რატომ დაეკისრა ბიზნესმენ ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა? - კვირის პალიტრა

რატომ დაეკისრა ბიზნესმენ ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა?

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს ინფორმაციით, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა.

მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმ მედია საშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი - 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

"მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, სარჩელი მას შემდეგ აღძრა, რაც ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა. სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება "ფილიპ მორისსა" და "თბილისის თამბაქოს", ასევე "ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს" შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"