"წულაია ხშირად ახსენებდა კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ბარამიძეს..." - რატომ უჩივის გოჩა მაჩაიძე დეპუტატს?
01-11-2017
"წულაია ხშირად ახსენებდა კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ბარამიძეს..." -  რატომ უჩივის გოჩა მაჩაიძე დეპუტატს?
"ყველა პირობას რომ არ დავ­თანხმებულიყავი, დავიღუპებოდი"

გოჩა მაჩაიძე: "როდესაც წულაიას წინააღმდე სარჩელს ვამზადებდი, ჩემს ადვოკატებს ვუთხარი, კაცი დეპუტატია და თუ რამეში ვცდები, ქვეყნის დასაცინს ნუ გამხდით-მეთქი. მითხრეს, პრეზიდენტიც რომ იყოს, ეს საქმე მოგებულიაო"


ბიზნესმენი და ყოფილი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე დეპუტატ ილია წულაიას სასამართლოში უჩივის, დეტალებზე კი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

"უკანდასახევი გზა მოჭრილი მქონდა, ამიტომ კაბალურ შეთანხმებებზე ვთანხმდებოდი"

- 2011 წლის მაისში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ლომა" დავაფუძნე და მიროტაძის ქუჩის #13-ში
მრავალსართულიანი კორპუსის აშენება დავიწყე. ამავე ტერიტორიაზე ადრე სხვა აპირებდა სახლის აშენებას, თუმცა,­ სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ გააკოტრა, შემდეგ დააკავა და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ტერიტორიაზე მშენებლობის განახლების ნებართვა ჯერ დაკავებული პირის ნებართვით დავიწყე - ციხიდან შემომითვალა, არ ვიცი, ციხიდან როდის გამოვალ და სახსრები თუ გაქვს, მშენებლობა დაიწყეო.

ჩემი ფინანსებით კორპუსის მშენებლობას ვერ გავწვდებოდი, ამიტომ 2011 წლის ნოემბერში ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციასთან 1.079.600 დოლარზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკება დავიწყე. წლის განმავლობაში 48% უნდა გადამეხადა, მე კი თანხა 12 თვის განმავლობაში ტრანშებად უნდა მიმეღო. საფინანსოს დირექტორ ჯეიმზ ჯონსთან სიტყვიერი მოლაპარაკების შემდეგ, მშენებლობის ნებართვა განვაახლე და როდესაც­ თანხასთან დაკავშირებული იურიდიული ხელშეკრულების გაფორმების დრო დადგა, შეხვედრაზე ჯეიმზთან ერთად ამჟამინდელი დეპუტატი ილია წულაიაც დამხვდა. როგორც გავარკვიე, წულაია მაშინ "არქი ჯგუფს" ხელმძღვანელობდა და პარალელურად, საფინანსო ორგანიზაციაში იურისტადაც მუშაობდა. მითხრა, თუ გინდა, იურიდიული დოკუმენტი შეგიდგინო, მომსახურებაში 28.000 დოლარი უნდა გადამიხადოო. დავთანხმდი და წულაიას იურიდიულ შაბლონში - თითქოს ოქროს ასოებით შემიდგინა დოკუმენტი - 28.000 დოლარი გადავურიცხე. ჩარიცხვის ოპერაცია ბანკში დაფიქსირებულია და მტკიცებულებაც მაქვს.

- არ გიცდიათ გადამოწმება, იურიდიული მომსახურება მართლაც 28.000 დოლარი ღირდა თუ არა?

- იმის გამო, რომ წულაია იმ საფინანსოში მუშაობდა­, რომელთანაც მოლაპარაკება მქონდა, ზედმეტი კითხვა არ დამისვამს - შემეშინდა, მოლაპარაკება არ ჩაშლილიყო, თანაც, მეგონა, რომ კორპუსის აშენების შემდეგ მოგება დამრჩებოდა - საბურთალოზე ბინებს მაღალი ფასი ჰქონდა და ვფიქრობდი, თუ დიდ მოგებას ვერ მივიღებ, მცირე სარგებელს მაინც ვნახავ-მეთქი. თუმცა, გაუგებრობა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. წულაიამ გამომიცხადა, წინა მშენებლისგან ამ კორპუსში 72 კვმ უნდა მიმეღო და თუ გინდა, შეთანხმება­ არ ჩაიშალოს, ფართობი გადმომიფორმეო. იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი და მისი მეუღლის სახელზე 72 კვმ ბინა გადავაფორმე.

როგორც იქნა, სესხი დამტკიცდა და მშენებლობა დაიწყო, ორი თვის განმავლო­ბაში ტრანში შეთანხმებისამებრ­ ჩამერიცხა და მშენებლობაც გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა, 4 თვე (2012 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით) ტრანში აღარ გადმომირიცხეს. ამასობაში გავარკვიე, რომ საფინანსოს დირექტორად ილია წულაია დანიშნულა. მას ბევრი­ სახლი აქვს აშენებული და კარგად­ იცის, როგორ გააჩეროს მშენებლობა - თუ მშენებელს ფული არ ექნება, დაეკარგება ცემენტი,­ არმატურა, მუშები გაექცევიან, მე კი კონტრაქტ­ით ერთ წელიწადში­ უნდა დამესრულებინა მშენებლობა. მაინც არ ვნებდებოდი - სამეგობროსგან თანხა ვისესხე და ჩემი ხარჯით გავაგრძელე მშენებლობა. მეოთხე სართულამდე რომ ავედი,­ წულაიამ ისევ დამიბარა და ახალი პირობა წამომიყენა - 72 კვმ 90-მდე გამიზარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხს აღარ გაგიგრძელებო. უკანდასახევი გზა მოჭრილი მქონდა, ამიტომ კაბალურ შეთანხმებებზე ვთანხმდებოდი. მის მეუღლეს 90 კვმ გადავუფორმე, რისი მტკიცებულებებიც მაქვს. იქვე დაამატა, "არქი ჯგუფის" ბუღალტრები შენთანაც აიყვანე და ანგარიშიდან 1.500 ლარი დაუნიშნეო. ამასაც დავთანხმდი და ჯამში წულაიას კომპანიის ბუღალტრებს 30.000 ლარი გადავუხადე, არადა, დეკლარაციის შევსების გარდა, არაფერში მეხმარებოდნენ.

- გარდა იმისა, რომ წულაია სესხის­ შეჩერებით გემუქრებოდათ, სხვა ტიპის მუქარა თუ იყო?

- ხშირად ახსენებდა კეზერაშვილს, მერაბიშვილსა და ბარამიძეს. ვფიქრობდი, რა უნდა დამიშავონ, კორპუსს პატიოსნად ვაშენებ-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ თბილისში მშენებლობები მასობრივად შეჩერებული იყო, შესაბამისად, ყველა პირობას რომ არ დავ­თანხმებულიყავი, დავიღუპებოდი. ერთი სიტყვით, აგვისტოში საფინანსომ ტრანში ისევ არ გადმომირიცხა. ისევ დამიბარა წულაიამ და კიდევ 20 კვმ-ის დამატება მომთხოვა. საბოლოოდ, 72 კვმ ბინა 110 კვმ-მდე გაიზარდა. სწორად გამიგეთ, სხვა გზა არ მქონდა, მშენებლობა რომ გამეჩერებინა,­ კორპუსს მთლიანად წამართმევდა.

გავიდა რამდენიმე კვირა და საფინანს­ოდან ისევ მირეკავენ, მეორე ახალი დირე­ქტორი, ვინმე ირაკლი ქაფიანიძე გვყავს და შეხვედრა უნდაო. ქაფიანიძესთან ერთად წულაიაც დამხვდა. ახალმა დირექტორმაც გამომიცხადა, ჩემი დები ადიგენში ცხოვრობენ და ორი ბინა უნდა მომცეო. წულაიამ მაშინ თითქოს მხარი დამიჭირა, ამდენი ფართობის ჩუქებას ერთსადარბაზოიანი კორპუსი ვერ გაუძლებსო. მეც გავბედე და ქაფიანიძეს ვუთხარი, ბინებს ვერ გაჩუქებ-მეთქი და წამოვედი. ამასობაში მშენებლობა თითქმის დავასრულე, მცირე დეტალები მქონდა დარჩენილი. ცოტა ხანში საფინანსოში ისევ შევხვდი წულაიასა და ქაფიანიძეს. მეუბნებიან, წელიწადი გავიდა­ და რადგან ვადები ვერ დაიცავი, 48%-ის ნაცვლად, სესხი 96%-იანი გახდაო. გავოგნდი. ხუთი თვე ტრანში არ მომეცით და 1.079.600-ის ნაცვლად 614.572 დოლარი ჩამირიცხეთ, ეს პირობის დარღვევა არ არის-მეთქი?
ვერაფერს გავხდი, მშენებლობის ვალდებულება წულაიამ გადაიბარა, 2013 წლის თებერვალში "ლომას" კუთვნილი ბინების გაყიდვა დაიწყო, საიდანც 682.000 დოლარის შემოსავალი მიიღო, მე კი ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი და ნოტარიუს ნინო გი­ნტურისა და ია იაშვილის შუამავლობით­ იპოთეკარ შაჰრამ შამილ რაჯაბთან კაბა­ლური ხელშეკრულება გავაფორმე - იპოთეკარმა­ საფინანსოს 810.000 დოლარი გადაუხადა,­ საფინანსომ დამატებით კიდევ ოთხი ბინა, ჯამში 288 კვმ გადაიფორმა, რომელიც ექსპერტების დასკვნით 173.000 დოლარის ღირებულების იყო და გამოვიდა, რომ ჯამში საფინანსომ ჩემგან 1.692.000 დოლარი წაიღო. როდესაც სესხი დაიფარა, წულაიას დოკუმენტები მოვთხოვე. მწვანე პარკში ჩამიყარა და დაცვასთან დატოვა. ფინანსური დეტალების გასარკვევად წულაიას რჩევით­ დანიშნულ ბუღალტრებთან დაკავშირებასაც ვცდილობდი, თუმცა, ვერ მივაწვდინე ხმა, დაიკარგნენ და დღემდე ვერ მივაღწიე მათგან საჭირო დოკუმენტაციის მიღებას.

იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმება სესხის 96%-მდე გაზრდამ მაიძულა, რომლის გადახდის შესაძლებლობა, ბუნებრივია, არ მქონდა და ვერანაირი რესურსით ვერ გავწვდებოდი.
ვიფიქრე, იპოთეკარს ბინას ჩავუდებ, კორპუსის მშენებლობის გაგრძელების უფლება ისევ მომეცემა და დარჩენილ ბინებსაც გავყიდი-მეთქი.

- თქვით, რომ იპოთეკართანაც კაბალური ხელშეკრულება გააფორმეთ, რატომ?

- ვერ ვამტკიცებ, თუმცა, როგორც მითხრეს, ნოტარიუსი გინტური და იაშვილი წულაიას ჯგუფთან დაკავშირებული პირები იყვნენ. მათ იპოთეკარის მოძიებასა და ხელშეკრულების გაფორმებაში 81.000 დოლარი გადამახდევინეს, თუმცა, ხელშეკრულება ისე გაფორმდა, ჩემი ბინების გაყიდვის შესაძლებლობა წამართვეს. მაშინ მარწმუნებდნენ, "ქართული ოცნება" ახალი მოსულია ხელისუფლებაში და იპოთეკარები შეშინებული არიან, მათი შევიწროება­ დაიწყება, ამიტომ იპოთეკის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გავაფორმოთო­. ამასაც დავთანხმდი, თუ არ მოვაწერდი ხელს, ისევ წულაიასთან დაბრუნება­ მომიწევდა. მოგვიანებით იპოთეკართან მივედი და ვუთხარი, დაგიფარავ სესხს, თუ ბინების გაყიდვის შესაძლებლობას მომცემ-მეთქი. სამ მილიონს თუ გადაგვიხდი, კი ბატონოო. საიდან უნდა მომეტანა სამი მილიონი? იპოთეკარსა და ნოტარიუსს პროკურატურაში ვუჩივლე, მართლაც გულისხმიერად მიუდგნენ ჩემს საქმეს და გინტურსა და იაშვილზე საქმე აღიძრა, მათ გირაო გადაიხადეს, სასამართლო პროცესები კი დღემდე მიმდინარეობს. უკვე შევიტანე სარჩელი ილია წულაიას წინააღმდეგაც. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ. სხვათა შორის, როდესაც წულაიას წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებდი, ჩემს ადვოკატებს ვუთხარი, კაცი დეპუტატია და თუ რამეში ვცდები, ქვეყნის დასაცინს ნუ გამხდით-მეთქი. ადვოკატებს თანხას არ ვუხდი და იციან, თუ საქმეს მოვიგებ, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მათთვის ანაზღაურების მიცემას, ამიტომ ანგარება არ ამოძრავებთ. დარწმუნებით აცხადებენ, რომ დეპუტატი კი არა, პრეზიდენტიც რომ იყოს, ეს საქმე მოგებულია. ახლა სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინში ვარ!

"მაჩაიძეს არაფერს შევპირებივარ... ახლა ზღაპრებს ჰყვება..."

ბიზნესმენ გოჩა მაჩაიძესთან საუბრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ილია წულაიას დავუკავშირდით:
- თბილისში ყველამ კარგად იცის, გოჩა მაჩაიძე რასაც წარმოადგენს - გადამგდები ადამიანია და ახლა ამ ყველაფერზე შანტაჟის მიზნით ლაპარაკობს. მან როგორც საფინანსო პოლიციას, ისე პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, ვერაფერი დაამტკიცა. მოგონილი ისტორიებით ფულის გამოძალვა უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მის აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ!

- რას გულისხმობთ გამოძალვაში?

- პარტნიორისგან, რომელსაც გარკ­ვეულ საკითხებში ვეხმარებოდი, თანხასა და შეღავათებს ითხოვდა, რამდენჯერმე ანგარიშიც გავუწიეთ, თუმცა, მაინც ბევრჯერ დაარღვია საქმიანი ურთიერთობა. დეტალებს არ დავაკონკრეტებ.

- მაჩაიძე აცხადებს, რომ საფინანსო ორგანიზაციამ, სადაც თქვენ ჯერ იურისტად,­ შემდეგ კი დირექტორად მუშაობდით,­ ხუთი თვე ტრანში არ ჩაურიცხა. ამასთან,­ ემუქრებოდით, თუ ბინას არ გადაგიფორმებდათ, სესხის ხელშეკრულებას შეუჩერებდით.

- პირადად მე მას არაფერს შევპირებივარ, ჩემს პარტნიორებთან დადო ხელშეკრულება, რომელსაც არღვევდა. ახლა ზღაპრებს ჰყვება... პროკურატურაშიც იდავა, თუმცა, ყველა ბრალდება გაბათილდა.

- 72 კვმ ფართობის მიღების შემდეგ თქვენს მეუღლეზე გაფორმებული­ ბინის 110 კვმ-მდე გაზრდა მოითხოვეთ?

- არავისთვის­ არაფერი გამომიძალავს, პირიქით, ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, რომ შეიძლება მეტი მეკუთვნოდეს, მაგრამ ნაკლები მივიღო. თუ მაჩაიძეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, მიმართოს პროკურატურას.

- უკვე გიჩივით.

- როგორც კანონი დამავალდებულებს, ისე მოვიქცევი. იმდენად მყარი მტკიცებულებები მაქვს, არაფრის მეშინია. თუ გოჩა მაჩაიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისთვის ვუჩივლებ.

რუსუდან შელია
Giorgi Gabiskiria
02 ნოემბერი 2017 09:50
Tbilisi pataraa. Ilia Tsulaiada Nino Ginturi. Es dueti kvelafris mkadrebelia. Absoliturad kvelafris
////////////?
01 ნოემბერი 2017 20:01
მე არცერთს არ ვიცნობ მაგრამ ძალიან მჯერავს რომ ეს ადამიანი მარტალი იქნება და ტუ დაამტკიცა იმ შემტხვევაში ღირსი იქნება დეპუტატობა დაავიწყო და ციხეში გამოკეტო. უსამარტლობას ვერ ვიტან მეტი არაფერი.
მედეა
01 ნოემბერი 2017 15:54
ნეტავი თუ დამყარდება საქართველოში საფინანსო წესრიგი? ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კალიასავით ჭამენ მოსახლეობის შემოსავლებს. ეს მთავრობა მათ ვერაფერს უბედავს, ბანკირია მათი შეფი და იმიტომ! არადა, ამოხადეს ხალხს სული ამ ბანკის ვალებმა! ასე როდემდე უნდა იპარპაშონ და ხალხის 90% როდის უნდა ამოძვრეს მათი ვალიდან? ჩარჩი--მევახშეებისაა დღევანდელი საქართველო. მთავრობას ძინავს "ვერ ხედავს" პრობლემას და წყალწაღებული ურემი--შინ მიტანილი ჰგონია!

რედაქტორის რჩევით