"თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში"
16-10-2017
"თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში"
რატომ შეიქმნა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით", - ამ სიტყვებით იწყებს­ გამოსამშვიდობებელ წერილს მამუკა ნანიკაშვილი. მერე სახლში იკეტება, საძილე აბებს იღებს, გაზქურიდან ბუნებრივ აირს უშვებს და... კიდევ ერთი (ვინ იცის, მერამდენე) ახალგაზრდის ცხოვრება მთავრდება... გასულ წელს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ლუდომანია გახდა.

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი მოვიდა. გამწარებული დედა ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობს და დახმარებას ითხოვს.

"ჩემს ცხოვრებას ახლა ბრძოლა ჰქვია"


"რაიონში ვცხოვრობდით. ორი შვილი
მყავს, ქალ-ვაჟი. ორივე სამაგალითო მოსწავლეები იყვნენ, განსაკუთრებით ბიჭი. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გამოვუშვი თბილისში, ჩემს ნათესავებთან. მეორე კურსზე იყო, როცა ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, გიორგი უცნაურად იქცევა და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. თურმე გვიან ღამით შედიოდა სახლში, დილით კი, მაშინ, როცა ლექციებზე უნდა წასულიყო,
შუადღემდე ეძინა. როცა თბილისში ჩამოვედი, გიორგი იმ ღამით სახლში არ მოსულა. სასწავლებელში მივაკითხე, არც იქ დამხვდა. დეკანატში რომ ავედი, მითხრეს, თქვენს შვილზე არასასიამოვნო ინფორმაცია ჩვენს ყურამდეც მოვიდაო. თურმე გიორგის ჯგუფელების მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები ჰქონია დალომბარდებული.

მას შემდეგ შვილი დავკარგე, ვაკით­ხავდი სასწავლებელში და ვეხვეწებოდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ... თვითონ უარყოფდა, რომ თამაშობდა. ბოლოს, რისიც მეშინოდა, ის მოხდა, დაიჭირეს, თანაკურსელის დალომბარდებ­ული კომპიუტერის დაუბრუნებლობისთვის. ექვსი თვე მოიხადა სასჯელი.
მე მაშინ მოვკვდი, ახლა ცოცხალი აღარ ვარ... ციხეში მხოლოდ ერთხელ შევ­ძელი მისვლა. მთხოვა, ოღონდ ახლა დამეხმარეთ აქედან გამოსვლაში და გამოვსწორდებიო. ციხიდან რომ გამოვიდა, სხვანაირი გახდა. მითხრა, დედა, კარგად გავაცნობიერე შეცდომები და აღარ გავიმეორებო.
თითქმის ნახევარი წელი ითმენდა. სახლში ლოცვებს კითხულობდა. მთხოვა­, უფლება მომეცი, სწავლა გავაგრძელოო. შემპირდა, გულს აღარასოდეს გატკენო, მაგრამ თხოვნა რომ ავუსრულე, ცოტა ხანში ისევ შევატყვე, რომ უცნაურად იქც­ეოდა, თანდათან ოჯახიდან ნივთები ქრებოდა. ერთხელ ბიძამისს ფული სთხოვა­ და მაშინვე მივხვდი, რომ ისევ თამაშის ლაბირინთებში გაიხლართა.

მაშინ, როცა თამაშის "ლომკა" ეწყება, მთლიანად ეცვლება სახის გამომეტყველება. ასეთ დროს მგონია, სულ სხვა ადამი­ანია მის სხეულში. თვალები უფართოვდება და ძალიან აგრესიული ხდება. ისეთი, თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში. მას შველა უნდა, დედის გარდა, ვის შეუძლია, დაეხმაროს ამ სირთულის დაძლევაში? მაგრამ უძლური აღმოვჩნდი, ვერ ვუმკლავდები ამ უბედურებას".

დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ


ცოტა ხნის წინ შეიქმნა მოძრაობა, რომლის მიზანი თამაშდამოკიდებულთა გადარჩენაა. მოძრაობაში დედები გაერთიანდნენ; ქალები, რომელთა შვილები,­ მეუღლეები და ოჯახის სხვა წევრები­ აზარტმა ჩაითრია. თამრიკო ჯაფარი­ძემ დაკარგული შვილის დასაბრუნებლად­ ტირილსა და დარდს მოქმედება ამჯობინა. ასე ჩაეყარა საფუძველი მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

თამრიკო ჯაფარიძე, სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი:

- მეც ლუდომანის დედა ვარ, როგ­ორც სხვა ბევრი. გამწარებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რითიც ჩემსა და სხვის შვილებსაც ვიხსნიდი აზარტული თამაშების კლანჭებისგან. ასე მომივიდა იდეა, დამეფუძნებინა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

მალევე გამოჩნდნენ თანამებრძოლები. ნელ-ნელა გაიზარდა ეს წრე და გარდა საქართველოსი, იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოგვიერთდნენ ქართველი ემიგრანტი ქალები. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და საკითხი სამთავრობო გუნდთან განსახილველად გავიტანეთ. ამ ეტაპზე იქმნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ, რომელშიც ჩვენი მოძრაობაც მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ კანონპროექტის დეტალები, გამოვთქვით შენიშვნები, ერთ-ერთი მუხლი მეტად საფრთხილოა, ის გულისხმობს აზარტული­ თამაშების აკრძალვას 21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რასაც არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, ასაკი 40 წლამდე გაიზარდოს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა.

ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ახლახან ჩაატარა კვლევა არასრულწლოვან მოთამ­აშეებთან, სკოლის მოსწავლეებთან. შედეგი კატასტროფული და საგანგაშოა - მოსწავლეთა 15% დამოკიდებულია აზარტულ ონლაინთამაშებზე.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- თუ მთავრობა გამოიჩენს კეთილ ნებას და ამაში ჩაერთვება ყველა მოქ­ალაქე, აუცილებლად დავიხსნით თავს აზარტული თამაშების ჭაობიდან. მოთხოვნა ასეთია:

საქართველოს მოქალაქეს აეკრძალოს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ყველა მსგავსი დაწესებულება დედაქალაქიდან გადავიდეს ქალაქგარეთ; შეიქმნას მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, რათა დაწესებულებაში შესვლის მცდელობისთანავე იქნეს პიროვნება იდენტიფიცირებული, აიკრძალოს სარეკლამო სივრცე მედიასაშუალებებში. აუცილებლად უნდა შექმნას მთავრობამ მოთამაშეთა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი. ვითხოვთ, სკოლებში ტრენინგების ციკლის დაწყებას აზარტული თამაშების საფრთხეების შესახებ. აუცილებელია, ამოქმედდეს მაკონტროლებელი ბერკეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა დასწრებას.

უნდა აიკრძალოს ონლაინთამაშების ვებ­გვერდები. ეს იგივე მინიკაზინოა. მივმართავ ყველა დედას, იყავით ფხიზლად! შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ თამაშის წინააღმდეგ. მთავარია, არ შეგრცხვეთ ამ პრობლემის გამხელა. ეს დაავადებაა და შველა უნდა. ოჯახის თანადგომით, საზოგადოებისგან გაურიყავად და მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით გადავარჩენთ დაავადებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს.

ახალგაზრდობას ვკარგავთ აზარ­ტული თამაშების მორევში. ერი კნინ­დება და უპერსპექტივო ხდება. გამო­უვალ მდგომარეობაში ჩავარ­დნილი ახალ­გაზრდები სიცოცხლეს თვით­მკვ­ლე­ლობით ასრულებენ, მანამდე კი ათასგვარ ფინანსურ მაქინაციებს სჩადიან. ოჯახს გაპარტახებულს ტოვებენ, მერე ახლობლებსა და ნათესავებში ეძებენ საკბილოს, ვისი კრედიტისტორიაც სუფ­თაა და შეუძლიათ კრედიტის აღება, განვადებით გამოაქვთ საოჯახო ნივთები და ნახევარ ფასად ყიდიან. მერე, როცა ეს რესურსიც იწურება, იქმნება თაღლითური სქემები ფულის მოსაძიებლად. არასრულწლოვნების ერთ ნაწილს გამოტანილი აქვს ოჯახის რომელიმე წევრზე ონლაინსესხები, მერე ფატალური შედეგი დგება და მაშინ ყველა წუხს, წუხს, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არავინ დგამს, მხოლოდ დედები ებრძვიან ამ მძიმე სენს. სენს, რომელმაც თაობა შეიწირა. თუ წინ არ აღვუდგებით ამ საშინელ და ლამის მეტასტაზებივით მომრავლებულ ონლაინკაზინოებს და სხვა სათამაშო დაწესებულებებს. მდგომარეობა სულ უფრო სავალალო გახდება.

უამრავი დედა მარტოა ამ პრობლემის პირისპირ, საჯაროდ საუბარს ერი­დებიან. დღეს მე გავბედე, ხვალ სხვამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ყველა გავერ­თიანდეთ. ჩვენ აღარა გვაქვს გაჩუმების უფლება. მე დღეს ყველა აზარტული შვილის დედა ვარ. ვიბრძვი ახალგაზრდების გადარჩენისთვის. მჯერა, ბევრი თანამოაზრე და ამ პრობლემით გამწარებული ადამიანი დამიდგება მხარში.

ჩვენთვის, გამწარებული მშობლებისთვის, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა მაშინ, როდესაც "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" სწორედ ამის შემდეგ დაიძრა ყინული და თუ ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციები, რომელიც ჩვენს შვილებს სასიკვდილო თამაშებისგან დაიცავს, ამაში თქვენი მედიასახლის დამსახურებაც უდიდესი იქნება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
marika
07 ნოემბერი 2017 05:31
saxelmcipom unda miigos regulaciebi da mere chven kvelam

30 ოქტომბერი 2017 14:20
მინდა გალღვეს დაძრული ყინული,ეშველოს ყველა მეზღვაურს,რათა არ ჩაიძირონ ოჯეანის ფსკერზე!ღმერთმა უშველოს ყველას,ვინც ხელი მოჰკიდა და შეეჭიდა კეთილშობილურ საქმეს!თამარ ჯაფარიძე -მე მჯერა,რომ გაიმარჯვებთ და დაამარცხებთ ეშმაკს,ღმერთი თქვენსკენ!!!!
Nanü
30 ოქტომბერი 2017 09:01
Mogesalmabit ......getanxmebit ra tqma unda iset mdgomareobashia cveni axalgazrdoba am maxeess bolo unda. Moeğos da kanoni saswrapod unda sheicvaloss

რედაქტორის რჩევით