როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში

"არიან აგენტები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან. ხშირია გადაბირება, შენიღბული ოპერატიული დავალებების მიცემა-შესრულება ან გადაბირებული პირისაგან ინფორმაციის მიღება"

ამ ზაფხულს საქართველოში გაჩენილი ხანძრების შემდეგ ბევრს ლაპარაკობენ სპეცსამსახურების სისუსტეზე. ამბობენ, რომ ეს დივერსია იყო და შესაბამის სამსახურებს საფრთხე უნდა აეცილებინათ. სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად საქმიანობენ, მათი გამოვლენა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა კი უმნიშვნელოვანესია. რამდენად ებრძვის ამ საფრთხეებს ჩვენი კონტრდაზვერვა და სპეცსამსახურები? რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო? რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორს, დავით კუხალაშვილს:

- ოკუპირებული ტერიტორიები არის ე.წ ბუფერული ზონა, რომელიც დღესაც გამოიყენება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო მიზნებისათვის. შეიძლება, ამ ზონაში რუსეთის სპეცსამსახურებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოამზადონ და შეძლონ მათი გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს საშიშროება, რომ ე.წ მიმოსვლითი მარშრუტიც გამოიყენონ. ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების გადასვლას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზონაში - შეიძლება ისინი მოექცნენ სადაზვერვო გავლენის სფეროში და მერე მოხდეს მათი გადაბირება. ამასთან, მიმდინარეობს პოლიტიკური პროპაგანდა სპეცსამსახურებისა და პოლიციური სტრუქტურების დისკრედიტაციისთვის და ეს არის მიზანმიმართული Uპროცესი, რაც საზიანოა ქვეყნისთვის.

- რას გულისხმობთ?

- ზოგჯერ მართლაც სცოდავენ პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ეს უნდა გამოვლინდეს, მაგრამ რაც მასმედიაში ვრცელდება, მათ დისკრედიტაციას იწვევს. ამას კი გარკვეული ძალები ჩვენი ქვეყნის საზიანოდ გამოიყენებენ. მასმედიის საშუალებებით სადაზვერვო ხასიათის ანტიპროპაგანდისტული მცდელობები უნდა შეწყდეს. თუ ასე გაგრძელდება, დემორალიზებული იქნება როგორც პოლიცია, ისე - სპეცსამსახურები და ისინი ბრძოლის უნარს დაკარგავენ...

რაც დღეს ხდება, 26 წლის შედეგია. სისტემა გამოირჩეოდა პოლიტიკური კორუფციით და მასში ჩართული სპეცსამსახურები ვერ მოემსახურებიან სახელმწიფოს. ვგულისხმობ საკადრო პოლიტიკას. თუ პოლიტიკურ კორუფციაში მონაწილე პირები ისევ მუშაობენ სპეცსამსახურებში, საგანგაშოა. მათი გადაბირება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის იოლია. ცუდია, რომ არ ხდება საკადრო ცვლილებები...

სუს-ის მთავარი საზრუნავი ოკუპირებული ტერიტორიებია. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მრავალრიცხოვანი რუსული სამხედრო კონტინგენტი და მზარდი მილიტარიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის სახიფათოა. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების შეზღუდვა, ადგილობრივების უკანონო დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული საფრენი აპარატების მიერ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

- რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ჩვენთან, ვის რა ინტერესი ამოძრავებს?

- აქ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს, აშშ-ისაც კი, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ასეა ყველა ქვეყანა, მათ შორის - ევროპული სახელმწიფოები და ჩვენი ახლო სამეზობლოც. განწყობა იქმნება, რომ ვიღაც ჩვენი მეგობარია, ვიღაც - მტერი. შეიძლება ასე დიპლომატიური ტერმინოლოგია იხმარო, მაგრამ როცა სადაზვერვო საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, ყველა სახელმწიფო ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მიუხედავად სტატუსისა. ოპერატიული საქმიანობა ერთ-ერთი ურთულესია. ვიმეორებ: უმნიშვნელოვანესია საკადრო პოლიტიკა! კადრები უნდა ირჩეოდნენ პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით.

სახიფათოა ყველა ქვეყანა, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ეწევა. მათ შეუძლიათ როგორც ტერორისტული, ისე საბოტაჟური აქტების განხორციელება. სურთ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება - ეს არის ყველა სადაზვერვო სამსახურის უმთავრესი დავალება. ამ მიზნით მუშაობს ყველა და ვინც მეტ წარმატებას აღწევს, ეკონომიკურ ბაზარსაც და სარგებელსაც ის იღებს. ცხადია, უცხო ქვეყნის აგენტები ცდილობენ შენიღბული საომარი კონფლიქტების, სამხედრო გადატრიალებების ორგანიზებას, რისთვისაც იდეოლოგიურად ამზადებენ მოსახლეობას. ინტერნეტის როლი განსაკუთრებულია. სადაზვერვო ინტერესის სფეროებია: მნიშვნელოვანი დოკუმენტები ან ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია სადაზვერვო ობიექტები ვუწოდოთ. ელექტრონული ფოსტის, სკაიპის, ფეისბუკის და ა.შ. მეშვეობით ინტერესის ობიექტთან დაახლოება ინფორმაციის პირდაპირი გზით მოსაპოვებლად.

- ორმაგი აგენტებიც მრავლად არიან?

- არიან აგენტები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან. ხშირია გადაბირება, შენიღბული ოპერატიული დავალებების მიცემა-შესრულება ან გადაბირებული პირისაგან ინფორმაციის მიღება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპეცსამსახურებში მაღალ და საშუალო თანამდებობებზე საკმაო რაოდენობით რჩებიან ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ პოლიტიკურ კორუფციაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლებული ან უცხოეთში გაქცეული პირებიც სახიფათონი არიან და არ არის გამორიცხული, ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროცესში. ანალიტიკა უნდა განვითარდეს. სპეცსამსახურები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ შესაბამის სამსახურებს წინასწარ უნდა აწვდიდნენ ინფორმაციებს საიდუმლო გრიფით.

ამ ზაფხულს ხანძრების დროს ერთ-ერთ ვერსიად დრონით ხანძრების გაჩენა განიხილებოდა. ამის გამოსავლენად კოორდინირებულად უნდა ემუშავათ კონტრდაზვერვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურებს. ხელოვნური ხანძრების ინსპირირება საბოტაჟის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას იყენებენ მოსახლეობაში შიშის დასათესად და იმისთვის, რომ გამოჩნდეს სახელმწიფო სპეცსამსახურების უუნარობა. ხანძრები, ძირითადად, ტურისტულ ადგილებში გაჩნდა და ეს შეიძლებოდა ტურისტული სეზონის ჩაგდებისკენაც ყოფილიყო მიმართული.

უშიშროების სამინისტროსა და შს სამინისტროს გაერთიანებამ მოარყია ოპერატიული სისტემა. არადა, აუცილებელია ჯვარედინი ინფორმაციის ფლობა. ერთი უწყება შეიძლება იძლეოდეს არასწორ ინფორმაციას, მეორე უწყების მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებამ კი უნდა გამორიცხოს ცენტრალური ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა.

თეა ხურცილავა