"თქვა თუ არა, ცუდად ვარო, ორ წუთში გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"თქვა თუ არა, ცუდად ვარო, ორ წუთში გარდაიცვალა"

"ფანჯრიდან დავინახე, რომ პაატას პატრული მიათრევდა. ბიჭებმა თქვეს, წინ გადახრილი პაატა იხვეწებოდა, თავი დამანებე, ცუდად ვარო. როცა ჩაიკეცა, პატრულის თანამშრომელი მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო და რაციით გადასცა, ჩქარა, 112-ში დარეკეთო. პირველად მეზობლებმა დავრეკეთ 112-ში. სასწრაფო დახმარება 5 წუთში მოვიდა, მაგრამ გვიან იყო"

25 ოქტომბერს, დღის 4 საათსა და 59 წუთზე, 112-ში რვაწამიანი ინტერვალით ორი ზარი შევიდა. ორივე აბონენტი სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა ნუცუბიძის მე-4 პლატოს 24-ე კორპუსთან. 5 წუთში მისულ სამედიცინო პერსონალს 33 წლის პაატა პავლიაშვილი გარდაცვლილი დახვდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიცია გამოიძახა. მეზობლების თქმით, სიტუაციას შემთხვევით პაატა პავლიაშვილი შეესწრო, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციის მისვლის გამო და გინება დაიწყო. პოლიციის თანამშრომელმა მას ხელები გადაუგრიხა და ხელბორკილიც დაადო. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ახალგაზრდა მოულოდნელად ცუდად გახდა, ჩაიკეცა და მალევე გარდაიცვალა.

პაატა პავლიაშვილის ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტები გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ.

შს სამინისტროს განცხადება (სტილი დაცულია): "მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება".

ქეთინო თოდრია, მეზობელი: "პაატა წყნარი ბიჭი იყო, ბოლო დროს კი სვამდა, მაგრამ ამასაც მიზეზი ჰქონდა _ სამი წლის წინ ძმა დაეღუპა. მერე პატარა ბიძაშვილი მის თვალწინ წყალში დაიხრჩო. ამ ყველაფრისა და დღევანდელი სოციალური გაჭირვების გამო სმას მოუმატა. უკონფლიქტო და კარგი ხასიათის ახალგაზრდა იყო. სულ ცდილობდა, ვინმეს დახმარებოდა.

ჩხუბი ნოდარ შანიძესა და მეზობელ გიორგი კოპალიანს (კოპალა) შორის დაწყებულა, ოღონდ კორპუსის მეორე მხარეს. Gგიორგი აფხაზეთში ნაომარი ბიჭია, დაჭრილი და კონტუზირებული. კონფლიქტი მალევე განიმუხტა, მაგრამ შანიძე სახლში რომ ასულა, პატრული გამოუძახებია.

იმ დროს, როდესაც კოპალიანს პოლიციელი ელაპარაკებოდა, პაატამ მეზობელთან ერთად გამოიარა და პოლიციელები რომ დაინახა, შეიგინა, ვინც კოპალას დაიჭერს, მე იმისი დედაო. პაატა მეზობელმა გაარიდა იქაურობას, მაგრამ პოლიციელი გაეკიდა. მეზობელმა სთხოვა, ხომ ხედავ, როგორი ნასვამია, უაზროდ არისო, მაგრამ პატრულის მეორე თანამშრომელს უთქვამს, წაათრიეო. როცა მიჰყავდათ, მეორე პატრული მის გაკავებას ცდილობდა, პაატა წინააღმდეგობას უწევდა. ფანჯრიდან დავინახე, რომ პაატას პატრული მიათრევდა. ბიჭებმა თქვეს, წინ გადახრილი პაატა იხვეწებოდა, თავი დამანებე, ცუდად ვარო. როცა ჩაიკეცა, პატრულის თანამშრომელი მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო და რაციით გადასცა, ჩქარა, 112-ში დარეკეთო. პირველად მეზობლებმა დავრეკეთ 112-ში. სასწრაფო დახმარება 5 წუთში მოვიდა, მაგრამ გვიან იყო".

ლალი, პაატა პავლიაშვილის ოჯახის ახლობელი: "პაატა არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია. განათლებული და ნიჭიერი ძმები იყვნენ, უფროსი ექიმი იყო, ქირურგი, პაატა კარგად ხატავდა, ძალიან განიცდიდა ძმის ამბავს, უმუშევრობასაც. ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ექიმი ვარ და ჩემი ვარაუდით, თრომბი ან ემბოლია განვითარდა. პოლიციელებმა წინ რომ წახარეს და მიათრევდნენ, შესაძლოა, ასპირაცია მოხდა, თორემ ხელის გადაგრეხით არავინ კვდება. თქვა თუ არა, ცუდად ვარო, ორ წუთში გარდაიცვალა".

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს კომენტარს აღარ აკეთებს.

ნანა ფიცხელაური