"ტრაგიკული ბედის ბიჭი იყო პაატა, ჯერ ძმა დაეღუპა. მერე პატარა ბიძაშვილი მის თვალწინ წყალში დაიხრჩო" - კვირის პალიტრა

"ტრაგიკული ბედის ბიჭი იყო პაატა, ჯერ ძმა დაეღუპა. მერე პატარა ბიძაშვილი მის თვალწინ წყალში დაიხრჩო"

25 ოქტომბერს, დღის 4 საათსა და 59 წუთზე, 112-ში რვაწამიანი ინტერვალით ორი ზარი შევიდა. ორივე აბონენტი სასწრაფო დახმარების მისვლას ითხოვდა ნუცუბიძის მე-4 პლატოს 24-ე კორპუსთან. 5 წუთში მისულ სამედიცინო პერსონალს 33 წლის პაატა პავლიაშვილი გარდაცვლილი დახვდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტის შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიცია გამოიძახა. მეზობლების თქმით, სიტუაციას შემთხვევით პაატა პავლიაშვილი შეესწრო, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციის მისვლის გამო და გინება დაიწყო. პოლიციის თანამშრომელმა მას ხელები გადაუგრიხა და ხელბორკილიც დაადო. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ახალგაზრდა მოულოდნელად ცუდად გახდა, ჩაიკეცა და მალევე გარდაიცვალა.

მომხდარზე საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზეა აღძრული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების დაკითხვა. ამას გარდა, პაატა პავლიაშვილის ოჯახმა პროკურატურას მიმართა, მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუმცა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, უარის თქმის მიზეზი წერილში იმ არგუმენტით არის გამართლებული, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გამოკვეთილი ბრალდებული. თუმცა, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ოჯახს საქმის მასალების გაცნობის საშუალება პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე მაინც ეძლევა.

საიას იურისტის განმარტებით, ამ ეტაპზე პავლიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც არა უგვიანეს 45 დღისა უნდა იყოს მზად. ლევან ვეფხვაძის თქმით, მომავალ კვირაში ოჯახი საქმის მასალებს და გამოძიების მიმდინარეობას პროკურატურაში კვლავ გაეცნობა.

შალვა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: "მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს, რომელიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მე რომ გითხრათ რა მოხდა, მაშინ გამოძიება რა საჭიროა"

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პაატა პავლიაშვილის ოჯახის ახლობელი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

ლალი, პაატა პავლიაშვილის ოჯახის ახლობელი: "პაატა არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია. განათლებული და ნიჭიერი ძმები იყვნენ, უფროსი ექიმი იყო, ქირურგი, პაატა კარგად ხატავდა, ძალიან განიცდიდა ძმის ამბავს, უმუშევრობასაც. ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ექიმი ვარ და ჩემი ვარაუდით, თრომბი ან ემბოლია განვითარდა. პოლიციელებმა წინ რომ წახარეს და მიათრევდნენ, შესაძლოა, ასპირაცია მოხდა, თორემ ხელის გადაგრეხით არავინ კვდება. თქვა თუ არა, ცუდად ვარო, ორ წუთში გარდაიცვალა". (იხილეთ სრულად)

სამი წლის წინ ძმა დაეღუპა. მერე პატარა ბიძაშვილი მის თვალწინ წყალში დაიხრჩო