გაზგასამართი სადგურები - ნელი მოქმედების ბომბები?! - კვირის პალიტრა

გაზგასამართი სადგურები - ნელი მოქმედების ბომბები?!

"სტატისტიკურად, ძირითადად, მომსახურე პერსონალი ხდება აფეთქების მსხვერპლი. კომპანიები მხოლოდ სწრაფ მოგებაზე ფიქრობენ და უსაფრთხოების ზომები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი - ზომებს არც სახელმწიფო იღებს და მხოლოდ ქაღალდზე ფორმალური ცვლილებებით შემოიფარგლება"

ცოტა ხნის წინ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგური აფეთქდა, სამი დაშავებული ადამიანიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა - მართალია, გაზგასამართი სადგურები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიაშია, კანონიც ერთი წლის წინ შეიცვალა და ყველა კომპანიას ყოველწლიურად ტექნიკური დათვალიერების გავლის აუცილებლობა დაეკისრა, თუმცა, მოთხოვნა ქაღალდზე მოთხოვნადვე დარჩა, მის აღსრულებაზე კი სახელმწიფო არ ზრუნავს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" "სი ეი ინტერნეიშენალის" გენერალური დირექტორი სანდრო შელია საუბრობს:

- ცოტა ხნის წინ გაზგასამართი სადგური ბათუმშიც აფეთქდა. კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, კანონი ქაღალდზე დარჩა და მისი აღსრულება არ ან ვერ ხერხდება. ყოველწლიურად ყველა გაზგასამართმა სადგურმა ინსპექტირება უნდა გაიაროს, თუმცა, ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა კანონს არ ემორჩილება და ხშირად ფატალურ შედეგებამდე მივდივართ.

- ვინ არის დამნაშავე, რომ კანონი არ სრულდება? არ არის კანონში გათვალისწინებული დამცავი მექანიზმი, რომ ურჩი კერძო კომპანიები პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ?

- კანონის მიღების შემდეგ ზედამხედველობის სააგენტომ ყველა კომპანიას წერილობით მიმართა, რომ ინსპექტირება სავალდებულოა, თუმცა, კერძო სექტორი არ იჩენს ინიციატივას, ანუ გაზგასამართი სადგურების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მოქალაქეების უსაფრთხოება. ბუნებრივია, კომპანია, რომელმაც იცის, რომ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, შემოწმებას არ ითხოვს და ფონს იმით გადის, რომ ზედამხედველობის სამსახურს არა აქვს რესურსი, ქვეყანაში მომუშავე გაზგასამართი სადგურები შეამოწმოს. ჩვენ კერძო ორგანიზაცია ვართ და კომპანიაზე ზეწოლის უფლება არა გვაქვს. ასე რომ,

აბსოლუტურად ქაოსური ვითარებაა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება, თანაც, გაზგასამართი სადგური ისეთი ობიექტების კატეგორიაშია, უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავების გარეშე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აფეთქდება.

ქვეყანაში საკომპრესორო სადგურების 94 ობიექტია აღრიცხული, დიდი ნაწილი პატარა კერძო კომპანიებია. ჩვენ დაახლოებით 20 გაზგასამართი სადგური შევამოწმეთ, რეკომენდაციებიც გავეცით, თუმცა, ამის იქით ვეღარ ვმოქმედებთ - ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ობიექტი დაიხუროს თუ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეს.

გაზგასამართი სადგური ერთ-ერთი შემოსავლიანი ბიზნესია, სადაც არაერთი გავლენიანი პირის ინტერესი იკვეთება, შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ სწორედ ამ პირთა გავლენით ობიექტების ხარვეზებზე სახელმწიფო თვალს ხუჭავს და პროცესი პოლიტიკურად ფერხდება.

რაც შეეხება კონკრეტულად ჯარიმებს, ბუნებრივია, სტანდარტების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები გათვალისწინებულია, თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ ამ დარღვევების აღმოჩენა მაქსიმალურად ჭიანურდება სწორედ სხვადასხვა პირის გავლენის გათვალისწინებით.

- კონკრეტულად, რა ტიპის ტექნიკური ხარვეზები ფიქსირდება?

- მთავარი პრობლემა მოძველებული ტექნიკა კი არა, პერსონალის კომპეტენციაა - არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, რასაც, ბუნებრივია, გაუმართავი ტექნიკა ემატება. კომპანიები არ ზრუნავენ, კვალიფიციური კადრები ჰყავდეთ. პირადად მე აშშ-ში სწორედ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვმუშაობდი და როდესაც საქართველოშიც იმავე საქმიანობას შევუდექი, გავოგნდი - საფრთხის შემცველ დანადგართან სამუშაოდ ისეთ პირებს ნიშნავენ, რომლებმაც არ იციან წესები, არც ტრენინგი აქვთ გავლილი და ავზის ტუმბვა მხოლოდ მავთულის კომპრესორთან შეერთება ჰგონიათ.

სტატისტიკურად, ძირითადად, მომსახურე პერსონალი ხდება აფეთქების მსხვერპლი. კომპანიები მხოლოდ სწრაფ მოგებაზე ფიქრობენ და უსაფრთხოების ზომები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი - ზომებს არც სახელმწიფო იღებს და მხოლოდ ქაღალდზე ფორმალური ცვლილებებით შემოიფარგლება. სახელმწიფო მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებს - თუ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, შემდეგ იწყებს ძიებას, რამ გამოიწვია ინციდენტი. არადა, ამას უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს. იგივე ხდება სხვა სფეროშიც, განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია ლიფტები.

- გარდა იმისა, რომ შესაძლოა, კანონის აღსრულებას გავლენიანი პირების ინტერესი აფერხებს, ზედამხედველობის სამსახურს აქვს თუნდაც ფინანსური შესაძლებლობა, რომ არსებული რისკები განსაზღვროს?

- რა თქმა უნდა, არა აქვს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი. სწორედ ამიტომ შეიცვალა შარშან კანონი, რომ შემოწმებაში კერძო კომპანიებიც ჩართულიყვნენ, თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფოს ნებისა და შესაბამისი აქტივობის გარეშე შედეგს ესეც არ გვაძლევს.

განსაზღვრულიც კი არ არის რისკები, სად არსებობს ადამიანის დაღუპვის საფრთხე. იმისთვის, რომ მოქმედება დაიწყო, უნდა გქონდეს სურათი, სად რა ტიპის დარღვევაა, რა უნდა შემოწმდეს და რომელი ობიექტი დაიხუროს. ასეთი კვლევა სახელმწიფოს წლებია არ ჩაუტარებია. კომპანიებს ექსპლუატაციის ნებართვები სხვადასხვა დროს აქვთ აღებული და წლების წინ გაცემული სერტიფიკატებით ოპერირებენ - მთელი ჯაჭვია, რომელსაც სისტემურად აწყობა სჭირდება.

მოქალაქეები, რომლებიც უსახსრობის გამო იძულებული არიან ბენზინი გაზით ჩაანაცვლონ, ფაქტობრივად, ნელი მოქმედების ბომბზე სხედან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შარშან კანონში ცვლილებები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. დასავლეთი კანონის აღსრულებას ყურადღებით აკვირდება, თუ ვითარება არ გამოსწორდა, დასავლელ პარტნიორებს მწვავე კითხვები გაუჩნდებათ.

რუსუდან შელია