"ბევრი არგუმენტი მაქვს, რომ ჩემი ძმის სიცოცხლის მჯეროდეს" - კვირის პალიტრა

"ბევრი არგუმენტი მაქვს, რომ ჩემი ძმის სიცოცხლის მჯეროდეს"

"15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა და მითხრა, რომ "23 მარტის" ლიდერი, გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდა..."

ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული იოსებ (სოსო) ოსორაულის მდგომარეობის გარკვევა... ქართველი სამხედრო მფრინავი 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა "23 მარტის" წევრებს ჩაუვარდათ ხელში. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, ავარია მეორე Ми-24-მაც განიცადა, რომლის პილოტიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო. ის დაშავდა, მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა.

სოსოს ძმა, თავადაც სამხედრო მფრინავი გიორგი ოსორაული, სახელმწიფო უწყებებს საკუთარი მოქალაქის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც ამბობს, 8 თვე მხოლოდ დაპირებები ესმოდა, საქმე კი არ ჩანდა, ამიტომ პროტესტის ნიშნად შეიარაღებული ძალები დატოვა...

- ხშირად მესმის, რატომ წავიდა კონგოშიო... იმიტომ წავიდა, რომ ოჯახი - ოთხი შვილი ჰყავს სარჩენი, არც ერთი აპარატი არ დაფრინავდა და სამხედრო მფრინავი მთელი წელი უსაქმოდ ვერ გაჩერდებოდა. ერთადერთი გამოსავალი სხვა ქვეყანაში წასვლა იყო. წასვლამდე ჰქონდა კავშირი იმ მფრინავებთან, რომლებიც კონგოში მსახურობდნენ, თუმცა, კერძოდ ვისთან, არ ვიცი... ტყვედ ჩავარდნამდე იქ ინსტრუქტორად მსახურობდა.

- სოსოს ტყვედ ჩავარდნის შესახებ როდის გაიგეთ?

- მეორე დღესვე. სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორი საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოვარდაო. მაშინვე მივხვდი, ერთი-ერთი ჩემი ძმა იქნებოდა... ასეც აღმოჩნდა. ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ ცოცხალი იყო... სოსოს დატყვევების შესახებ 28 იანვარს კონგოში მყოფმა ქართველებმა შემატყობინეს. შემდეგ კი ჩემი კავშირებით ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას.

15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა და მითხრა, რომ "23 მარტის" ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდა...

ვუთხარი, ამ თანხას ჩემი ოჯახი ვერასდროს გადაიხდის-მეთქი. მირჩია, საქველმოქმედო ფონდი გახსენი და საქართველოს მთავრობას ფულის მოგროვებაში დახმარება სთხოვეო... მან მომაწოდა ორი ვიდეომასალაც, რომლებიდანაც ერთ-ერთი ივნისში ქართულ მედიასივრცეში აღმოჩნდა... 23 თებერვლამდე საქართველოს სახელმწიფო უწყებები დუმდნენ, არადა, შეუძლებელია, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ ჰქონოდა...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მითხრეს, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ კონგოს ოფიციალურ წერილს ველოდებოდითო... ოფიციალური წერილი 22 თებერვალს მიიღეს და 23-ში დამიბარეს. მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქმის მოგვარება ერთ-ერთ მენეჯერს დაავალა. მაშინ ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებდი, რადგან ჩემი ძმის გათავისუფლებაში სახელმწიფო სტრუქტურები მეხმარებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ მჯეროდა, რომ სახელმწიფო, თავისი მოქალაქის დასაცავად, ყველაფერს გააკეთებდა... მივაწოდე ის მასალები, რაც ხელთ მქონდა და გადავეცი ბერნარდის მოთხოვნა, მილიონი დოლარის გადახდის თაობაზე. მითხრეს, სახელმწიფო ფულს ვერ გადაიხდისო. თანხას არ გთხოვთ, რადგან თქვენ მეტი შესაძლებლობა გაქვთ, ჩემს ძმასთან მაინც დამაკავშირეთ-მეთქი... შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბოხებულებს დაუკავშირდა და მითხრეს, - ისინი თანხას საერთოდ არ ითხოვენო. სამინისტროში სოსოს ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა მაჩვენეს...

აპრილის დასაწყისში, მეორე შეხვედრაზე მითხრეს, ამბოხებულთა ლიდერებთან შესახვედრად ჯგუფი გაიგზავნაო და 21 აპრილს გადაღებული ვიდეომასალა მაჩვენეს - ამბოხებულებთან მოლაპარაკება შედგაო.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს ვისთან ჰქონდა კავშირი?

- როგორც მეუბნებოდნენ, გენერალ მაკენგასთან და "23 მარტის" მოძრაობის ლიდერ ბერტრან ბისიმვასთან, რომელიც მათი პოლიტიკური ლიდერია... ველოდებოდი, რომ სოსოს "წითელ ჯვარს" გადასცემდნენ, თუმცა, 14 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიბარეს - ბერტრან ბისიმვამ მოგვაწოდა ინფორმაცია სოსოს სავარაუდო დაღუპვის შესახებო... ერთი ვერსიით, სოსო 25-კაციან ჯგუფთან ერთად დახვრიტეს, მეორით - რაღაც ჯგუფმა შესთავაზა სოსოს შეერთება, მან უარი უთხრა და მოკლესო...

24 მაისს კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროსა და ბისიმვას ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, სოსო ოსორაული, სავარაუდოდ, შეტაკების დროს დაიღუპა...

ამ დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უწყებისა და აფრიკაში მყოფი ქართველების გარდა, კავშირი არავისთან მქონდა... საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ დაკავშირება ვცადე გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მისი ძალისხმევით გამოიხსნეს სიკვდილმისჯილი ქალები მალაიზიიდან და ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეებისგან... ცოტა ხანში ურთიერთობა დამეძაბა სამინისტროსთან - ხელი შეგვიშალეო... არადა, თავიდანვე ვთხოვე ამ უწყებას, თუ ჩემს ძმას ვერ გამოიხსნით, დრო მაინც არ დამაკარგვინოთ-მეთქი.

აშკარაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა - არ არის კაცი, არ არის პრობლემა. უკვე გასაგებია, რატომაც მითხრეს, ფულს არ ითხოვენო. თავიდან გამაფრთხილეს, სახელმწიფო ფულს ვერ გადაიხდისო... ყველაფერი უნდა გამეყიდა, დარჩენილი თანხა ფონდის საშუალებით მომეგროვებინა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვებოდა, - სახელმწიფო რატომ არაფერს აკეთებსო და თავი დაიზღვიეს... შეუძლებელია, კონგოელებს ფული არ მოეთხოვათ, კეთილი ნებით ისინი არაფერს თმობენ... თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ ვერსიას: შესაძლოა, ამბოხებულები სოსოს გათავისუფლების სანაცვლოდ მათი ლიდერისა და გენერლის, ბოსკო ნტაგანდას გადაცემას ითხოვდნენ, რომელსაც ჩადენილი არაერთი დანაშაულისთვის სამხედრო ტრიბუნალი ელოდება...

- შემდეგ აქციის გამართვა გადაწყვიტეთ, არა?

- როდესაც მივხვდი, რომ არაფერი გამოდიოდა, 7 ივლისის აქცია დავაანონსე. მაშინ ჯერ კიდევ სამხედრო პირი ვიყავი და ჩემს ხელმძღვანელობას ამის გამო უსაყვედურეს. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოვითხოვე და 5 ივლისს ჩემს სარდალთან ერთად შევხვდი ლევან იზორიას. ვითარება ავუხსენი და ვუთხარი, კონგოში უნდა წავიდე და შევხვდე იქაურ გენერლებს, რომლებიც ახლაც ამტკიცებენ, რომ სოსო ცოცხალია... მითხრა, შესაძლოა, ეს თემა ვინმემ წინასაარჩევნოდ გამოიყენოსო და შემპირდა, რომ დამეხმარებოდა, დაელაპარაკებოდა პრემიერს... შემდეგ გამაგებინეს, 12 აგვისტოს კონგოში ჩასვლა და გენერლებთან შეხვედრა იგეგმებოდა... 14 აგვისტომდე არავინ გამოჩნდა. შევეხმიანე უწყებას - მინისტრი გერმანიაშია, ავღანეთში დაჭრილი ბიჭების მოსანახულებლადო... შემდეგ ხანძრები დაემთხვა და როდესაც ეს ყველაფერი მიწყნარდა, სექტემბრის დასაწყისში შემომითვალეს: საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ინფორმაციას ფლობს და კონგოში ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავსო! მეც მფრინავი ვარ.

2 სექტემბერს დავწერე პატაკი, მინისტრ ლევან იზორიას სახელზე, სამსახურიდან წასვლის თაობაზე (პროტესტის ნიშნად). 15 სექტემბერს დამიკმაყოფილეს... ვნანობ ჩემს ყველა ნაბიჯს, რაც მთავრობის წევრებთან და მთავრობასთან მაკავშირებდა.

- იქ მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავები რა ინფორმაციას ფლობენ?

- სოსოს სავარაუდო დაღუპვის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათ საქართველოდან გაიგეს. ამაზე იმ გენერლებმაც არაფერი იციან, ვისთანაც იქ მყოფ ქართველებს აქვთ ურთიერთობა და ამბობენ, რომ სოსო ცოცხალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონგოს დემოკრატიული ხელისუფლება სოსოს ოჯახს ჩემი ძმის კუთვნილ ხელფასს დღემდე უხდის. შეუძლებელია მათ სოსოს დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ასე რომ, ძალიან ბევრი საეჭვო დეტალია...

- თქვენ ვისთანაც გქონდათ ურთიერთობა ამბოხებულთა მხრიდან, ის რას ამბობს თქვენს ძმაზე?

- მან მომწერა, დავალება რომ ვერ შევასრულე, ამ საქმეს ჩამომაშორესო... თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაბლოკა და ეს მხოლოდ ჩემი ვერსია არ არის, ამის შესახებ კონგოდანაც მოვიდა ინფორმაცია... ამბობენ, რომ ის ადგილიც კი იციან, სადაც სოსო არის დამარხული, მე კი ბევრი არგუმენტი მაქვს, რომ მისი სიცოცხლის მჯეროდეს...

როდის ცხადდება პირი გარდაცვლილად

საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ ადგილს არ დაუბრუნდა, სასამართლოს შეუძლია, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ "პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წელი არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ არ მოიპოვება, ან თუ "პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება, სასამართლოს შეუძლია ის გარდაცვლილად გამოაცხადოს.

როგორ იბრძოდა ოსორაული აგვისტოს ომში

ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით. 11 აგვისტოს კი ოსორაულმა რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.

პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წელს, მცირე ხნით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა, 2015 წლის მარტში კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.

2010 წელს, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, ხუთ ქართველ მფრინავთან ერთად,"ენვერის" გახმაურებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად რუსეთის ჯაშუშობა წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებით გაუშვეს, ოთხ მფრინავს, ვინც ბრალი არ აღიარა, 11 წელი, პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ყველა მფრინავი, მათ შორის, პლუჟნიკოვი, 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.

ლალი პაპასკირი