"საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა - არ არის კაცი, არ არის პრობლემა" - აფრიკული ჯუნგლების ქართული ტრაგედია - კვირის პალიტრა

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა - არ არის კაცი, არ არის პრობლემა" - აფრიკული ჯუნგლების ქართული ტრაგედია

"გასაგებია, რატომაც მითხრეს, ფულს არ ითხოვენო. თავიდან გამაფრთხილეს, სახელმწიფო ფულს ვერ გადაიხდისო..."

ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული იოსებ (სოსო) ოსორაულის მდგომარეობის გარკვევა... ქართველი სამხედრო მფრინავი 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა "23 მარტის" წევრებს ჩაუვარდათ ხელში.

გაზეთ კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან სოსოს ძმა, თავადაც სამხედრო მფრინავი გიორგი ოსორაული, სახელმწიფო უწყებებს საკუთარი მოქალაქის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც ამბობს, 8 თვე მხოლოდ დაპირებები ესმოდა, საქმე კი არ ჩანდა, ამიტომ პროტესტის ნიშნად შეიარაღებული ძალები დატოვა... გთავაზობთ ამონარიდენს სტატიიდან:

- 15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა და მითხრა, რომ "23 მარტის" ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდა...

23 თებერვლამდე საქართველოს სახელმწიფო უწყებები დუმდნენ, არადა, შეუძლებელია, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ ჰქონოდა...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მითხრეს, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ კონგოს ოფიციალურ წერილს ველოდებოდითო... ოფიციალური წერილი 22 თებერვალს მიიღეს და 23-ში დამიბარეს. მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქმის მოგვარება ერთ-ერთ მენეჯერს დაავალა. მაშინ ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებდი, რადგან ჩემი ძმის გათავისუფლებაში სახელმწიფო სტრუქტურები მეხმარებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ მჯეროდა, რომ სახელმწიფო, თავისი მოქალაქის დასაცავად, ყველაფერს გააკეთებდა... მივაწოდე ის მასალები, რაც ხელთ მქონდა და გადავეცი ბერნარდის მოთხოვნა, მილიონი დოლარის გადახდის თაობაზე...

შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბოხებულებს დაუკავშირდა და მითხრეს, - ისინი თანხას საერთოდ არ ითხოვენო. სამინისტროში სოსოს ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეომასალა მაჩვენეს...

აპრილის დასაწყისში, მეორე შეხვედრაზე მითხრეს, ამბოხებულთა ლიდერებთან შესახვედრად ჯგუფი გაიგზავნაო და 21 აპრილს გადაღებული ვიდეომასალა მაჩვენეს - ამბოხებულებთან მოლაპარაკება შედგაო.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს ვისთან ჰქონდა კავშირი?

- როგორც მეუბნებოდნენ, გენერალ მაკენგასთან და "23 მარტის" მოძრაობის ლიდერ ბერტრან ბისიმვასთან, რომელიც მათი პოლიტიკური ლიდერია... ველოდებოდი, რომ სოსოს "წითელ ჯვარს" გადასცემდნენ, თუმცა, 14 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიბარეს - ბერტრან ბისიმვამ მოგვაწოდა ინფორმაცია სოსოს სავარაუდო დაღუპვის შესახებო... ერთი ვერსიით, სოსო 25-კაციან ჯგუფთან ერთად დახვრიტეს, მეორით - რაღაც ჯგუფმა შესთავაზა სოსოს შეერთება, მან უარი უთხრა და მოკლესო...

...

ამ დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უწყებისა და აფრიკაში მყოფი ქართველების გარდა, კავშირი არავისთან მქონდა... საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ დაკავშირება ვცადე გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მისი ძალისხმევით გამოიხსნეს სიკვდილმისჯილი ქალები მალაიზიიდან და ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეებისგან... ცოტა ხანში ურთიერთობა დამეძაბა სამინისტროსთან - ხელი შეგვიშალეო... არადა, თავიდანვე ვთხოვე ამ უწყებას, თუ ჩემს ძმას ვერ გამოიხსნით, დრო მაინც არ დამაკარგვინოთ-მეთქი.

აშკარაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა - არ არის კაცი, არ არის პრობლემა. უკვე გასაგებია, რატომაც მითხრეს, ფულს არ ითხოვენო. თავიდან გამაფრთხილეს, სახელმწიფო ფულს ვერ გადაიხდისო...

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად