში უკვე ატეხილი ჰქონდათ, განგაშის ღილაკის ამოქმედებაც შეძლეს და ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა. ახალგაზრდა კაცმა მართლაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მომხდარზე ვრცელი სტატია ჟურნალმა "გზამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ტრაგედიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ. გარდაცვლილ ახალგაზრდას ჯიბეში აღმოაჩნდა პირადობის მოწმობა და მისი ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ.

გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, 30 წლის ალექსანდრე (ალიკა) ბ. იყო. ოჯახის წევრები და მეზობლები მომხდარით შეძრულები არიან და ვერ აუხსნიათ მისი საქციელი.

ამ ფაქტიდან მალე, ირაკლი კაკაბაძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უცნაური პოსტი დადო. "საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან გათავისუფლებისთვის".

გარდაცვლილის ბიძაშვილს, ნინო ხარაზიშვილს იმედი აქვს, რომ გამოძიებით ყველაფერი გაირკვევა.

ნინო ხარაზიშვილი:

- მომხდარი ჩვენთვის გამაოგნებელია, ვერ აგვიხსნია, ალიკა ამ მდგომარეობამდე ვინ მიიყვანა. მისი სიკვდილის მერე, ვინმე ირაკლი კაკაბაძის პოსტიდან ვიგებთ, რომ თურმე ალიკა რაღაც ორგანიზაცია "მწვანე პანტერას" წევრი იყო. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო და ვერ აგვიხსნია, როგორ შეაცვლევინეს აზრი. სად გინახავთ, კრიმინალი წავიდეს საყაჩაღოდ დღისით და თან წაიღოს ყველანაირი საბუთი, პირადობის, მართვის მოწმობა? ყველაფერი თან ჰქონდა ალიკას და როგორც ისევ მედიით ვიგებთ, მას ჰყავდა თანამზრახველი, რომელიც გაიქცა, თვითონ კი მოიკლა თავი. არც ის ვიცი, ვინ მისცა მას იარაღი და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი.

...

2 წლის იყო ალიკა, როცა მამა ავტოავარიით დაეღუპა. ბიძაჩემი მაშინ 29 წლის იყო, მამიდაჩემი - მეორე შვილზე ფეხმძიმედ. გაუჩნდა ვაჟი და ორ შვილს წვალებით ზრდიდა. მარტო გაზარდა და არაფერი დაუკლია. ალიკა უნიკალური ადამიანი იყო, ამ სიტყვებს იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი მამიდაშვილი იყო, არა, მართლა ძალიან ნიჭიერი, თბილი და მოსიყვარულე იყო, ბევრს კითხულობდა, განათლებულიც იყო, ბევრი რამ იცოდა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მართალია არ გაუგრძელებია, მაგრამ სულ წიგნებს კითხულობდა. ჯერ ჯარში წავიდა, სამი წელი კონტრაქტით იმსახურა და მერე თურქეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც სამი თვე იმუშავა. ცხოვრებაში ბევრი მიზანი ჰქონდა. ბოლო დროს თბილისში, ნაქირავებში იყო, ამბობდა, რომ მუშაობდა და მეგობართან ერთად ცხოვრობდა.

- ნინო, ალიკას ბანკის ვალი ხომ არ ჰქონდა, ან ხომ არ თამაშობდა?

- არა, ეს გამორიცხულია. ეს ჩვენთვის სრული შოკია. არასოდეს უთმაშია აზარტული თამაშები. არ სვამდა, არ ეწეოდა. მომავალზე ფიქრობდა, ოჯახი უნდა შეექმნა. დედა ძალიან უყვარდა, სულ იძახდა, დედაჩემმა ძალიან დიდი ტრაგედია და დიდი ტანჯვა გადაიტანა და აწი მაინც მინდა ყველანი ბედნიერი ვიყოთო. იარაღი არასოდეს ჰქონია, არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა მის ხელში.

- ამბობენ, რომ სიკვდილამდე დედას ესაუბრა, მართალია?

- დედასთან ტრაგედიამდე დაურეკავს და უთქვამს, - არაფერზე ინერვიულო, ჩემს ძმას მიხედე და გაუფრთხილდიო, მერე ტელეფონი გათიშულა. მერე ურეკავდა თურმე მამიდა, ვერ უკავშირდებოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ამ საუბრიდან ცოტა ხანში მამიდას პოლიციიდან დაურეკეს, - ალიკას საბუთები ვიპოვეთო. დაღუპული რომ იყო, არ უთქვამთ... (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 21 სექტემბრის ნომერში).

თეა ხურცილავა