"მაზლმა რძლის პანაშვიდებზე დგომა კი შეძლო, მაგრამ გამოსვენებისას ნერვებმა უმტყუნა და თავის მოკვლა სცადა" - კვირის პალიტრა

"მაზლმა რძლის პანაშვიდებზე დგომა კი შეძლო, მაგრამ გამოსვენებისას ნერვებმა უმტყუნა და თავის მოკვლა სცადა"

"გოგო იმ ღამით სახლში მარტო დარჩა, - დედამთილმა მის წლინახევრის ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მეზობლად, მეორე ვაჟთან გადავიდა ღამის გასათევად. დილით დედამთილი და მისი ვაჟი, ეკას სახლში მივიდნენ და გოგო ჩამომხრჩვალი დახვდათ"

18 ოქტომბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტრაგედიის ადგილას არსებულმა ვითარებამ თავდაპირველად გააჩინა ვერსია, რომ  გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა მალევე გაჩნდა უამრავი ეჭვი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმან, რომ ახალგაზრდა ქალის დაკრძალვის დღეს მისმა მაზლმაც თვითმკვლელობა - თავის ჩამოხრჩობა სცადა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა სრულიად შიშველი იყო და სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.

გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, რამინ გურასპაშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი განცხადებით, ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე დღე სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად, მასსა და ოჯახის სხვა რომელიმე წევს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

ისიც ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მკვლელობის ეჭვს საფუძვლიანს ხდის. რამინ გურასპიშვილის ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, რაშიც მისი ძმა, გია გურასპიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან, ერთად მონაწილეობდა.

მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ამბობს 24 წლის ქალის დედა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ნანა ნაქევხრიშვილმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს, რადგან მასთან ბოლო დროს ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა. რაც შეეხება მომხდარში გარდაცვლილის მაზლის შესაძლო ბრალეულობას, 24 წლის ქალის დედას გამოძიების დასრულებამდე მედიასთან საუბარი არ სურს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის მაზლი გია გურასპიშვილი საავადმყოფოში სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ.

მომხდარზე გარდაცვალებულის ახლობელი გვესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- მომხდარით გაოგნებული ვართ ყველა, საბრალო გოგოს სიცოცხლე ბავშვობიდან მძიმე ჰქონდა - ექვის წლის იყო, მამა რომ მოუკვდა და დედამ ბავშვთა სახლში დატოვა, თავად კი გათხოვდა. როგორც ჩანს ეკამ იფიქრა, - გავთხოვდები და ჩემს უბედურებას ბოლო მოეღებაო და ნაადრევად გათხოვდა. კარგი ოჯახი შეხვდა, უფრთხილდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბედს მისთვის კარგი არ უნდოდა - ბავშვი გაააჩინა თუ არა, მეუღლე დაეღუპა, - შეშის ჭრისას, ხე დაეცა.

მაგრამ ამ ოჯახს ეკაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია; მამამთილმა თავად უთხრა, - შვილო, ახალგაზრდა ხარ და უნდა გათხოვდეო...  ახლობლების რჩევით, მათ შორის დედისაც, მეორეჯერაც, ამავე სოფელში გათხოვდა, იმ ოჯახში, სადაც სიცოცხლე დაამთავრა.

- როგორც ცნობილია, მეორე მეუღლე ეკაზე 18 წლით უფროსი იყო; მას პირველ ქორწინებაში თითქმის ეკას ტოლი ვაჟი ჰყავს...

- ეკა ქმართან შედარებით განა მარტო ასაკით, ხასიათითაც მართლაც ბავშვი იყო, ზედმეტად გულუბრყვილო, თითქოს ბავშვობაში ჩარჩენილაო - ცხადია, ბავშვთა სახლში არავის უზრუნია მის ჩამოყალიბებაზე. ასეთ გულბრყვილოს ქმართან ასაკობრივი სხვაობა კიდევ უფრო ეტყობოდა, ამას დაემატა ისიც, რომ მას მეორე ქმართანაც პატარა შეეძინა და საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია, - მეუღლესთან კონფლიქტები ჰქონდა.

ეკას ქმარი ცდილობდა ოჯახი ერჩინა, - თბილისში დადიოდა დაქირავებულ სამუშაოზე, ბოლო დროსაც თბილისში მუშაობდა, სამრეცხაოში. ეკა გარდაცვლილი რომ ნახეს, მაშინაც სამუშაოდ იყო წასული. გოგო იმ ღამით სახლში მარტო იყო, - დედამთილმა მის წლინახევრის ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მეზობლად, მეორე ვაჟთან გადავიდა ღამის გასათევად. დილით დედამთილი და მისი ვაჟი ეკას სახლში მივიდნენ და გოგო ჩამომხრჩვალი დახვდათ.

- იმ მაზლზე საუბრობთ, რომელმაც ეკას დაკრძალვის დღეს თავის მოკვლა სცადა, ეკას მეუღლემ  კი განაცხადა, - ჩემი ცოლის ჩამოხრჩობა ჩემი ძმის ბრალიაო?

- დიახ. ეკას მაზლის დაკითხვის შემდეგ პოლიციამ ეკას ქმარი წაიყვანა დაკითხვაზე და როგორც ჩანს, სიმართლე გაუმხილეს. მასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა და ეს უბედურება აღიარა. მანამდე, საკუთარი ძმის ღალატს ალბათ ვერ წარმოიდგენდა!

- რადგან გოგონას ძალადობის კვალი ეტყობოდა, სავარაუდოდ, მაზლის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზეა  ლაპარაკი, რაც გოგონამ ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო. ძალზე მძიმე შემთხვევაა, სხვა დროს ხომ არ ყოფილა მსგავსი მცდელობა?

- ეგ არავინ იცის. ერთი კია, - ეკას მაზლს საკმაოდ რთული ოჯახური ისტორი აქვს - სამი მეუღლე ჰყავდა, რომელთაგან მასთან თანაცხოვრება ვერც ერთმა შეძლო. საბრალო ეკასთვის კი, ეს იმდენად წარმოუდგენელი უბედურება იყო, ვერ გადაიტანა და შედეგსაც ვხედავთ. მაზლმა რძლის პანაშვიდებზე დგომა კი შეძლო, მაგრამ გამოსვენებისას ნერვებმა უმტყუნა და თავის ჩამოსახრჩობად გავიდა. იქვე, სახლის უკან, ბაღში ჰქონია მავთული მომარაგებული. თხილის მსხვილ ტოტზე ჩამოკიდებული კაცი ეკას დაკრძალვაზე მიმავალმა მეზობელმა დაინახა და ჩამოხსნა. დაკრძალვაზე მყოფ ხალხს ამ მეზობლის ყვირილი შემოესმათ, - მიშველეთო, გავარდნენ და დაინახეს, რომ ეკას მაზლი ფეხებით ეჭირა, რომ მავთულს ყელი არ გაეჭრა და არ მოეგუდა

დედას რომ მიასვენებდნენ, ეკას ექვსი წლის ვაჟი პირველი მეუღლიდან, ბებიასთან ერთად, იდგა და დედის სასახლეს გაყინული თვალებით უყურებდა... ამ თვალების ტვირთი არავის მოასვენებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)