ვინ და როგორ ცდილობდა გონიოში დაკარგული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვას? - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ ცდილობდა გონიოში დაკარგული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვას?

გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გონიოში, ზღვაში წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, 2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

იხილეთ ასევე: "არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?!

"ინტერპრესნიუსი"