"დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები"
25-09-2017
"დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები"
მაია ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დეიდა: "მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები"

რამდენიმე დღის წინ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა "ფეისბუქით" სანდრო გირგვლიანის ცხედრის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ გირგვლიანი სიკვდილის შემდეგ არის ნაწამები, რასაც მოწმობს დაზიანებები მის სხეულზე. ფოტოები ძალიან მძიმეა და რედაქცია მათი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

"სპეციალისტებისთვის ვიწყებ გირგვლიანის გვამის ფოტოების ატვირთვას. დანარჩენები არ შეხვიდეთ შეცდომაში და სადაც სისხლს დაინახავთ, არ იფიქროთ, რომ ცოცხალს
მიაყენეს ეს დაზიანებები. ჭრილობები სისხლმდინარე არ არის და რასაც ხედავთ, გარდაცვალების შემდეგ მჩხვლეტავი დაზიანებით და მექანიკური ზემოქმედების შედეგადაა გამოდევნილი! რასაც ხედავთ, ეს იმ ვირეშმაკობით არის გაკეთებული, რომ "სისხლი დაგანახონ" და უნიჭო "დრამატურგია" გამოაჩინონ. ბოდიშს ვიხდი ფოტოებისთვის, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გამოვაქვეყნო," - წერს
ირაკლი ზაქარეიშვილი.

მაია ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დეიდა:
"რომ ამბობს, გარდაცვალების შემდეგ აქვს დაზიანებები მიყენებულიო, ვინ აწამა სანდრო ტყეში, მგლებმა თუ ტურებმა? ზაქარეიშვილი ახალაიას ადვოკატია და სხვას რას იტყვის? ეგ დეგრადირებული ტვინის პატრონია. მოკლული სანდროს ფოტოები რომ გამოფინა, აქვს ამის უფლება? მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები და იმ ჯარიმას, რაც იქნება, როგორმე გადავიხდი. სასწრაფოდ შეწყვიტოს სანდროს ფოტოების გამოფენა! რას ნიშ­ნავს, მერე აწამეს! და ვინ აწამა -18 გრადუსში, პასუხი თუ აქვს? იმედი მაქვს, ამ ძალად ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი გასცემენ პასუხს. თავის დროზე რამდენი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა დაადგინა სიმართლე?! ალბათ, ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და როგორმე უნდა, დამნაშავე გაამართლოს. მოასვენოს გარდაცვლილთა სულები! აღარ ვნახო, კიდევ გამოფინოს ფოტოები, თორემ ვუჩივლებ! გოგი და გურამი (სანდროს ბიძა და მამა) ჩამოვლენ და მივხედავთ ამ საქმეს. რამდენი ფულიც უნდა აიღოს, ეს ვითომ ადვოკატი ვერასოდეს გაამართლებს ამ სულით მახინჯებს, რადგან საქართველოშიც და სტრასბურგშიც ნათქვამია, რომ ისინი დამნაშავეები არიან. ეგენი ციხიდან უნდა გამოეშვათ კი არა, სანდროს მწამებლებიც და ბრძანების გამცემებიც სამუდამო პატიმრობაში უნდა დაეტოვებინათ.

ეს ფოტოები ექსპერტებმა კი არა, არაპროფესიონალებმაც რომ ნახონ, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კაცი ფანტაზიორობს. წელიწადში ერთხელ ამოიდგამს ხოლმე იმ გველის ენას და ახალაიებს და "ნაცხროვას" ამართლებს.
ნუ დებს იმ სურათებს, სანამ მისთვის თავი გამიჩეჩქვავს. ეს ადამიანი ბევრს იღებს თავზე! იმედი ხომ არა აქვს, რომ ისევ "ნაციონალები" გაძვრებიან? რაც "ოცნებამ" ვერ მოახერხა, ამას ხალხი მოახერხებს და ქუჩაში გაუსწორდებიან ამ სატანებს!"

ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის შეფასება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელს, ალექსანდრე გეჯაძეს, ვთხოვეთ:
"მხოლოდ ფოტომასალაზე დაყრდნობით მსჯელობა, როცა გვამი გამოკვლეულია და კანი გასუფთავებული (აღარ არის მოსვრილი ტალახით და დაზიანებებიც ჩანს), შეიძლება არ იყოს მთლად ობიექტური, თუმცაღა, ფოტომასალიდან გამომდინარე და მათი მორფოლოგიური აღწერილობის გათვალისწინებით, მეეჭვება, ეს დაზიანებები შემდგომში ყოფილიყო მიღებული. ბატონ ირაკლი ზაქარეიშვილს არ ვეთანხმები, ვინაიდან მისი პოზიცია ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის, ბევრი თვალსაზრისით მიუღებელია. ის მსჯელობს ხორხის ჭრილობაზე, რომ შეიძლება ის იყოს სასიკვდილო, დანარჩენი კი - სიკვდილის შემდგომი, ანუ გადაადგილებით მიღებული. იქ, სადაც გვამი ნახეს, ბუჩქნარია. შეიძლება ხაზოვანი ღრმა ნაჭდევები ეკლების ბრალი იყოს. თუკი გვამი გაათრიეს, მაშინ დაზიანებები პარალელური უნდა იყოს, ისინი კი ჯვარედინია, პერპენდიკულარულიც. ეს ეკალბარდების ბრალი უნდა იყოს და არა - თრევის. გირგვლიანის გვამის გამოკვლევის დასკვნა არ მინახავს, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის მიხედით, ხორხის ჭრილობა, სავარა­უდოდ, სიკვდილს გამოიწვევდა. ხოლო იმაზე, რამდენ ხანში გარდაიცვალა, შეეძლო თუ არა სანდ­როს ამ დაზიანებებით სირბილი და ა.შ. - რა საკითხებიც ბატონ ირაკლის კითხვების სახით აქვს წამოჭრილი, ექსპერტიზა ჩატა­რებულია და ყველაფერი დადგენილია... ამ სფეროს 2005 წლიდან ვემსახურები. რა თქმა უნდა, ჩემი დასკვნები ზოგისთვის მისაღები იქნება, ზოგისთვის - მიუღებელი."

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით