"ჩემი შვილი სხვის ნაცვლად ზის ციხეში" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი სხვის ნაცვლად ზის ციხეში"

ეთერ ბედოიძე: "დღეს მამუკა ჭოტაშვილიც დაჭერილია ცოლის დახრჩობის მცდელობისთვის... მან კლუბის ყველა გოგონა დააშინა და სიმართლეს ვერ ამბობენ, თუმცა, ყველამ იცის, ვინ არის დამნაშავე"

შარშან რუსთავში, ღამის კლუბ "ოკეანეში" გოგონა დაჭრეს. რამდენიმე დღეში 28 წლის არჩილ ყატაშვილი დააკავეს, სასამართლომ მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობრებმა გადაწყვიტეს, ახალ წელს კლუბში შეხვედროდნენ, თუმცა, მის აზერბაიჯანელ მეპატრონესთან დაწყებული ჩხუბი სამსაათიან ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, რა დროსაც კლუბის მოცეკვავე გოგონა დაჭრეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაცვის მხარისა და ოჯახის მტკიცებით, არჩილ ყატაშვილის წინააღმდეგ, რამდენიმე "დამუშავებული" მოწმის ჩვენების გარდა, მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ამბობენ, გოგონა სხვამ დაჭრა, დამნაშავემ კი ხელი მის მეგობარს დაადო.

ეთერ ბედოიძე, არჩილ ყატაშვილის დედა: - აჩიკო 9 თვის გამოსული იყო ციხიდან, როცა ეს ამბავი შეემთხვა. სულ ვაფრთხილებდი, შარში არ გახვეულიყო. მაინც იჩხუბა კლუბ "ვაითის" მეპატრონესთან, რომელმაც აჩიკოს ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. იქიდან წამოსულს გზაში კლუბ "ოკეანის" მეპატრონე თურალ მამედოვი შეხვდა. მან დასისხლიანებული და პერანგშემოხეული ბიჭის მოწესრიგება გადაწყვიტა. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ჩემი შვილის მეგობარი მამუკა ჭოტაშვილი, რომელიც აუხირდა მამედოვს, სად მიგყავს აჩიკოო და ხელი დაარტყა. ჩხუბში კლუბის მომსახურე გოგონებიც ჩაერთნენ, ბიჭებს აწყნარებდნენ. მალე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მისულან და ცემა-ტყეპა გაუმართავთ. ამასობაში დაცვის ბიჭმა დიმიტრი ვარსიმაშვილმა დანა ამოიღო და მამუკა ჭოტაშვილს მიაწოდა. დანის ტრიალის დროს მას სტრიპტიზიორი გოგონა მარია ხ. მივარდა და შეეხვეწა, დანა შეინახეო. მამუკამ გოგონას მოსაშორებლად ხელი გაიქნია და მარიას დანა ღვიძლის არეში მოხვდა. ჩხუბი 3 საათს გრძელდებოდა, პოლიციის გამოძახება კი აზრად არავის მოსვლია. მამუკა კლუბში შესულა და გოგონებისთვის უთქვამს, სხვა ჩვენება არავინ მისცეთ, აჩიკომ თქვა, დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებო, არადა, ჩემს შვილს მსგავსი არაფერი უთქვამს. გოგონა მას არ დაუჭრია, არც უღიარებია დანაშაული და არც მამუკასთვის დაუდვია ხელი, სასამართლოზე თქვა, მე არ ჩამიდენია დანაშაული, დამნაშავე თქვენ იპოვეთო. პოლიცია რომ მოვიდა, მამუკამ ხელი პირდაპირ ჩემს შვილს დაადო. აჩიკო 5 დღის შემდეგ პოლიციაში დაიბარეს და დააკავეს. პროკურორმა მინდია დავითაძემ უთხრა, ეს დანაშაული შენ უნდა აიღო, არ აიღებ და შენს დედას...

კლუბშიც და მის გარეთაც ვიდეოთვალი გახსნეს და მტკიცებულება გაანადგურეს - ფირზე მხოლოდ დაჭრის მომენტია ამოშლილი. როგორც გავიგე, რუსთავის #1 განყოფილების უფროსმა ვენე კაჭაყმაძემ წააშლევინა თანამშრომელ ვინმე ნიკას.

საქმე უცებ შეკერეს, მერე ვეღარ გადათქვეს, რადგან მამუკა ჭოტაშვილმა მოატყუა ყველა, არც გამოძიებით მოუკლავთ თავი. მარია ხ. ოთხ დღეში უკვე ცეკვავდა კლუბში.

ერთ დღესაც ვზივარ პირველი განყოფილების ფოიეში, არავინ იცის, რომ არჩილის დედა ვარ.

დაკითხვაზე შეიყვანეს კლუბის თანამშრომელი გოგონები, მათ შორის, დაზარალებული, რომელიც თავს ისევ ცუდად გრძნობდა. მის ნაცვლად გამომძიებელმა დავით ომანაძემ დაწერა ჩვენება, უთხრა, ყატაშვილმა დაგჭრა, პრეტენზია ხომ არ გაქვსო და სკამებზე გაწოლილ გოგოს ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მერე მიმტანი გოგონები აიძულეს, აჩიკოსთვის დაედოთ ხელი. ემუქრებოდნენ, ბორკილებს დაგადებთ და მე-6 განყოფილებაში გაგამწესებთო. ერთ-ერთმა მიმტანმა, თიკომ, მისცა ჩვენება, სადაც ამბობს, დავინახე, დანა ვის ეჭირა, მარია აჩიკოს არ დაუჭრია და ხელს ვერ დავადებო. მუქარის მიუხედავად, ის პოლიციელებს არ დაემორჩილა.

ყველა დაიკითხა და დადგა დიჯეის - საბიტ ჰასანოვის ჯერი, რომელიც კლუბის გახსნის დღიდან იქ მუშაობს. უთქვამს, სიმართლის თქმას ვაპირებ, ტყუილად ყურანზე ვერ დავიფიცებო და ამის გამო ხუთმა პოლიციელმა სცემა, მაგრამ მან აჩიკოს ხელი მაინც არ დაადო. პროკურორმა მინდია დავითაძემ ბოლოს საერთოდ ამოშალა ჰასანოვი დასაკითხთა სიიდან და ამის მიზეზად ის დაასახელა, მთაშია, ცხვარში და არც ტელეფონი აქვსო. თურმე დაემუქრნენ, აქედან თუ არ წახვალ, წამალს ჩაგიდებთო და ბიჭი თურქეთში გაიხიზნა.

მამუკა ჭოტაშვილი აჩიკოს განუყრელი მეგობარი იყო. მივწერე, კაცობა გეყოს, მიდი, სიმართლე აღიარე-მეთქი. მესინჯერში მომწერა, მონასტერს შევაფარე თავი და ნუღარ მეძებთო. მერე მისი ოჯახის წევრები მოვიდნენ, დავილაპარაკეთ. ყოველი შემთხვევისთვის, საუბარი ჩავიწერე. შემომთავაზეს, ადვოკატის თანხით დაგეხმარებით, 10 000 ლარს მოგცემთ და აჩიკომ თავის თავზე აიღოს დანაშაულიო, ვიუარე. მამუკას დედამ და დეიდამ შემომთავაზეს, თუ ჩვენი დახმარება და ფული არ გინდა, სხვა გზა გამოვნახოთ, ორივე რომ გარეთ დარჩეს, თუ არადა, ჯგუფურს წაუყენებენო. ვეუბნებოდი, დამნაშავე ვინცაა, იმან აგოს პასუხი, და არა ჩემმა შვილმა-მეთქი. მამუკას დეიდაშვილმა მომაძახა, რა, მამუკა დებილია, მივიდეს, დანაშაული აღიაროს და ჩაჯდესო?

მას შემდეგ, რაც აჩიკოს 11 წელი მიუსაჯეს, მარია ხ. დამიკავშირდა, მითხრა, არ დამინახავს, ვინ დამჭრა, გონზე მოსვლის შემდეგ კი პოლიციელები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, აჩიკომ დაგჭრაო და მეც დავიჯერე. ვნანობ, ტყუილად დავადე ხელი, დიდ ბოდიშს გიხდითო.

გამოძიებას დანა არ ამოუღია და შესაბამისად, არც ექსპერტიზა ჩატარებულა. თქვენ წარმოიდგინეთ, დანა ჩემთან ინახება, ერთ-ერთმა გოგონამ მომიტანა. მამუკას უთქვამს, სადაც ჩაუმარხავს.

რატომ არ დაინტერესდა გამოძიება ნივთმტკიცებით? ან რა უფლებით გაანადგურეს ვიდეოფირი? არც ტანსაცმელს ჩასტარებია ექსპერტიზა, ჩემი შვილისთვის არც სისხლის ანალიზი, არც დნმ აუღიათ.

დღეს მამუკა ჭოტაშვილიც დაჭერილია ცოლის დახრჩობის მცდელობისთვის, რისთვისაც ერთწლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მიუსაჯეს. მან კლუბის ყველა გოგონა დააშინა და სიმართლეს ვერ ამბობენ, თუმცა, ყველამ იცის, ვინ არის დამნაშავე. ეს ორი წელი სად არ ვიარე, ვის არ მივმართე, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. რუსთავში სრული განუკითხაობაა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც. გაათავისუფლონ ჩემი უდანაშაულო შვილი, სხვის ნაცვლად ზის ციხეში.

კლუბის დიჯეის, საბიტ ჰასანოვს "კვირის პალიტრა" თურქეთში დაუკავშირდა: - იმ დროს, როცა გოგონა დაჭრეს, მე და აჩიკო გარეთ ვჩხუბობდით, მას ჩემი ცემა უნდოდა და მომდევდა. არ დამინახავს, ვინ დაჭრა გოგონა, მაგრამ აჩიკო რომ არ ყოფილა, ვიცი. დანა მამუკას ეჭირა ხელში, ამას სასამართლოზეც ვიტყვი. როცა კლუბში შევედი, ეს ამბავი მომხდარი იყო. მერე პოლიცია ახდენდა ჩემზე ზეწოლას, ხუთმა კაცმა მცემა, რომ მეღიარებინა, რაც უნდოდათ. არ დავთანხმდი და მითხრეს, აქაურობა დატოვე, თორემ წამალს ჩაგიდებთ და ციხეში ჩაგალპობთო. მერე წავედი თურქეთში და აქაც ხათაბალაში გავეხვიე, სულ ამირიეს ცხოვრება.

მარია, ხ., დაზარალებული: - დღემდე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბში ყველანი ჩავერიეთ, გოგონები ბიჭებს ვაშველებდით. ზამთარი იყო, ღუმელთან ვთბებოდი, როცა ძირს დაგდებული ჩვენი თანამშრომელი ირმა დავინახე და მას მივეხმარე. აჩიკოს ირმა იჭერდა, მან კი დაარტყა და მოიშორა. მაშინ ჩავერიე ჩხუბში, გოგონა წამოვაყენე და ამ დროს მომხვდა დანა მუცლის არეში. მერე გონება დავკარგე.

- თქვენ ჩვენებაში აჩიკო ყატაშვილს ადებთ ხელს...

- ჩვენებაში აჩიკო კია ნახსენები, მაგრამ არ დამინახავს, ვინ დამარტყა. ზოგი მეუბნებოდა, აჩიკომ დაგჭრაო, ზოგი - მამუკამო. გამოვედი თუ არა საავადმყოფოდან, შეუძლოდ მყოფი მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ჯერ კიდევ მიჭირდა სიარული. დივანზე ვიწექი, როცა ჩვენება სხვებმა დაწერეს და მე ხელი მომაწერინეს.G პოლიციელებმაც მითხრეს, შენ აჩიკომ დაგჭრაო. მეც მაინტერესებს, ვინ დამჭრა.

- მართალია, რომ მამუკა სიმართლეში გამოგიტყდათ?

- ამ ამბის შემდეგ სამსახური შევიცვალე და ერთ დღეს ვიღაც ბიჭთან ერთად მამუკა მოვიდა და მითხრა, შენ აჩიკომ კი არა, მე დაგჭერი, არ გახსოვსო? მაგ ადამიანის დანახვაზე ისედაც ცუდად ვხდებოდი, ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი. მერე თანმხლებმა ბიჭმაც დაუდასტურა, კი, ამან დაგჭრაო.

დავით მოდებაძე, არჩილ ყატაშვილის ადვოკატი: - არჩილი მის მეგობართან, ნასვამ მამუკა ჭოტაშვილთან ერთად ღამის კლუბში მივიდა. კლუბის მენეჯერმა თურალ მამედოვმა დაცვას უთხრა, ჭოტაშვილი არ შემოუშვათო და ამის გამო ატყდა ჩხუბი. მამუკას ამ კლუბში მეგობარი გოგონა ჰყავდა. თავდაპირველად ჩხუბი კლუბის ეზოში დაიწყო, შემდეგ კი შენობაში გაგრძელდა.

დანა არც ერთს არ ჰქონია, ის დაცვის თანამშრომელმა მიაწოდა მამუკას და არა - ყატაშვილს. თუმცა, შემდეგ დაცვის თანამშრომელი გააქრეს და სასამართლოში არ მოიყვანეს, არც დიჯეი, რაც აბსურდული მოტივით ახსნეს, თითქოს ჰასანოვი სადღაც მთაში იყო მეცხვარედ და ტელეფონის ნომერი ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. 24 საათი დიჯეიდ მუშაობდა და უცბად მეცხვარე გახდა.

ყველაფერი კანონდარღვევით წარიმართა, შეთითხნეს საქმე და უდანაშაულო ბიჭს 11 წელი აქვს მისჯილი. ახლა ყველაფერი დიჯეიზე და დაზარალებულ გოგონაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, სიმართლეს თუ იტყვიან და უდანაშაულო ახალგაზრდას 11-წლიანი პატიმრობისთვის არ გაიმეტებენ.

ნანა ფიცხელაური