"მე მაშინ მოვკვდი, ახლა ცოცხალი აღარ ვარ..." - კვირის პალიტრა

"მე მაშინ მოვკვდი, ახლა ცოცხალი აღარ ვარ..."

"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით", - ამ სიტყვებით იწყებს გამოსამშვიდობებელ წერილს მამუკა ნანიკაშვილი. მერე სახლში იკეტება, საძილე აბებს იღებს, გაზქურიდან ბუნებრივ აირს უშვებს და... კიდევ ერთი (ვინ იცის, მერამდენე) ახალგაზრდის ცხოვრება მთავრდება... გასულ წელს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ლუდომანია გახდა.

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი მოვიდა. გამწარებული დედა ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობს და დახმარებას ითხოვს.

"ჩემს ცხოვრებას ახლა ბრძოლა ჰქვია"

"რაიონში ვცხოვრობდით. ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. ორივე სამაგალითო მოსწავლეები იყვნენ, განსაკუთრებით ბიჭი. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გამოვუშვი თბილისში, ჩემს ნათესავებთან. მეორე კურსზე იყო, როცა ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, გიორგი უცნაურად იქცევა და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. თურმე გვიან ღამით შედიოდა სახლში, დილით კი, მაშინ, როცა ლექციებზე უნდა წასულიყო, შუადღემდე ეძინა. როცა თბილისში ჩამოვედი, გიორგი იმ ღამით სახლში არ მოსულა. სასწავლებელში მივაკითხე, არც იქ დამხვდა. დეკანატში რომ ავედი, მითხრეს, თქვენს შვილზე არასასიამოვნო ინფორმაცია ჩვენს ყურამდეც მოვიდაო. თურმე გიორგის ჯგუფელების მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები ჰქონია დალომბარდებული.

მას შემდეგ შვილი დავკარგე, ვაკითხავდი სასწავლებელში და ვეხვეწებოდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ... თვითონ უარყოფდა, რომ თამაშობდა. ბოლოს, რისიც მეშინოდა, ის მოხდა, დაიჭირეს, თანაკურსელის დალომბარდებული კომპიუტერის დაუბრუნებლობისთვის. ექვსი თვე მოიხადა სასჯელი.

მე მაშინ მოვკვდი, ახლა ცოცხალი აღარ ვარ... ციხეში მხოლოდ ერთხელ შევძელი მისვლა. მთხოვა, ოღონდ ახლა დამეხმარეთ აქედან გამოსვლაში და გამოვსწორდებიო. ციხიდან რომ გამოვიდა, სხვანაირი გახდა. მითხრა, დედა, კარგად გავაცნობიერე შეცდომები და აღარ გავიმეორებო.

თითქმის ნახევარი წელი ითმენდა. სახლში ლოცვებს კითხულობდა. მთხოვა, უფლება მომეცი, სწავლა გავაგრძელოო. შემპირდა, გულს აღარასოდეს გატკენო, მაგრამ თხოვნა რომ ავუსრულე, ცოტა ხანში ისევ შევატყვე, რომ უცნაურად იქცეოდა, თანდათან ოჯახიდან ნივთები ქრებოდა. ერთხელ ბიძამისს ფული სთხოვა და მაშინვე მივხვდი, რომ ისევ თამაშის ლაბირინთებში გაიხლართა.

მაშინ, როცა თამაშის "ლომკა" ეწყება, მთლიანად ეცვლება სახის გამომეტყველება. ასეთ დროს მგონია, სულ სხვა ადამიანია მის სხეულში. თვალები უფართოვდება და ძალიან აგრესიული ხდება. ისეთი, თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა სხეულში. მას შველა უნდა, დედის გარდა, ვის შეუძლია, დაეხმაროს ამ სირთულის დაძლევაში? მაგრამ უძლური აღმოვჩნდი, ვერ ვუმკლავდები ამ უბედურებას" (იხილეთ სრულად).