"მე დანაშაული არ ჩამიდენია!" - ვინ დაჭრა მოცეკვავე გოგონა ღამის კლუბ "ოკეანეში"?! - კვირის პალიტრა

"მე დანაშაული არ ჩამიდენია!" - ვინ დაჭრა მოცეკვავე გოგონა ღამის კლუბ "ოკეანეში"?!

შარშან რუსთავში, ღამის კლუბ "ოკეანეში" გოგონა დაჭრეს. რამდენიმე დღეში 28 წლის არჩილ ყატაშვილი დააკავეს, სასამართლომ მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაცვის მხარისა და ოჯახის მტკიცებით, არჩილ ყატაშვილის წინააღმდეგ, რამდენიმე "დამუშავებული" მოწმის ჩვენების გარდა, მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ამბობენ, გოგონა სხვამ დაჭრა, დამნაშავემ კი ხელი მის მეგობარს დაადო.

ეთერ ბედოიძე, არჩილ ყატაშვილის დედა:

- აჩიკო 9 თვის გამოსული იყო ციხიდან, როცა ეს ამბავი შეემთხვა. სულ ვაფრთხილებდი, შარში არ გახვეულიყო. მაინც იჩხუბა კლუბ "ვაითის" მეპატრონესთან, რომელმაც აჩიკოს ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. იქიდან წამოსულს გზაში კლუბ "ოკეანის" მეპატრონე თურალ მამედოვი შეხვდა. მან დასისხლიანებული და პერანგშემოხეული ბიჭის მოწესრიგება გადაწყვიტა. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ჩემი შვილის მეგობარი მამუკა ჭოტაშვილი, რომელიც აუხირდა მამედოვს, სად მიგყავს აჩიკოო და ხელი დაარტყა. ჩხუბში კლუბის მომსახურე გოგონებიც ჩაერთნენ, ბიჭებს აწყნარებდნენ.

ამასობაში დაცვის ბიჭმა დიმიტრი ვარსიმაშვილმა დანა ამოიღო და მამუკა ჭოტაშვილს მიაწოდა. დანის ტრიალის დროს მას სტრიპტიზიორი გოგონა მარია ხ. მივარდა და შეეხვეწა, დანა შეინახეო. მამუკამ გოგონას მოსაშორებლად ხელი გაიქნია და მარიას დანა ღვიძლის არეში მოხვდა.

მამუკა კლუბში შესულა და გოგონებისთვის უთქვამს, სხვა ჩვენება არავინ მისცეთ, აჩიკომ თქვა, დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებო, არადა, ჩემს შვილს მსგავსი არაფერი უთქვამს. გოგონა მას არ დაუჭრია, არც უღიარებია დანაშაული და არც მამუკასთვის დაუდვია ხელი, სასამართლოზე თქვა, მე არ ჩამიდენია დანაშაული, დამნაშავე თქვენ იპოვეთო. პოლიცია რომ მოვიდა, მამუკამ ხელი პირდაპირ ჩემს შვილს დაადო. აჩიკო 5 დღის შემდეგ პოლიციაში დაიბარეს და დააკავეს. პროკურორმა მინდია დავითაძემ უთხრა, ეს დანაშაული შენ უნდა აიღო, არ აიღებ და შენს დედას...

ერთ დღესაც ვზივარ პირველი განყოფილების ფოიეში, არავინ იცის, რომ არჩილის დედა ვარ.

დაკითხვაზე შეიყვანეს კლუბის თანამშრომელი გოგონები, მათ შორის, დაზარალებული, რომელიც თავს ისევ ცუდად გრძნობდა. მის ნაცვლად გამომძიებელმა დავით ომანაძემ დაწერა ჩვენება, უთხრა, ყატაშვილმა დაგჭრა, პრეტენზია ხომ არ გაქვსო და სკამებზე გაწოლილ გოგოს ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მერე მიმტანი გოგონები აიძულეს, აჩიკოსთვის დაედოთ ხელი.

მას შემდეგ, რაც აჩიკოს 11 წელი მიუსაჯეს, მარია ხ. დამიკავშირდა, მითხრა, არ დამინახავს, ვინ დამჭრა, გონზე მოსვლის შემდეგ კი პოლიციელები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, აჩიკომ დაგჭრაო და მეც დავიჯერე. ვნანობ, ტყუილად დავადე ხელი, დიდ ბოდიშს გიხდითო.

გამოძიებას დანა არ ამოუღია და შესაბამისად, არც ექსპერტიზა ჩატარებულა. თქვენ წარმოიდგინეთ, დანა ჩემთან ინახება, ერთ-ერთმა გოგონამ მომიტანა. მამუკას უთქვამს, სადაც ჩაუმარხავს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნანა ფიცხელაური