"თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში" - კვირის პალიტრა

"თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში"

რატომ შეიქმნა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ"

"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით", - ამ სიტყვებით იწყებს გამოსამშვიდობებელ წერილს მამუკა ნანიკაშვილი. მერე სახლში იკეტება, საძილე აბებს იღებს, გაზქურიდან ბუნებრივ აირს უშვებს და... კიდევ ერთი (ვინ იცის, მერამდენე) ახალგაზრდის ცხოვრება მთავრდება... გასულ წელს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ლუდომანია გახდა.

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი მოვიდა. გამწარებული დედა ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობს და დახმარებას ითხოვს.

"ჩემს ცხოვრებას ახლა ბრძოლა ჰქვია"

"რაიონში ვცხოვრობდით. ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. ორივე სამაგალითო მოსწავლეები იყვნენ, განსაკუთრებით ბიჭი. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გამოვუშვი თბილისში, ჩემს ნათესავებთან. მეორე კურსზე იყო, როცა ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, გიორგი უცნაურად იქცევა და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. თურმე გვიან ღამით შედიოდა სახლში, დილით კი, მაშინ, როცა ლექციებზე უნდა წასულიყო, შუადღემდე ეძინა. როცა თბილისში ჩამოვედი, გიორგი იმ ღამით სახლში არ მოსულა. სასწავლებელში მივაკითხე, არც იქ დამხვდა. დეკანატში რომ ავედი, მითხრეს, თქვენს შვილზე არასასიამოვნო ინფორმაცია ჩვენს ყურამდეც მოვიდაო. თურმე გიორგის ჯგუფელების მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები ჰქონია დალომბარდებული.

მას შემდეგ შვილი დავკარგე, ვაკითხავდი სასწავლებელში და ვეხვეწებოდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ... თვითონ უარყოფდა, რომ თამაშობდა. ბოლოს, რისიც მეშინოდა, ის მოხდა, დაიჭირეს, თანაკურსელის დალომბარდებული კომპიუტერის დაუბრუნებლობისთვის. ექვსი თვე მოიხადა სასჯელი.

მე მაშინ მოვკვდი, ახლა ცოცხალი აღარ ვარ... ციხეში მხოლოდ ერთხელ შევძელი მისვლა. მთხოვა, ოღონდ ახლა დამეხმარეთ აქედან გამოსვლაში და გამოვსწორდებიო. ციხიდან რომ გამოვიდა, სხვანაირი გახდა. მითხრა, დედა, კარგად გავაცნობიერე შეცდომები და აღარ გავიმეორებო.

თითქმის ნახევარი წელი ითმენდა. სახლში ლოცვებს კითხულობდა. მთხოვა, უფლება მომეცი, სწავლა გავაგრძელოო. შემპირდა, გულს აღარასოდეს გატკენო, მაგრამ თხოვნა რომ ავუსრულე, ცოტა ხანში ისევ შევატყვე, რომ უცნაურად იქცეოდა, თანდათან ოჯახიდან ნივთები ქრებოდა. ერთხელ ბიძამისს ფული სთხოვა და მაშინვე მივხვდი, რომ ისევ თამაშის ლაბირინთებში გაიხლართა.

მაშინ, როცა თამაშის "ლომკა" ეწყება, მთლიანად ეცვლება სახის გამომეტყველება. ასეთ დროს მგონია, სულ სხვა ადამიანია მის სხეულში. თვალები უფართოვდება და ძალიან აგრესიული ხდება. ისეთი, თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში. მას შველა უნდა, დედის გარდა, ვის შეუძლია, დაეხმაროს ამ სირთულის დაძლევაში? მაგრამ უძლური აღმოვჩნდი, ვერ ვუმკლავდები ამ უბედურებას".

დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ შეიქმნა მოძრაობა, რომლის მიზანი თამაშდამოკიდებულთა გადარჩენაა. მოძრაობაში დედები გაერთიანდნენ; ქალები, რომელთა შვილები, მეუღლეები და ოჯახის სხვა წევრები აზარტმა ჩაითრია. თამრიკო ჯაფარიძემ დაკარგული შვილის დასაბრუნებლად ტირილსა და დარდს მოქმედება ამჯობინა. ასე ჩაეყარა საფუძველი მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

თამრიკო ჯაფარიძე, სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი:

- მეც ლუდომანის დედა ვარ, როგორც სხვა ბევრი. გამწარებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რითიც ჩემსა და სხვის შვილებსაც ვიხსნიდი აზარტული თამაშების კლანჭებისგან. ასე მომივიდა იდეა, დამეფუძნებინა მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

მალევე გამოჩნდნენ თანამებრძოლები. ნელ-ნელა გაიზარდა ეს წრე და გარდა საქართველოსი, იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოგვიერთდნენ ქართველი ემიგრანტი ქალები. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და საკითხი სამთავრობო გუნდთან განსახილველად გავიტანეთ. ამ ეტაპზე იქმნება კანონპროექტი აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ, რომელშიც ჩვენი მოძრაობაც მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ კანონპროექტის დეტალები, გამოვთქვით შენიშვნები, ერთ-ერთი მუხლი მეტად საფრთხილოა, ის გულისხმობს აზარტული თამაშების აკრძალვას 21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რასაც არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, ასაკი 40 წლამდე გაიზარდოს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებში დაახლოებით 400 000 კაცი თამაშობს. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდეა.

ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ახლახან ჩაატარა კვლევა არასრულწლოვან მოთამაშეებთან, სკოლის მოსწავლეებთან. შედეგი კატასტროფული და საგანგაშოა - მოსწავლეთა 15% დამოკიდებულია აზარტულ ონლაინთამაშებზე.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- თუ მთავრობა გამოიჩენს კეთილ ნებას და ამაში ჩაერთვება ყველა მოქალაქე, აუცილებლად დავიხსნით თავს აზარტული თამაშების ჭაობიდან. მოთხოვნა ასეთია:

საქართველოს მოქალაქეს აეკრძალოს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ყველა მსგავსი დაწესებულება დედაქალაქიდან გადავიდეს ქალაქგარეთ; შეიქმნას მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, რათა დაწესებულებაში შესვლის მცდელობისთანავე იქნეს პიროვნება იდენტიფიცირებული, აიკრძალოს სარეკლამო სივრცე მედიასაშუალებებში. აუცილებლად უნდა შექმნას მთავრობამ მოთამაშეთა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი. ვითხოვთ, სკოლებში ტრენინგების ციკლის დაწყებას აზარტული თამაშების საფრთხეების შესახებ. აუცილებელია, ამოქმედდეს მაკონტროლებელი ბერკეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა დასწრებას.

უნდა აიკრძალოს ონლაინთამაშების ვებგვერდები. ეს იგივე მინიკაზინოა. მივმართავ ყველა დედას, იყავით ფხიზლად! შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ თამაშის წინააღმდეგ. მთავარია, არ შეგრცხვეთ ამ პრობლემის გამხელა. ეს დაავადებაა და შველა უნდა. ოჯახის თანადგომით, საზოგადოებისგან გაურიყავად და მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებით გადავარჩენთ დაავადებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს.

ახალგაზრდობას ვკარგავთ აზარტული თამაშების მორევში. ერი კნინდება და უპერსპექტივო ხდება. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ, მანამდე კი ათასგვარ ფინანსურ მაქინაციებს სჩადიან. ოჯახს გაპარტახებულს ტოვებენ, მერე ახლობლებსა და ნათესავებში ეძებენ საკბილოს, ვისი კრედიტისტორიაც სუფთაა და შეუძლიათ კრედიტის აღება, განვადებით გამოაქვთ საოჯახო ნივთები და ნახევარ ფასად ყიდიან. მერე, როცა ეს რესურსიც იწურება, იქმნება თაღლითური სქემები ფულის მოსაძიებლად. არასრულწლოვნების ერთ ნაწილს გამოტანილი აქვს ოჯახის რომელიმე წევრზე ონლაინსესხები, მერე ფატალური შედეგი დგება და მაშინ ყველა წუხს, წუხს, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არავინ დგამს, მხოლოდ დედები ებრძვიან ამ მძიმე სენს. სენს, რომელმაც თაობა შეიწირა. თუ წინ არ აღვუდგებით ამ საშინელ და ლამის მეტასტაზებივით მომრავლებულ ონლაინკაზინოებს და სხვა სათამაშო დაწესებულებებს. მდგომარეობა სულ უფრო სავალალო გახდება.

უამრავი დედა მარტოა ამ პრობლემის პირისპირ, საჯაროდ საუბარს ერიდებიან. დღეს მე გავბედე, ხვალ სხვამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ყველა გავერთიანდეთ. ჩვენ აღარა გვაქვს გაჩუმების უფლება. მე დღეს ყველა აზარტული შვილის დედა ვარ. ვიბრძვი ახალგაზრდების გადარჩენისთვის. მჯერა, ბევრი თანამოაზრე და ამ პრობლემით გამწარებული ადამიანი დამიდგება მხარში.

ჩვენთვის, გამწარებული მშობლებისთვის, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა მაშინ, როდესაც "პალიტრამედიამ" დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" სწორედ ამის შემდეგ დაიძრა ყინული და თუ ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციები, რომელიც ჩვენს შვილებს სასიკვდილო თამაშებისგან დაიცავს, ამაში თქვენი მედიასახლის დამსახურებაც უდიდესი იქნება.

თორნიკე ყაჯრიშვილი