"რამდენჯერმე დის მოსაკლავად გაიწია, ერთხელ ძლივს მივუსწარი და დანა წავართვი, ახლაც მეტყობა ნაიარევი" - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე დის მოსაკლავად გაიწია, ერთხელ ძლივს მივუსწარი და დანა წავართვი, ახლაც მეტყობა ნაიარევი"

"არ უნდა შევქმნათ მონსტრი ფსიქიკურად დაავადებულებისგან"

ამ ცოტა ხნის წინ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 44 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით მოხუცი მშობლები დაჭრა. მამა დაიღუპა, დედა კი რეანიმაციაშია. როგორც გაირკვა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონია და აღრიცხვაზეც ყოფილა. ტრაგედიამდე დედისთვის უთქვამს, ცუდად ვარ, ხონში წამიყვანეთ ექიმთანო. დედამისი მაშინვე მეზობელთან წასულა, რომ შვილი მანქანით ხონის ფსიქიატრიულში მიეყვანა, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგან შინ დაბრუნებულს შვილმა თოფი ესროლა და დაჭრა, მამა კი მოკლა.

"ეზოს სათავსოდან თოფი აუღია, ჯერ მამისთვის უსვრია და მერე დედას დადარაჯებია"

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამის მიზეზად სპეციალისტები სოციალურ სტიგმას ასახელებენ. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა - შიზოფრენიაა.

შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 17 ათასზე მეტი კაცია რეგისტრირებული. სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი გაცილებით დიდია.

ცალკე პრობლემაა პაციენტების ექიმთან მიმართვიანობა, ხშირად დაავადებულები და მათი ოჯახის წევრები თავს არიდებენ ფსიქიატრთან ვიზიტს, ამან კი შესაძლოა, მდგომარეობა გაამწვავოს. როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემებია ამ კუთხით ჯანდაცვაშიც. გადატვირთულობის გამო ამ პროფილის საავადმყოფოები მწვავე პაციენტებს ხშირად ვერ იღებენ. მართალია, არსებობს კერძო კლინიკები, მაგრამ ერთი დღით კერძო სტაციონარში პაციენტის მოთავსება მინიმუმ 200 ლარი ღირს.

55 წლის თინა, თბილისი:

- ფსიქიკურად დაავადებული შვილი მყავს. ციხეში რამდენჯერმე ვენები გადაიჭრა, მთელი სხეული დასერილი ჰქონდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ხმები ჩაესმოდა, ვიღაცას ეჩხუბებოდა გამუდმებით, ვთხოვე, გამომყოლოდა ექიმთან, მაგრამ არ გამომყვა, გიჟი არა ვარო. ვატყობდი, მდგომარეობა უუარესდებოდა. ერთ დღეს მოვკიდე ხელი და ფსიქიატრიულში წავიყვანე. უმძიმესი დიაგნოზი - შიზოფრენია დაუსვეს და დააწვინეს. მას მერე პერიოდულად მიმყავს საავადმყოფოში, მაგრამ რაც დრო გადის, ვხედავ, მისი სახლში ყოფნა, საშიშია. რამდენჯერმე დის მოსაკლავად გაიწია, ერთხელ ძლივს მივუსწარი და დანა წავართვი, ახლაც მეტყობა ნაიარევი. პატრული გამოვიძახე და პოლიციის ძალით მოვათავსეთ ისევ საავადმყოფოში. სამი კვირა გააჩერეს, მერე დამირეკა ექიმმა, წაიყვანეთო. წამოვიყვანე, მაგრამ ისევ აგრესიული იყო და დას მოსაკლავად გამოეკიდა, პატრულს რომ ვიძახებ, მეუბნებიან, ახალი გამოყვანილი გყავთ საავადმყოფოდან, 10 დღე მაინც უნდა გავიდეს, რომ უკან მიიღონო. ამ დროში ხომ შეიძლება ქალიშვილი მომიკლას? 10 დღეც რომ გადის, მერეც პრობლემაა საავადმყოფოში მისი გადაყვანა, გადავსებულია.

როცა გავიგებ, ფსიქიკურად ავადმყოფმა ოჯახის წევრი მოკლა, ადგილს ვერ ვპოულობ. შიშით როდემდე უნდა ვიცხოვრო?

"დედამისი ამბობს, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს შვილს ფსიქიატრიულში ვერ დავაწვენო"

ნათელა: "ჩემი მეზობელი შიზოფრენიით არის დაავადებული. დედას ხშირად სცემს, სულ დალურჯებული დადის, მაგრამ ვერ ათქმევინებ, რომ შვილმა მიაყენა დაზიანება. რამდენჯერმე ვთხოვე, საავადმყოფოში წაეყვანა, მაგრამ მითხრა, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს შვილს ფსიქიატრიულში ვერ დავაწვენო. წლებია წამლებს ასმევს, იმასაც საჭმელში ურევს, მაგრამ შედეგი არ არის.

ჩემი ახლობელი პერიოდულად დაჰყავთ ხონის ფსიქიატრიულში. ახლახან მეზობლებზე თოფით გაიწია, მეორე დღესვე სასწრაფოდ წაიყვანა ოჯახმა საავადმყოფოში. ორ კვირაში უკან გამოუშვეს, ისევ ისეთივე მდგომარეობაშია, ისევ ქუჩაშია, ისევ სვამს და აგრესიულია".

"თუ თქვენი რესპონდენტის ვაჟი დას უქმნის საფრთხეს, დედამ ის ხონის ფსიქიატრიულში უნდა მოათავსოს"

ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ფსიქიატრი:

- ქალბატონო ნინო, მოქალაქეები ამბობენ, რომ კლინიკაში არ არის ადგილები. იქნებ გვიამბოთ, რა პრობლემებია?

- 2017 წლის 1-ლი იანვრიდან სისტემა შეიცვალა და ამან დიდი დარტყმა მიაყენა ფსიქიატრიულ სერვისებს, განსაკუთრებით, ეს მწვავე სტაციონარის პაციენტის მართვის სერვისებზე აისახა. შემცირდა ერთ შემთხვევაზე გამოყოფილი დაფინანსება. თბილისს 30 მწვავე საწოლი დააკლდა. როდესაც დაწესებულებას პაციენტი ჰყავს სტაციონარში, მას არ შეუძლია დროზე ადრე გაუშვას და ეს ქმნის საწოლების დეფიციტს. თუმცა, როდესაც გადაუდებელი შემთხვევაა, ყველა დაწესებულება იღებს პაციენტს.

უნდა შეიცვალოს დაფინანსების მოდელიც - უნდა გადავიდეთ რეალურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასა და იმ რეალობაზე, რასაც სააფთიაქო ბაზარი და ცვლილებები აყენებს. პაციენტებს მედიკამენტებით მომარაგება არ უნდა ჰქონდეთ ძალიან შეზღუდული, მაგრამ ახალი თაობის მედიკამენტების ჩართვა არსებული ბიუჯეტით ვერ ხერხდება. არადა, ახალ მედიკამენტებს ბევრად ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს და მეტი სოციალიზაციის საშუალებას იძლევა.

- ბოლო დროს მომართვიანობა გახშირდა?

- სტატისტიკით, ისეთივე მომართვიანობა გვაქვს, როგორიც 2015- 2016 წლებში იყო. როდესაც სახელმწიფო ბენეფიტები იზრდება, მომართვიანობაც იმ მიზეზით იზრდება, რომ გამოიყენონ პროგრამები. თბილისის მერიას აქვს ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა, ამიტომ ის მოქალაქეები, რომლებსაც დაავადებული შვილები ჰყავთ, ცდილობენ ამ სერვისებით ისარგებლონ.

იკლო სტიგმამ, ადამიანებს აღარ რცხვენიათ ფსიქიატრებთან ურთიერთობის. მეორე მხრივ, როდესაც სოციალური სიდუხჭირე მატულობს და შინ უჭირთ პრობლემასთან გამკლავება, ცდილობენ სახელმწიფო სერვისებით ისარგებლონ.

- კანონით გაწერილია, რამდენ ხანს უნდა მოთავსდეს პაციენტი კლინიკაში?

- 2017 წლის 1-ლ ივლისამდე არსებობდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მწვავე განყოფილების ბენეფიციართათვის 15 დღე იყო გამოყოფილი 46-ლარიანი დღიური ხარჯით. 1-ლი ივლისიდან დღეების შეზღუდვა მოიხსნა და სახელმწიფო აფინანსებს შემთხვევის ღირებულებას 690 ლარით. როდესაც მოსამართლე იძულებითი სტაციონარიზების უფლებას გვაძლევს,

სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეიძლება წააწყდეთ ასეთ ჩანაწერს, "არა უმეტეს 6 თვისა". ეს ნიშნავს, თუ პაციენტს 6 თვეზე მეტხანს სჭირდება სტაციონარში ყოფნა, მაშინ ხელახლა უნდა მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ, რომ პაციენტი დარჩეს კლინიკაში. თუ პაციენტი კლინიკაშია, კომისიამ შეაფასა მისი მდგომარეობა და თქვა, რომ მას არ ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა, დაწესებულებას აქვს უფლება, გაუშვას. პაციენტს დაწესებულებაში მისი სურვილის გარეშე ვერ ვაჩერებთ.

- თუ სჭირდება მკურნალობა და არ ჩერდება, მაშინ?

- თუ არ გვეთანხმება, უნდა მივმართოთ სასამართლოს და დაველოდოთ ვერდიქტს.

გვქონია შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ექიმის მოსაზრება არ გაიზიარა და პაციენტი გაუშვა სახლში.

- როცა პირი სჩადის დანაშაულს და მას ენიშნება იძულებითი მკურნალობა, ასეთი პაციენტი ხონის ფსიქიატრიულში ხვდება?

- ქვიტირის დაწესებულებაში თავსდებიან. ეს დახურული ტიპის დაწესებულებაა და ათავსებენ იმ პაციენტებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.

- ამბობენ, პალატებში 5-6 კაციაო.

- ჩვენთან ერთ ოთახში ორი პაციენტი გვყავს, ასეა სტანდარტით გაწერილი. თუ ძალიან მწვავეა პაციენტი, შეიძლება მისი ფიზიკური შეზღუდვაც მოხდეს.

- მედიკამენტები თუ გყოფნით?

- თუ თითოეულ პაციენტზე განსაზღვრული იქნება 20-22 ლარი, უკეთესი წამლებით შევავსებთ ჩვენს აფთიაქს. ჯერჯერობით შეზღუდული გვაქვს შესაძლებლობა, ფართო ასორტიმენტით მოვემსახუროთ. ამის მიუხედავად, თუ ექიმი დაასაბუთებს, რომ პაციენტს სჭირდება ახალი თაობის მედიკამენტი, უზრუნველვყოფთ.

- ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ საავადმყოფოდან ახალგამოყვანილი პაციენტის უკან მიყვანას ვერ ახერხებს.

- რესოციალიზაციის პირობები ჩადებულია კანონმდებლობაში, რომელიც მოიცავს 8-დღიან ინტერვალს.

თუ 7 დღეში პაციენტი შებრუნდება ისევ დაწესებულებაში, ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს. თუ პაციენტი წელიწადში სამჯერ არის კლინიკაში ნამყოფი, მერე შეუძლია გამოიყენოს სხვა სერვისი. არის ჯგუფი, რომელიც სახლში ემსახურება პაციენტებს.

ისინი აკონტროლებენ ოჯახურ მდგომარეობასაც და შესაბამის რჩევებსაც აძლევენ. თუ თქვენი რესპონდენტის ვაჟი დას უქმნის საფრთხეს, საქმეში უნდა ჩართონ სამართალდამცავები, ფსიქიატრები, სოცმუშაკები, თუ არა და, დედამ უნდა მოათავსოს ის ე.წ. ხანგრძლივ დაწესებულებაში, როგორიც არის ხონის ფსიქიატრიული.

"თუ განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნიან, ისინი სტაციონარში არ უნდა მოხვდნენ"

დავით ანდღულაძე, ფსიქიატრი:

- სტატისტიკა გვეუბნება, რომ დანაშაულს უფრო მეტად შერაცხადი ადამიანები სჩადიან, ვიდრე შეურაცხადები. ამიტომ ფსიქიკური აშლილობა არ ზრდის დანაშაულის რისკს.

დანაშაულის ჩადენას სჭირდება სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი. ავადმყოფობა დანაშაულთან არ უნდა ასოცირდებოდეს. არ უნდა შევქმნათ მონსტრი ფსიქიკურად დაავადებულებისგან და მათ არ უნდა ვუყუროთ, როგორც პოტენციურ დამნაშავეებს.

ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ოჯახი დროულად არ აქცევს ყურადღებას ასეთ ავადმყოფს. ურჩევნიათ, აარიდონ თავი, ფიქრობენ, რომ გაუმჯობესდება სიტუაცია. თუ ვერ ხერხდება მის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანა, თვითონ მივიდნენ, აუხსნან ექიმს პაციენტის მდგომარეობა და ექიმი განსაზღვრავს საშიშროების ხარისხს და რა სახის მკურნალობა დანიშნოს.

ოჯახში ასეთ ავადმყოფს ხშირად ისეთ წამლებს ასმევენ, რომელმაც შეიძლება მდგომარეობა უფრო დაუმძიმოს. ყველა დაავადებას, ყველა პაციენტს სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება, უპირველესად კი თანადგომა და ყურადღება. მკურნალობისგან თავშეკავება იმდენად ამძაფრებს მდგომარეობას, რომ საქმე გაუაზრებელ ქმედებებამდე მიდის და ზოგჯერ ეს სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა.

- კლინიკებში ხშირად არის ადგილების პრობლემა, ეს როგორ უნდა მოგვარდეს?

- კატასტროფული სიტუაცია არ არის. რა თქმა უნდა, ძნელია 4-5 კაციან პალატაში ყოფნა, მაგრამ,

როცა პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ჯობია უმძიმეს პირობებში იყოს საავადმყოფოში, ვიდრე სახლში. ხშირად ერთკვირიანი მკურნალობაც საკმარისია, რომ პაციენტი აზრზე მოვიდეს.

თუ განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნიან, ისინი სტაციონარში არ უნდა მოხვდნენ. ფსიქიკურად დაავადებული საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია, არ უნდა გავრიყოთ.

თეა ხურცილავა