"ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში" - კვირის პალიტრა

"ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში"

რამინ გურასპიშვილი: "ზოგჯერ კი მეუბნებოდა, შენთან ცხოვრება არ მინდა, სხვა მიყვარსო, მაგრამ ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა"

"დედამთილი სულ ეჩხუბებოდა, ცოტა ხნის წინათაც ვნახეთ თვალებდალურჯებული, დედამთილს უცემია"

18 ოქტომბერს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ჯერაც დასადგენია. შილდელები სამართალდამცველების დროულ რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, დარწმუნებული არიან, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლეს, შემდეგ კი დამნაშავემ მისი თვითმკვლელობა გაითამაშა.

იმ დილით მეზობლები 67 წლის ციალა გურასპიშვილის კივილზე ქუჩაში გაცვივდნენ და მის სახლში მისულებს საშინელი სურათი დახვდათ - პირველ სართულზე 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი სახლის ბოძზე მავთულით იყო ჩამოკიდებული. მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ეკას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. თვითმხილველებს არ გამოჰპარვიათ ერთი გარემოება, ახალგაზრდა ქალი წელს ქვემოთ შიშველი იყო, მისი საცვალი, შარვალი და კოლჰოტი იქვე ეყარა. დაეჭვდნენ, ქალი ხომ არ იყო გაუპატიურებული. ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ფეხებსა და სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. რატომღაც სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეზობლების თქმით, პირველი, ვინც პოლიციამ დასაკითხად დაიბარა, გარდაცვლილის მაზლი, გურამ (გია) გურასპიშვილი იყო. ის იმავე დღეს პოლიციის "პიკაპში" დაჰკითხეს. როგორც გაირკვა, პირველად რძლის ცხედარი სწორედ მან ნახა.

ციალა გურასპიშვილი, გარდაცვლილის დედამთილი: "წინადღეს ჩემი მეორე ვაჟის, გიას სახლში წავედით და შვილიშვილთან ერთად ღამე იქ დავრჩით. გია დილით სამსახურში მიდიოდა და ვუთხარი, შვილო, სახლში გაიარე, ღორი და ქათმები დააპურე. ვიცოდი, საქონელს ჩემი რძალი არ მიხედავდა, გია წავიდა და სულ მალე გაგიჟებული უკან ამობრუნდა, ეკას თავი ჩამოუკიდიაო. ჩემი რძალი სულ ამბობდა, თავს მოვიკლავ, მამაჩემთან უნდა წავიდეო. მე ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში".

სამართალდამცავებმა დაკრძალვამდე არაერთხელ დაიბარეს ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი დასაკითხად, რამაც სოფელი დააეჭვა, ითქვა, რომ მის დაკავებას აპირებდნენ. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ სანამ ცხედარს გამოასვენებდნენ, გია სახლიდან გაიპარა და ბაღჩაში თავის მოკვლა სცადა. ის შემთხვევით მეზობელმა ნახა: "გამოსვენებისთვის მინდოდა მიმესწრო და ბილიკით წამოვედი. უცებ ფოთლების შრიალის ხმა გავიგე, და დავინახე თხილის ხეზე ვიღაც ეკიდა. გია ვიცანი, ვცადე, მაგრამ ვერ ჩამოვხსენი, მერე მეზობლებს შველა ვთხოვე და ჩამოვხსენით". გია გურასპიშვილი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიკვდილს გადაურჩა. სოფელში ამბობენ, ეტყობა, რაც ჩაიდინა, იმის მერე მოსვენება დაკარგა და ამიტომ სცადა თავის მოკვლაო.

გარდაცვლილის მეუღლეს რამინ გურასპიშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, მეტიც, მან ტელეკომენტარებში თავისი ძმა დაადანაშაულა და ფიქრობს, რომ მას რამდენიმე თანამზრახველიც ჰყავდა. თუმცა, მოგვიანებით შეხედულება შეიცვალა და ამბობს, რომ პოლიციის ზეწოლით მიიტანა ძმაზე ეჭვი.

რამინ გურასპიშვილი: - ჩემი ძმა უდანაშაულოა, ასეთ რამეს არ ჩაიდენდა.

- ტელევიზიით მას სდებდით ბრალს, მერე რატომ შეიცვალეთ აზრი?

- ყვარლის პოლიციამ მაიძულა ეს მეთქვა. ახლაც ზეწოლას ახდენენ ჩვენზე. ღამით დადიან და მეზობლებს ჰკითხავენ.

- რატომ სცადა თქვენმა ძმამ თავის მოკვლა?

- არ ამბობს. თურმე ეუბნებოდნენ, რომ ეჭვი მასზე ჰქონდათ და ეტყობა, ზეწოლას ვერ გაუძლო. კიდევ ერთხელ ვამბობ - დაწყებული ყვარლის პოლიციის უფროსით, ყველა ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ჩემმა ძმამ თვითმკვლელობა ამიტომ სცადა. ვინც ციხეში ნამყოფია, ყველამ იცის, იქ დაბრუნება რა რთულია.

- გია თბილისში, ფსიქიატრიულში გადაიყვანეთ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს?

- ადრე ჰქონდა, მაგრამ აღრიცხვაზე არ იყო.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ ეკასთან? თავი რატომ უნდა მოეკლა?

- კარგი ურთიერთობა გვქონდა. ოჯახში ყოველთვის არის ჩხუბი, ხან ვჩხუბობდით, მეორე წუთს კი კარგად ვიყავით.

- ეკას და თქვენ შორის 20 წელია ასაკობრივი სხვაობა, ეს ხომ არ გიქმნიდათ ურთიერთობის პრობლემას?

- გინდათ მითხრათ, რომ შვილის ტოლა გოგო მოვიყვანე? 20 წელი კი არა, სხვაობა 5 წელია.

- დედათქვენიც ამბობს, რომ თქვენ 45 წლის ხართ, ეკა 24 წლის იყო.

- არ ვიცი, დედაჩემმა რა გითხრათ. მე ცოლთან არ მქონდა პრობლემები.

- როდის ესაუბრეთ მეუღლეს?

- წინადღეს. მე თბილისში ვიყავი სამუშაოდ, ეკამ დამირეკა და მითხრა, თავი უნდა მოვიკლა და წერილი უნდა დავწეროო. დავამშვიდე, ხომ იცი, მალე აქეთ წამოგიყვან-მეთქი. კარგი, დაგელოდებიო, მაგრამ მეორე დღეს ჩამოიკიდა თავი. სოფელში რომ ჩამოვედი, პოლიცია იყო სახლში, ცხედართან არ მიმიშვეს. მეორე სართულიდან გადმოვიხედე და დავინახე, როგორ ეკიდა - წელს ქვემოთ შიშველი იყო... ეკა კარგი დედა იყო. მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. პირველი ქმარი გარდაეცვალა, მერე ეკას დედამ გამაცნო და დავქორწინდით. არ ვიცოდი, ბავშვთა სახლში რომ გაიზარდა.

- მაშინ ციხიდან ახალი გამოსული იყავით?

- კი, მას მერე 5 წელია ერთად ვცხოვრობდით.

- ეკას წერილი ხომ არ დაუტოვებია?

- ვერაფერი ვიპოვე.

- მეზობლები ამბობენ, თქვენს კართან გამუდმებით პოლიცია იდგა.

- პატარა შელაპარაკება რომ არ მოხდეს ოჯახში, არ არსებობს. ხან ეკა იძახებდა პოლიციას, ხან დედაჩემი.

- დედათქვენს თქვენი მეუღლის პატიოსნებაშიც კი შეაქვს ეჭვი.

- დედამთილს არავინ ჰკითხავს, ქმარმა უნდა გადაწყვიტოს ცოლთან ურთიერთობა. ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა. ის პატიოსანი გოგო იყო. ეს ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია.

- როგორც შევიტყვე, მას ადრეც უცდია თავის მოკვლა.

- მითხრა, მამაჩემთან მინდა წასვლაო. ერთხელ მე გადავარჩინე. ზოგჯერ კი მეუბნებოდა, შენთან ცხოვრება არ მინდა, სხვა მიყვარსო, მაგრამ, ვფიქრობ, გასაბრაზებლად მეუბნებოდა...

მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი გამუდმებით შრომობდა: "დილის 4 საათზე მიდიოდა საწყალი სამუშაოდ. 5 წელია მეზობლად ცხოვრობს და ერთი განაწყენებული მეზობელი არ ჰყოლია. დედამთილი სულ ეჩხუბებოდა, ცოტა ხნის წინათაც ვნახეთ თვალებდალურჯებული, დედამთილს უცემია. ექვსი წლის ყოფილა, მამა რომ მოუკვდა და დედამ ბავშვთა სახლში დატოვა, თავად კი გათხოვდა. ეკა ჩვენი თანასოფლელის ცოლი იყო, კარგი ოჯახი ჰქონდა. ბავშვი 7 თვის ჰყავდა, მეუღლე რომ დაეღუპა, შეშის ჭრისას ხე დაეცა. მამამთილმა უთხრა, შვილო, ახალგაზრდა ხარ, უნდა გათხოვდე, ერთი წელი ჩვენთან იყავი და მერე ვინც გეყვარება, იმას გაგაყოლებთო. მაგრამ დედამისმა აურია გოგოს თავგზა. ჩვენი მეზობელი რამინი ეკაზე 20 წლით უფროსია, ადრე ცოლი ჰყავდა და გაშორდა. მერე 11 წელი ციხეში გაატარა, ციხიდან ახალი გამოსული იყო, დედამ გააცნო რამინს ეკა.

ქმრის საფლავზე რომ წავიდოდა, დედამისი დაურეკავდა რამინს და ერთმანეთს ახვედრებდა. ასე გაათხოვა გოგო. ეკა ხასიათითაც ბავშვი იყო, ზედმეტად გულუბრყვილო, ბავშვთა სახლში არავის უზრუნია მის ჩამოყალიბებაზე.

მათ სახლთან სულ პოლიცია იდგა, მაგრამ ვერ დაიცვეს გოგო. მაზლის დაკითხვის შემდეგ პოლიციამ ეკას ქმარი წაიყვანა დაკითხვაზე და როგორც ჩანს, მასაც უთხრეს, რომ მის ძმაზე აქვთ ეჭვი. სავარაუდოდ, სექსუალურ ძალადობაზეა ლაპარაკი".

როგორც ამბობენ, ეკას მაზლს სამი მეუღლე ჰყავდა, მასთან ვერც ერთმა ვერ გაძლო. ის ორჯერ ნასამართლევია.

როგორც გარდაცვლილის დედამთილი ამბობს, ეკამ თავის მოკვლა ორი თვით ადრეც სცადა, მაშინ ქმარმა იხსნა, არაერთხელ გადაუჭრია ვენები, შუშით დაუსერავს ხელები.

რა გახდა ეკა ნაქევხრიშვილის გარდაცვალების მიზეზი, იმედია, სამართალდამცავები დაადგენენ. მას 4 წლის პატარა დარჩა. მეზობლები ამბობენ, რომ მამა ბავშვის მოვლას ვერ შეძლებს. ამას ისიც ემატება, რომ პატარას განვითარების პრობლემები აქვს და ექიმების დახმარება სჭირდება.

ეკა ნაქევხრიშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, ის 6 წლის არის და ეკას ყოფილი დედამთილი ზრდის. მეზობლების თქმით, გოგოს შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. ტიროდა, შვილთან რომ წავიდე, ვიცი, სახლში საშინელი ტანჯვა მელოდებაო.

თეა ხურცილავა