"ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია, კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა" - მეგის ქარდავა დააკავეს - კვირის პალიტრა

"ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია, კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა" - მეგის ქარდავა დააკავეს

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ის ყალბი პასპორტით ცდილობდა რუმინეთიდან უკრაინაში შესვლას და სწორედ ამ დროს ივანო-ფრანკოვსკის რაიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა. მოგეხსენებათ, თითქმის 5 წელია ის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

გრძელია იმ დანაშაულობათა სია, რომლის გამოც მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავები ეძებდნენ. რამდენიმე მკვლელობა, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება, სერგო თეთრაძის წამების ორგანიზება, ე.წ. კასრების საქმე და ა.შ.

სწორედ "კასრების საქმეზე" მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ქარდავამ საქართველოდან გაიტანა ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი და თითქოს ამით ვაჭრობასაც კი ცდილობდა.

ქარდავას "გმირობების" თაობაზე სტატიები "კვირის პალიტრის" არქივში მრავლად იძებნება. მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი მიხეილ ბიბილურიძე ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობდა:

"ციხეში ყოფნისას, ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს - დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს.

თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ..." (იხილეთ სრულად)

ყველაზე დიდი რეზონანასი კი ზემოთ ხსენებულ "კასრების საქმეს" მოჰყვა.

შსს- მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების დროს გააცნო, რის შემდეგაც ეს მასალები საჯაროდ, შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ ეს კადრები ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე მოხვდა. მაშინაც ამბობდნენ, რომ ამ საქმეში მეგის ქარდავას ხელი ერია.

შეგახსენებთ, 2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.

როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მოახერხა და ისინი დააკავა.

ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.

"კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.

იხილეთ ასევე: "კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

ფოტო აღებულია ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტიდან