სპეცოპერაცია თბილისში: რა აკავშირებს აკადემიკოსების ოჯახის წევრს "მალიშ კრიტნისთან" - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია თბილისში: რა აკავშირებს აკადემიკოსების ოჯახის წევრს "მალიშ კრიტნისთან"

"მალიშ კრიტნი" კრიმინალური ავტორიტეტი არ არის, ერთი ჩვეულებრივი ძველი ბიჭია"

23 ოქტომბერს თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ბარიდან ორი პირი - დავით თოლორდავა და აზერბაიჯანის მოქალაქე, პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ელჩინ ბადალოვი (მეტსახელად "მალიშ კრიტნი") აიყვანეს. დაკავებულებს გამოძიება ბიზნესმენებისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გამოძალვას ედავება. ტელევიზიით გავრცელდა შსს-ს მიერ მოპოვებული ფარული ვიდეომასალა, რომელშიც ბაქოელი ელჩინ ბადალოვი ჰყვება, როგორ დაუკვეთეს ბიზნესმენებისგან თანხის ამოღება, ხოლო თუ ისინი დათქმულ დროზე ფულს არ მოიტანდნენ, თავის მოჭრითაც ემუქრება. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დავით თოლორდავას ბინაც, სადაც ის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობს. დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "მალიშ კრიტნი" დუმილის უფლებას იყენებს და აზერბაიჯანში ექსტრადირებას ითხოვს, დავით თოლორდავა კი დანაშაულს არ აღიარებს.

გია ჯანაშვილი, დავით თოლორდავას ადვოკატი: - თოლორდავას ბრალდება ედავება, თითქოს ის ავტორიტეტია და გარჩევებში მონაწილეობდა... ის აკადემიკოსების ოჯახის შვილია, ოქროს მედალზე დაამთავრა კომაროვის სკოლა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი კი - წითელ დიპლომზე. მუშაობდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და მეცნიერებათა აკადემიაში... ბოლო ხანს ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, პარალელურად, კერძო ფირმებს შეკვეთით გამოთვლით მომსახურებას უწევდა...

შპს "ინჟინერი-2003"-მა ჩიტაძის ქუჩის 9 ნომერში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რისთვისაც დირექტორმა, ბაგრატ მუჯირიშვილმა, მუშები დაიქირავა. მუშებმა მას ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვეს. მუჯირიშვილი არ დათანხმდა - დავიბეგრები და მირჩევნია, ქეშად გადაგიხადოთო. ერთი თვე ამუშავა და გასამრჯელო - 2000 ლარი არ გადაუხადა. ოთხმა მუშამ, რომელთაგან ორი აზერბაიჯანელი იყო, ბაქოდან სტუმრად ჩამოსულ მეგობარს, ელჩინ ბადალოვს სთხოვა, თურქეთში სამუშაო გამოგვიჩნდა, იქნებ შენ აიღო ჩვენი ხელფასი და იქ გადმოგვიგზავნოო. ბადალოვმა თავისი ახლობელი, დავით თოლორდავა იახლა ფირმის პატრონთან - ბიჭების ვალი გქონიათო. მან მოატყუა თოლორდავა და ბადალოვი - ფული არ გვაქვსო. საგადასახადოში გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ შპს-ს თანხები დარიცხული ჰქონდა.

- თუმცა შსს-ს მიერ გადაღებულ ფარულ ვიდეომასალაში მათი მუქარა ისმის...

- მოვითხოვ, მთლიანად გაასაჯაროონ ჩანაწერი. ორი კვირა მიდიოდა მიყურადება. მუჯირიშვილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, მემუქრებიანო. პოლიციამ კი ეს ხალხი არც დაიბარა, რატომ ემუქრებითო, დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება - მუჯირიშვილმა თოლორდავასა და ბადალოვთან დათქმულ შეხვედრაზე წაიყვანა ვიდეოკამერით აღჭურვილი პოლიციის თანამშრომელი, აგენტი, თითქოსდა მეგობარი ძველი ბიჭი, რომელიც მათ საქმის "ქურდულად" გარჩევას"სთავაზობს... ჩანაწერში გარკვევით ისმის მუჯირიშვილის შეკითხვა, - ბიჭებო, მოკვლას მიპირებთ? რომ არ გადავუხადო, მომკლავთ? ხელს მომაჭრით? და მსგავსი პროვოკაციული ფრაზები. დათო ეუბნება, - ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ხელი მოგაჭრათ, შენი მოკვლა ვის რად უნდა, ბიჭებს თანხა მიუტანეთ, თურქეთში უფულოდ არიან, 100 დოლარი, საჭმლის ფული მაინც გაუგზავნეთო.

ფირმის მეპატრონე მათ სამშაბათს იბარებს. ის და მისი ვიდეოკამერიანი მეგობარი თუ აგენტი თოლორდავას და ბადალოვს პროვოკაციას უწყობენ. ტელევიზიით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი დაჭრილია. მე ის ფირი სრულად ვნახე და არავითარი მუქარა არ ისმის.

- რა ურთიერთობა ჰქონდა თოლორდავას ბაქოელ კრიმინალურ ავტორიტეტთან?

- "მალიშ კრიტნი" კრიმინალური ავტორიტეტი არ არის, ერთი ჩვეულებრივი "ძველი ბიჭია", რომელიც მეგობრებს თანხის ამოღებაში ეხმარება. თოლორდავამ ბადალოვი 2016 წელს გაიცნო სუფრაზე, აზერბაიჯანელ მეგობართან. როცა ელჩინი თბილისში ჩამოდიოდა, თოლორდავასაც მოიკითხავდა ხოლმე. ბოლო დროს "მალიში" კბილების გასაკეთებლად ჩამოვიდა თბილისში. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე თოლორდავას დაურეკა, - თუ შეგიძლია, თარჯიმნად წამომყევი, ვიღაცას ჩემი მეგობრების ვალი აქვს, ენა არ იცის და ვერაფერს ვაგებინებო.

ეს ყველაფერი 2000 ლარის გამო მოხდა. დავითი კრიმინალი და ავტორიტეტი რომ ყოფილიყო, 2000 ლარზე ვინმეს გაეკარებოდა? სხვათა შორის, მუჯირიშვილი 5-ჯერ არის დაკავებული და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული.

დავით თოლორდავა თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. მან 6 თვეში სამი მიცვალებული გაასვენა - ძმა, მამა და დეიდა. მოხუცი დედა დარჩა, რომელსაც სიმსივნე აქვს. იძულებული ვარ, მივმართო პროკურატურას და ამ ე.წ. ბიზნესმენების წინააღმდეგ სხვისი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე საქმე აღვძრა.

ნანა ფიცხელაური