იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა - კვირის პალიტრა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლის პოზიციაზე 38 კანდიდატიდან 34 გაამწესა, დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა კი საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან: თამარ ალანია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა პალატა; დიმიტრი გვრიტიშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) ; მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა(თავმჯდომარე); ვასილ მშვენიერაძე- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვები.

რაც შეეხებათ კანდიდატებს, რომლებმაც უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი მიიღეს, მათი სია ასე გამოიყურება: ელისო ტუკვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; აბშილავა ირაკლი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო; გაბრიჩიძე ეკატერინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; როინ კახიძე - ცაგერის რაიონული სასამართლო.

კენჭისყრის პროცესი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა, რომელიც რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. კენჭისყრაში კი მონაწილეობა საბჭოს 15 წევრიდან 11-მა მიიღო. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. კენჭისყრას ასევე საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ლევან თევზაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მივლინებაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"