"რუსეთში მომკლავენ" - გადასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მიკაელ კადიევს? - კვირის პალიტრა

"რუსეთში მომკლავენ" - გადასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მიკაელ კადიევს?

2013 წლის 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღესტნელი მიკაელ კადიევი თავის ბიძაშვილთან, რიზვან ომაროვთან ერთად ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა. უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულები ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს...

კადიევი და ომაროვი ციხიდან 2015 წლის ივნისში გათავისუფლდნენ. კადიევმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭება, ამის პარალულურად რუსეთის ფედერაცია კადიევის ექსტრადირებას ითხოვდა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევს დევნილის სტატუსს მიღებაზე უარი უთხრა. დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რითიც ქართულმა მხარემ რუსეთის დაკვეთა შეასრულა.

როგორც მიკაილ კადიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთში სიკვდილი ემუქრება და ქართულ საზოგადოებას სთხოვა, თავისი სამოქალაქო აქტივობით რამენაირად გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რუსეთში მისი ექსტრადირების შესახებ.

"მივმართავ ქართველ ხალხს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას არ ვენდობი, მათ შორის დევნილთა სამინისტროს. მიდის საექსტრადიციო პროცედურები რუსეთისთვის ჩემი გადაცემის მიზნით. მე ყველა მტკიცებულება წარმოვადგინე, რომ უდანაშაულო ვარ და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ყველაზე ახლო მეგობრის, მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ "ფე-ეს-ბეს" ნიღბიანი აგენტები ესვრიან. ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე. დევნილთა სამინისტრო იტყუებოდა, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. ქართველ ხალხს მივმართავ, მე მემუქრება სიკვდილი რუსეთის ციხეში. ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე", - განაცხადა კადიევმა.

"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება დაღესტნელ მოჯაჰედთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ, გთავაზობთ ამონარიდს.

- საქართველოში ჩამოსვლამდე 1 წელი თურქეთში ვცხოვრობდი, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო იქ ცხოვრება გამიჭირდა. ოჯახიც ხშირად ვერ ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას, ამიტომაც მივაშურე აზერბაიჯანს. ჩემი ძმებისა და მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, რომ ქართველები ნორმალურად ეპყრობიან მუსლიმებს, თანაც საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა... მოკლედ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩამოვედი და ვცხოვრობდი მანამ, სანამ მოვიდოდა ხელისუფლება, რომელმაც ლამის ტერორისტად გამომაცხადა. საქართველოში აზერბაიჯანიდან ოფიციალურად, კანონიერი გზით შემოვედი. დაპატიმრებამდე თბილისში, კავსაძის

ქუჩაზე ვცხოვრობდი.

- სამშობლოში რას საქმიანობდით?

- დაღესტანში საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ვმუშაობდი, ვიყავი მე-10 კატეგორიის მაშველი. ერთ-ერთი ფონდის ორგანიზატორიც გახლდით, რომელიც გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებოდა და იცავდა მუსლიმების უფლებებს რუსეთში. ვაწყობდით მიტინგებს ციხეებში მუსლიმების წამების, ასევე კავკასიაში მათი უკანონო დევნისა და მკვლელობების წინააღმდეგ. (იხილეთ სრულად)