"პატრულის თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ, დაეჯახებოდა" - პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც დეპუტატის ვაჟის დევნისთვის დააკავეს
08-10-2017
"პატრულის თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ, დაეჯახებოდა" - პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც დეპუტატის ვაჟის დევნისთვის დააკავეს
"რაციაზე მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "ეჯახება", "გვხოცავს", "მოერიდეთ, არ დაგვინდობს"!

საზოგადოება, 2017 წლის 17 მაისს, გორთან ახლოს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთ­ხვევამ შეძრა. ავარიამ 21 წლის ახალგაზრდა, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია იმსხვერპლა. ხახუბია პატრულის დევნის ოპერაციისას ჩქაროსნულ­ მაგისტრალზე მდგარ ტრაილერს დაეჯახა.­ ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიციამ ამ ტრაილერით გორის გვირაბის გამოსასვლელთან 21 წლის ახალგაზრდას­ გზა ჩაუკეტა­ და სწორედ პოლიციის­ მცდარი მოქმედების ბრალია ავარია. ასე ჩათვალა მთავარმა პროკურატურამაც, რომელმაც ორ პატრულ ინსპექტორს, ზურაბ
რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს, ასევე მათ ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გად­ამეტებისთვის წაუყენა. ამჟამად ყოფილი პოლიციელები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული და საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ელოდებიან."

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა 17 მაისის ავარიის საქმეში არსებული მასალები, მათ შორის პოლიციელების ჩვენებები, რომლითაც ავარიის დღეს განვითარებულ მოვლენებს
მკითხველს დეტალურად ვაჩვენებთ.

საქმის მასალების მიხედვით, ბექა ხახუბია BMW X5-ის მარკის ავტომანქანით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პირველად დაახლოებით დილის 03:00 საათზე ჩნდება. პატრულის პირველივე ეკიპაჟის წევრების ჩვენებით ირკვევა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW მათ კინაღამ დაეჯახა.

პატრულ-ინსპექტორ გ. ჟ.-ის­ ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"საჭესთან მე ვიჯექი. გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა­ მხარეს გაჩერებული ვიყავით, როდესაც უკანა ხედვის სარკეში დავინახე, მეორე სწრაფ ზოლში დიდი სიჩქარით მომავალი შავი ჯიპი, რომლის მოდელი თავიდან ვერ გავარჩიე. როდესაც მოგვიახლოვდა, ჩემი ვარაუდით დაახლოებით 100 მეტრში, ის გადმოვიდა სავალი გზის მეორე სწრაფი ზოლიდან და სვლა ჩვენი მანქანის მიმართულებით დაიწყო. ამ დროს ხმამაღლა დავიყვირე: რას აკეთებს, მე მგონი, გვეჯახება-მეთქი და ინსტინქტურად მთელი ტანით მეწყვილისკენ გადავიწიე. როცა სარკეში ჩავიხედე, დავინახე, რომ შავი ჯიპი წამებში მოუახლოვდა ჩვენი მანქანის უკანა მხარეს, მძღოლმა საჭე აიღო და რამდენიმე სანტიმეტრით სწრაფად ჩაგვიარა. ამავე დროს მან გაბმულად დაასიგნალა".

პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ BMW დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მიქროდა, ვინაიდან 150-160 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი საპატრულო მანქანები ვერ ეწეოდნენ. პირველივე საპატრულო ეკიპაჟის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ისინი ერთადერთი იყვნენ, რომლებმაც ბექა ხახუბიას მანქანა გაჩერებული ნახეს.

გ. ჟ.-ის­ ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი ჯიპი. მეწყვილემაც მითხრა,"გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს, დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა.­ ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა".

ამის შემდეგ დევნის ოპერაციაში ერთვებიან იმჟამინდელი ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, რომელიც საქმეში ბრალდებულია, და მისი მეწყვილე. როდესაც ხაბელაშვილმა ავტომანქანა დაინახა, მისთვის მოძრაობის შეზღუდვა სცადა. როგორც ჩვენებაში ამბობს, BMW X5-ისთვის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით, რომელიც კვლავ დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, მარცხენა ჩქაროსნული ზოლიდან ნელ-ნელა მარჯვენაში გადასვლა დაიწყო.


ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ზოლში თითქმის მთლიანად გადასული ვიყავი, როდესაც ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა სარკეში დავინახე, რომ მარჯვენა მხრიდან ახორციელებდა გასწრებას­ და საჭე მყისიერად მარცხნივ რომ არ ამეღო, უეჭველი დამეჯახებოდა მარჯვნიდან, რის შედეგადაც ჩემი მეწყვილე დაზიანდებოდა".

ამის შემდეგ ათმეთაური ავტომანქანას დაკავებაზე გადასცემს და ასევე მიმართავს მომდევნო საპატრულო ეკიპაჟებს, რომ მისი დევნა გააგრძელონ. დასავლეთის მიმართულებით გორის გვირაბის გამოსასვლელში დევნაში ერთვება კიდევ ერთი ეკიპაჟი, რომელმაც დამრღვევი მძღოლის შეჩერება ასევე გზის შეზღუდვით სცადა.

პატრულ-ინსპექტორ გ.ს.-ის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"იმ დროისთვის საავტომობილო გზის მარჯვენა ზოლში სატვირთო მოძრაობდა. მე გადავედი მარცხენა, ანუ ჩქაროსნულ ზოლში. ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ BMW X5-ის მძღოლს მოძრაობა არ შეენელებინა და დამჯახებოდა, საჭეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი. BMW-ს მოძრაობა არ შეუნელებია, თითქმის მთლიანად გადავიდა სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს საავარიო სიტუაცია შეუქმნა და გზა გააგრძელა".

ამის შემდეგ მოვლენები სოფელ აგარებთან ვითარდება. BMW X5-ის მძღოლს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟმა წრიულ მოძრაობაზე გზა შეუზღუდა და მისი გაჩერება სცადა. თუმცა, BMW X5-ის მძღოლი პოლიციის არც ამ მოთხოვნას დაემორჩილა და პოლიციის კორდონი გაარღვია.

ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"გზაზე გაჩერებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები, თავად კი გადმოსულები იყვნენ მანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟების წინ იდგნენ და ხელით ანიშნებდნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ისევ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პირდაპირ პატრულების მიმართულებით წავიდა და თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ," ფაქტობრივად, დაეჯახებოდა მათ. რაციაზე მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", "მოერიდეთ, არ დაგვინდობს". სიტუაცია უმართავი იყო".
პოლიციის ერთ-ერთი ბოლო წინაღობის გავლის შემდეგ BMW X5-ის მძღოლი ავტომანქანას აბრუნებს და თბილისის მიმართულებით მიდის. ათმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილის დავალებით გორის გვირაბთან პატრულ-ინსპექტორებს, ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს, BMW X5-ისთვის მოძრაობა უნდა შეეზღუდათ
.

პატრულ-ინსპექტორ ზურაბ რუსიშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"ხაბელაშვილმა გვითხრა, ავსულიყავით გვირაბთან, ტრაილ­ერებთან, და სატვირთო ავტომანქანით გადაკეტეთ გზაო, რაც მე და გია სადაღაშვილმა ისე გავიგეთ, რომ ტრაილერით უნდა გადაგვეკეტა საავტომობილო გზის ორი სავალი ზოლი. ადგილზე მისვლამდე მობილური ტელეფონიდან დავურეკე ნუკრი ხაბელაშვილს, რადგან მინდოდა, მას მითითება დაეზუსტებინა. ათმეთაურმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაგვეკეტა საავტომობილო გზა".

რუსიშვილის ჩვენების თანახმად, მან რაციითაც გადასცა ორჯერ, რომ აპირებდა გზის გადაკეტვას, რაზეც მეორე გაფრთხილების შემდეგ გასცეს პასუხი - "გავიგე".

თავის მხრივ, ხაბელაშვილი რუსიშვილთან სატელეფონო საუბრის სხვა შინაარსს აღწერს ჩვენებაში. როგორც ყოფილი ათმეთაური ამბობს, რაციაში სრული­ ქაოსი იყო და ამის გამო მას ტელეფონზე დაუკავშირდა ზურაბ რუსიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ გზას ვერ ზღუდავდნენ, რადგან ტრაილერები იყვნენ გაჩერებული და მძღოლებს ვერ პოულობდნენ.

ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია):


"კაი, დაანებეთ თავი-მეთქი, - სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი. რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, როდესაც ზურაბ რუსიშვილმა რაციით დაიძახა, რომ გზა შეზღუდეს. ამ დროს კი შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა ორჯერ დაიძახა რაციაში, მცხეთა გაფრთხილებულია, გაატარეთ. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ზურაბ რუსიშვილმა და გია სადაღაშვილმა მოძრაობის შეზღუდვის მიზნით გაჩერებული სატვირთო მანქანის სავალი ზოლებიდან გადაყვანა ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ რაციაში გავიგონე გია სადაღაშვილის ხმა,"შეჯახება მოხდა და ყველა სამსახური გამოვიდესო. დაახლოებით 5 წუთში ადგილზე მივედი. ვნახე, რომ BMW X5 ჯერ შეჯახებული იყო მარჯვენა სარეზერვო ზოლში მდგარ ევაკუატორს, რის შემდეგაც ის შეეჯახა საავტომობილო გზაზე ოდნავ ცერად მდგომ სატვირთო ავტომანქანას".

ყოფილი ათმეთაურის ჩვენებით, გზის შეზღუდვის მიუხედავად, BMW X5-ის მძღოლს გზაზე გავლა თავისუფლად შეეძლო, ვინაიდან მარჯვენა მხარეს დაახლოებით სამმეტრ-ნახევარი სიგანის გზა იყო დარჩენილი. საქმის მასალებიდან და პატრულების ჩვენებებიდანაც ირკვევა, რომ როგორც გორის გვირაბი, ასევე მაგისტრალიც განათებული იყო და მძღოლს გზაზე არსებული შეზღუდვა უნდა დაენახა.
გარდა პატრულების ჩვენებებისა, საქმეში დევს ვიდეომასალები, რომლებიც პატრულების სამხრე ვიდეორეგისტრატორებითაა გადაღებული. აღნიშნულ მასალებში საკმაოდ საინტერესო დეტალები იკვეთება. კერძოდ, ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მალევე მიდიან გარდაცვლილი ბექა ხახუბიას ახლობლები.

ერთ-ერთი პირი პოლიციელებს უყვება, რომ ავტომაგისტრალზე მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ხახუბია პოლიციას თბილისში დაუკავებია, ხელბორკილები დაუდვია და განყოფილებაშიც გადაუყვანია, თუმცა, ის მალევე თავისუფალი იყო. დაკავების მიზეზი პოლიციასთან შელაპარაკება გახდა. ასევე ირკვევა, რომ თბილისში ამავე მანქანით გადაადგილებისას მისი მეუღლე 200 ლარით დააჯარიმეს, რამაც როგორც ახლობლები ამბობენ, ბექა ხახუბია გააღიზიანა.

საინტერესოა ასევე ის დეტალიც, რომ ავარიის საქმეში ბექა ხახუბიას დედაქალაქში დაკავების თაობაზე არავითარი დოკუმენტი არ დევს, გარდა ერთისა - პროკურატურის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბექა ხახუბია დაკავებული არ ყოფილა.
ბრალდებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ მათი მოქმედება უკანონო არ ყოფილა და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. ამ მოთხოვნას გორის რაიონულ სასამართლოში ისინი სასამართლო პროცესზე დააყენებენ.

P.S. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, სატვირთოების გარდა, პოლიციას არა აქვს ურჩი მძღოლების გასაჩერებელი საშუალებები? ეს კითხვა გამომძიებლებსაც გაუჩნდათ და ყველა დაკითხულ პატრულს ეკითხებოდნენ, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების სპეციალური საშუალებებიდან რა აქვთ აღჭურვილობაში. ყველა დაკითხულის პასუხი იდენტურია: "ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების სპეციალური საშუალებებიდან ჩემთვის ცნობილია "ზღარბი დიანა", თუმცა, ის აღჭურვილობაში არა გვაქვს".


თორნიკე კოშკაძე
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
12 ოქტომბერი 2017 00:43
არის დაუწერელი კანონიც და აქედან გამომდინარე პატრული უნდა დაისაჯოს,,,,,,,, და დაისჯება აუცილებლად..................................
gavazeli
09 ოქტომბერი 2017 08:11
ამის შემდეგ რომელი პატრული აიტკივებს აუტკივარ თავს და გაბედავს მაღალჩინოსნის ახლობლის გაჩერებას?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები