"ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა" - შილდაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა" - შილდაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

"დედამთილი სულ ეჩხუბებოდა, ცოტა ხნის წინათაც ვნახეთ თვალებდალურჯებული, დედამთილს უცემია"

18 ოქტომბერს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ჯერაც დასადგენია. შილდელები სამართალდამცველების დროულ რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, დარწმუნებული არიან, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლეს, შემდეგ კი დამნაშავემ მისი თვითმკვლელობა გაითამაშა. მომხდარის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მეზობლების თქმით, პირველი, ვინც პოლიციამ დასაკითხად დაიბარა, გარდაცვლილის მაზლი, გურამ (გია) გურასპიშვილი იყო. ის იმავე დღეს პოლიციის "პიკაპში" დაჰკითხეს. როგორც გაირკვა, პირველად რძლის ცხედარი სწორედ მან ნახა.

ციალა გურასპიშვილი, გარდაცვლილის დედამთილი: "ჩემი რძალი სულ ამბობდა, თავს მოვიკლავ, მამაჩემთან უნდა წავიდეო. მე ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში".

სამართალდამცავებმა დაკრძალვამდე არაერთხელ დაიბარეს ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი დასაკითხად, რამაც სოფელი დააეჭვა, ითქვა, რომ მის დაკავებას აპირებდნენ. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ სანამ ცხედარს გამოასვენებდნენ, გია სახლიდან გაიპარა და ბაღჩაში თავის მოკვლა სცადა.

გარდაცვლილის მეუღლეს რამინ გურასპიშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, მეტიც, მან ტელეკომენტარებში თავისი ძმა დაადანაშაულა და ფიქრობს, რომ მას რამდენიმე თანამზრახველიც ჰყავდა. თუმცა, მოგვიანებით შეხედულება შეიცვალა და ამბობს, რომ პოლიციის ზეწოლით მიიტანა ძმაზე ეჭვი.

რამინ გურასპიშვილი: - ჩემი ძმა უდანაშაულოა, ასეთ რამეს არ ჩაიდენდა.

- ტელევიზიით მას სდებდით ბრალს, მერე რატომ შეიცვალეთ აზრი?

- ყვარლის პოლიციამ მაიძულა ეს მეთქვა. ახლაც ზეწოლას ახდენენ ჩვენზე. ღამით დადიან და მეზობლებს ჰკითხავენ.

- რატომ სცადა თქვენმა ძმამ თავის მოკვლა?

- არ ამბობს. თურმე ეუბნებოდნენ, რომ ეჭვი მასზე ჰქონდათ და ეტყობა, ზეწოლას ვერ გაუძლო. კიდევ ერთხელ ვამბობ - დაწყებული ყვარლის პოლიციის უფროსით, ყველა ზეწოლას ახდენს ჩვენზე. ჩემმა ძმამ თვითმკვლელობა ამიტომ სცადა. ვინც ციხეში ნამყოფია, ყველამ იცის, იქ დაბრუნება რა რთულია.

- გია თბილისში, ფსიქიატრიულში გადაიყვანეთ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს?

- ადრე ჰქონდა, მაგრამ აღრიცხვაზე არ იყო.

- მეზობლები ამბობენ, თქვენს კართან გამუდმებით პოლიცია იდგა.

- პატარა შელაპარაკება რომ არ მოხდეს ოჯახში, არ არსებობს. ხან ეკა იძახებდა პოლიციას, ხან დედაჩემი.

- დედათქვენს თქვენი მეუღლის პატიოსნებაშიც კი შეაქვს ეჭვი.

- დედამთილს არავინ ჰკითხავს, ქმარმა უნდა გადაწყვიტოს ცოლთან ურთიერთობა. ტყუილია, რომ ეკა მღალატობდა. ის პატიოსანი გოგო იყო. ეს ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია.

იხილეთ 20 ოქტომბრის გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად