"და-ძმა ერთად თავს რატომ მოიკლავდა?!." - კვირის პალიტრა

"და-ძმა ერთად თავს რატომ მოიკლავდა?!."

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც 60 წელს გადაცილებული და-ძმა, ლალი და მიტო ლალიაშვილები საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

ცხედრების ექსპერტიზაზე გადასვენების შემდეგ საქმეზე საგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზად გაზით გაგუდვა დასახელდა, თუმცა, გარდაცვლილების ახლობლებისა და მეზობლების ვერსიით, შესაძლოა, სულ სხვა შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, და-ძმა ღამით, ძილისას არის გარდაცვლილი, გაზით გაგუდვის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, მათი მესამე ძმაც უნდა დაღუპულიყო, ვინაიდან ამ უკანასკნელს ფსიქიკური დარღვევები აქვს და ღამით მუდამ სახლშია. გარდაცვლილების მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არა ისურვა, შემთხვევის დეტალებზე გვესაუბრება:

- მძიმე ცხოვრება ჰქონდათ გარდაცვლილებს. ლალის საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა. ორ ავადმყოფ ძმას უვლიდა, რომელთა შორის, ერთი-ერთი წლების განამვლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული, მეორეს კი ფსიქიკური პრობლემები აქვს. ლალი ორივე ძმის ბედს ძალიან განიცდიდა, თუმცა მათ საპატრონოდ ყველაფერს აკეთებდა, თავს არ ზოგავდა. ლალის, შინმყოფი ძმების გარდა, კიდევ ჰყავს ორი ძმა, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა მაინც და მაინც აწყობილი... არადა, ოჯახში თავის დროზე ყველაფერი რიგზე ყოფილა, ლალის უმაღლესი განათლებაც ჰქონდა მიღებული და საზოგადოებაშიც თავისი ადაგილი ეკავა...

- მაინც რა შეიძლება მომხდარიყო?

- დანამდვილებით არაფერი ვიცი, თავადაპირველად თქვეს თითქოს გაზი უნდა ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ, ვფიქრობ, გაზით გაგუდვა მანდ არაფერ შუაში უნდა იყოს... ლალი დიდი ხანი რომ არ გამოჩნდა ეზოში, ერთმანეთს ვეკითხებოდით, - ნეტავ სად არის, რატომ არ ჩანსო?

ბოლო დღეებში სადარბაზოში მცხოვრები მეზობლები ბინიდან გამოსულმა საშინელმა სუნმა იმდენად შეაწუხა, რომ საბრალოებს კარზე დაუკაკუნეს და კარი რომ არავიან გაუღო, შევიდნენ, - კარი ღია იყო... შევიდნენ და ეს საშინელი სურათიც ნახეს, - და-ძმა ლოგინებში იწვა, ცხედრებს ხრწნა ჰქონდა უკვე დაწყებული... ამბობენ, 5 დღის გარდაცვლილები მაინც იყვნენო. ლალის მეორე ძმა, რომელსაც ფსქიკური პრობლემები აქვს, ამ ხნის განმავლობაში ბინაში აგრძელებდა ცხოვრებას, თუმცა სამართალდამცავების მოსვლისას შინ არ იყო.

როდესაც მოძებნეს და მოიყვანეს, გაკვირვებული იმეორებდა, - რას ჰქვია, დაიხოცნენ, სძინავთო. როცა ჰკითხეს, რატომ არ სცადე მათი გაღვიძებაო, - უპასუხა, - რა ვიცი, მე პლასტმასის ბოთლებს ვაგროვებ, დილით რომ გავდივარ, მაგათ მაშინაც სძინავთ და მაშინაც, - ღამით რომ შემოვდივარო. თუ ესენი გაზით გაიგუდნენ და გაზი ჟონავდა, ამ ძმასაც ხომ მოწამლავდა?! თვითმკვლელობის მუხლით აღუძრია საქმე შსს-ს, არ მესმის, და-ძმა ერთად თავს რატომ მოიკლავდა?.. მანდ გაცილებით რთულად უნდა იყოს საქმე.

როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმე მართლაც თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა, თუმცა ასევე დაამატეს, გამოძიება მიმდინარეობს და მისი მსვლელობისას შესაძლოა მუხლი შეიცვალოსო. გაზით გაგუდვის ვერსია შსს-ში საერთოდ არ უხსენებიათ.

ეთერ ერაძე ( სპეციალურად საიტისთვის)