"დას მოსაკლავად დასდევს, ხომ შეიძლება ქალიშვილი მომიკლას?" - კვირის პალიტრა

"დას მოსაკლავად დასდევს, ხომ შეიძლება ქალიშვილი მომიკლას?"

გასულ კვირას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 44 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით მოხუცი მშობლები დაჭრა. მამა დაიღუპა, დედა კი რეანიმაციაშია. როგორც გაირკვა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონია და აღრიცხვაზეც ყოფილა. ტრაგედიამდე დედისთვის უთქვამს, ცუდად ვარ, ხონში წამიყვანეთ ექიმთანო. დედამისი მაშინვე მეზობელთან წასულა, რომ შვილი მანქანით ხონის ფსიქიატრიულში მიეყვანა, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგან შინ დაბრუნებულს შვილმა თოფი ესროლა და დაჭრა, მამა კი მოკლა.

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამის მიზეზად სპეციალისტები სოციალურ სტიგმას ასახელებენ. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა - შიზოფრენიაა. ამ საკითხზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", გტავაზობთ ამონარიდებს.

შიზოფრენიის დიაგნოზით საქართველოში 17 ათასზე მეტი კაცია რეგისტრირებული. სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი გაცილებით დიდია.

ცალკე პრობლემაა პაციენტების ექიმთან მიმართვიანობა, ხშირად დაავადებულები და მათი ოჯახის წევრები თავს არიდებენ ფსიქიატრთან ვიზიტს, ამან კი შესაძლოა, მდგომარეობა გაამწვავოს. როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემებია ამ კუთხით ჯანდაცვაშიც. გადატვირთულობის გამო ამ პროფილის საავადმყოფოები მწვავე პაციენტებს ხშირად ვერ იღებენ. მართალია, არსებობს კერძო კლინიკები, მაგრამ ერთი დღით კერძო სტაციონარში პაციენტის მოთავსება მინიმუმ 200 ლარი ღირს.

55 წლის თინა, თბილისი: - ფსიქიკურად დაავადებული შვილი მყავს. ციხეში რამდენჯერმე ვენები გადაიჭრა, მთელი სხეული დასერილი ჰქონდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ხმები ჩაესმოდა, ვიღაცას ეჩხუბებოდა გამუდმებით, ვთხოვე, გამომყოლოდა ექიმთან, მაგრამ არ გამომყვა, გიჟი არა ვარო. ვატყობდი, მდგომარეობა უუარესდებოდა. ერთ დღეს მოვკიდე ხელი და ფსიქიატრიულში წავიყვანე. უმძიმესი დიაგნოზი - შიზოფრენია დაუსვეს და დააწვინეს. მას მერე პერიოდულად მიმყავს საავადმყოფოში, მაგრამ რაც დრო გადის, ვხედავ, მისი სახლში ყოფნა, საშიშია. რამდენჯერმე დის მოსაკლავად გაიწია, ერთხელ ძლივს მივუსწარი და დანა წავართვი, ახლაც მეტყობა ნაიარევი. პატრული გამოვიძახე და პოლიციის ძალით მოვათავსეთ ისევ საავადმყოფოში. სამი კვირა გააჩერეს, მერე დამირეკა ექიმმა, წაიყვანეთო. წამოვიყვანე, მაგრამ ისევ აგრესიული იყო და დას მოსაკლავად გამოეკიდა, პატრულს რომ ვიძახებ, მეუბნებიან, ახალი გამოყვანილი გყავთ საავადმყოფოდან, 10 დღე მაინც უნდა გავიდეს, რომ უკან მიიღონო. ამ დროში ხომ შეიძლება ქალიშვილი მომიკლას? 10 დღეც რომ გადის, მერეც პრობლემაა საავადმყოფოში მისი გადაყვანა, გადავსებულია.

როცა გავიგებ, ფსიქიკურად ავადმყოფმა ოჯახის წევრი მოკლა, ადგილს ვერ ვპოულობ. შიშით როდემდე უნდა ვიცხოვრო?

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

იხილეთ ასევე: "ეზოს სათავსოდან თოფი აუღია, ჯერ მამისთვის უსვრია და მერე დედას დადარაჯებია"