საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს - თბილისის სამმართველოშია გადაყვანილი ბოკუჩავას ქმარი - კვირის პალიტრა

საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს - თბილისის სამმართველოშია გადაყვანილი ბოკუჩავას ქმარი

თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

საკრებულოსთან აქციაზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი თბილისის სამმართველოში იმყოფება.

როგორც კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, აქციაზე პოლიციის მხრიდან მისი მეუღლის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ "ძალიან უხეში დამოკიდებულება იყო" და ის თავის მეუღლეს გამოესარჩლა.

"ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, დიღომში, არ ვიცი რას მედავებიან. აქციაზე უცებ წრე დამარტყეს, ძალიან დიდი ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში. ჯერ გადამიყვანეს თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, ახლა მოვედით ქალაქის სამმართველოში. არ ვიცი რას მედავებიან, ალბათ იმას, რაც ხდებოდა ქალაქის საკრებულოს წინ, როდესაც დეპუტატებს არ უშვებდნენ შენობაში. პოლიციამ დაიწყო ძალადობა მოქალაქეების წინაშე, კერძოდ, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელიც არის ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს გამოვესარჩლე. ვცდილობდი პოლიციელები მომეშორებინა მისგან, ალბათ ისინი ამ ფაქტმა გაანაწყენა", - განაცხადა კოტე იოსელიანმა. მისივე ინფორმაციით, ის ჯერ ადვოკატს არ დაკავშირებია.

იხილეთ ასევე: თინა ბოკუჩავამ საკრებულოში ჯებირის გადალახვით სცადა შეღწევა - არეულობა საკრებულოში