რა წერია წერილში, რომელიც გონიოში დაკარგული მყვინთავების ოჯახს თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა გაუგზავნეს? - კვირის პალიტრა

რა წერია წერილში, რომელიც გონიოში დაკარგული მყვინთავების ოჯახს თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა გაუგზავნეს?

"ინტერპრესნიუსმა" 2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთვნების დროს გაუჩინარებული სამხედროს სახელით დაწერილი ერთ-ერთი წერილი მოიპოვა, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა ჯარისკაცის ოჯახს გაუგზავნეს.

დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა. წერილში ბრალდებული პირი გიორგი ნანეტაშვილის სახელით ჯარისკაცის ოჯახს წერს, რომ სხვისი კუთვნილი 39 ათასი დოლარი დახარჯა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხა. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ მას საქართველოში არ დაედგომებოდა და ქვეყანაში რომ დარჩენილიყო, აუცილებლად მოკვდებოდა.

"სალამი ყველას! კარგად ვხვდები ჩემს გამო რაც გადაგხდათ. ვიმყოფები თურქეთის ძაან მიყრუებულ ადგილას. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ერთი სიტყვა არავის არ უთხრათ ჩემს შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის მანძილზე 80 000 $ იძლევიან, საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით მედგა გვერდზე, მას ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვილი 39 000 $ მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების და ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი რა ვქნა. 7დღეში როგორც გინდა იშოვნე და ჩარიცხე ისე, რომ ხმა არ ამოიღო არასდროსო. ამ კაცმაც რა ქნას. მართლა, გთხოვ იქნებ 1 წლით მისესხო და 80 000 რომ ავიღებ, სულ ყველას, 5 000 გარდა თქვენ მოგცემთ.

ბოდიშს ვიხდი ჩემი კარნახით წერს ჩემი თურქი ქართველი მეგობარი. არ მინდა ვინმემ ჩემი ხელწერა იცნოს. ჩემს სახელსაც იმიტომ არ ვახსენებ და არც ჩემებს, რადგან შეიძლება უშიშროება ჩემზე მუშაობდეს. მე გავიგე, რომ მათ ეჭვები აქვთ, რომ არ დავკარგულვარ", - წერს ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, თავს გიორგი ნანეტაშვილად ასაღებდა.

წერილში ასევე მითითებულია ანგარიშის ნომერი, სადაც ფული უნდა ჩარიცხულიყო.

"ყველა მომიკითხე. ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით ყველას. ეს სასწრაფოა. ბანკის ნომერი ამოიწერე და წერილი დაწვი. როცა დავრწმუნდები არ მითვალთვალებენ, ყველას დაგიკავშირდებით. მხოლოდ ეს მაქვს პრობლემა, დანარჩენი კარგად ეწყობა. 10 დღეში ჯარში წავალ, თუ ეს თანხა გადავიხადე", - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

შემთხვევიდან რამდენიმე თვეში, ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის სახელით, მისმა ოჯახმა ოთხი წერილი მიიღო, რომელშიც თითქოს მათი დაკარგული შვილი ფულს ითხოვდა. თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად თაღლითობის საქმე 2017 წლის აპრილში გაიხსნა და სამართალდამცველებმა თალღლითობის მცდელობის ბრალდება სამ პირს წაუყენა. ამ დროისთვის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება.

იხილეთ ასევე: "თავდაპირველად 39000 აშშ დოლარს ითხოვდნენ" - გონიოში დაკარგული მყვინთავის ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"