"შვილი დაგვხოცავს ან თავს მოიკლავს"
"შვილი დაგვხოცავს ან თავს მოიკლავს"
"როცა ფული არა აქვს, ნამდვილ გიჟს ჰგავს, უკონტროლოა, ძალიან აგრესიული... შინ ყველაფერს ლეწავს და მერე ჩვენ გვადანაშაულებს, რატომ დამამტვრევინეთო..."

"თუ გაიგებთ, რომ ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, გაუგზავნეთ გამწარებული დედის ხმა პირადად პრემიერს..."


ჩვენი გაზეთის 42-ე ნომერში ლუდომანის დედის სატკივარზე დავწერეთ.­ სტატიას კიდევ ერთი გამწარებული დედა გამოეხმაურა... გვთხოვა, დაგვეწერა მისი ოჯახის დიდი პრობლემის შესახებ... ეს ამბავი თითქოს ერთი ოჯახის ტკივილია, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენი რესპონდენტი ათასობით ოჯახის სათქმელს ამბობს. იმ ოჯახების სახელით ლაპარაკობს, რომლებიც მიზეზთა გამო, ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან...


ნინო: - ორი შვილი მყავს - 26 წლის ვაჟი და მასზე უმცროსი გოგონა.­ რაიონში ვცხოვრობდით. მერე მეუღლე­ თბილისში წამოვიდა სამუშაოდ, ჩვენ იქ დავრჩით. დათო ჩვეულებრივი ბავშვი­ იყო. სოფლის ბირჟაზე კარტის თამაშით იქცევდა თავს... იქნებ ეს გახდა ჩვენი ოჯახის დამაქცევარი?
იმ დროს სათამაშო ობიექტები ასეთი გავ­რ­ცელებული არ იყო, სოფლად არც ინტერნეტი იყო ხელმისაწვდომი.­ ჩემმა მეუღლემ რამდენჯერმე სთხოვა დათოს, თბილისში ჩამოდი, ჩემ­თან შენი ტოლი ბიჭები­ მუშაობენ და იქნებ რამე ადგილი შენთვისაც გამოჩნდესო... მართლაც ჩამოვიდა თბილისში, ერთ დღეს კი მეგობარმა კაზინოში დაპატიჟა.

ცოტა ხანში ფულის
თხოვნა დაიწყო ჯერ 5-10 ლარობით. ასე, დღითი დღე იზრდებოდა თანხის ოდენობა და ახლა კრიტ­იკულ ზღვარზე ვართ. მივხვდით, რომ ჩვენი ვაჟი აზარტულ თამაშებზე გახდა დამ­ოკიდებული. იქამდე მივიდა, რომ მამამისს­ სამსახურში დაჰყვებოდა და ამოწმებდა, რამდენს აიღებდა, რომ სათამაშო ფული გამომუშავებული თანხის შესაბამისად მოეთხოვა. წაიღებდა ფულს და ერთ-ორ საათში ფერდაკარგული ბრუნდებოდა. ამდენ ხარჯს ვეღარ გავ­უძელით და მეც თბილისში გადმო­ვედი, მუშაობა დავიწყე. თანდათან მე და ჩემს მეუღ­ლეს ისე დაგვეძაბა ურთიერთობა, რომ ახლა ოჯახის დანგრევის ზღვარზე ვართ, მიზეზი,­ რა თქმა უნდა, ჩვენი ვაჟის, დათოს საქციელია... ჩემი გოგონა მხოლოდ იმიტომ გათხოვდა, რომ ძმისგან თავი გაერიდებინა.

- ახლა რა მდგომარეობაშია დათო?

- ეს უბედურება სამი წლის წინ დაგვატყდა თავს და დღემდე თამაშობს. უკვე ორი წელია, რაც უკონტროლოა.
თუ ფულის მიცემაზე უარს ვეტყვით, ძალადობს­. ვალებიც დავიდეთ და საშინელ დღეში ვართ. თითქმის ფსიქიკურ აშლილობამდეა მისული, საჭმლის ფულსაც კი თამაშს ახმარს, ურჩევნია, არ ჭამოს და სათამაშო ფული ჰქონდეს. თუ ფულის მიცემაზე უარს ვეტყვით, სახლში ყველაფრის დალეწვითა და ვენების გადაჭრით გვემუქრება. როცა უკიდურეს ზომამდე მიდის, საპატრულო პოლიციას ვიძახებთ, მაგრამ ხელწერილის დაწერა ვერაფერს გვშველის... ერთ დღესაც სოფელში ჩასულს ოქროული წაღებული დამხვდა, ტელეფონს ორ დღეზე მეტხანს არ იჩერებს, აუცილებლად ალომბარდებს.

- არ უცდია სამსახურის დაწყება?

- როგორ არა, ჩემმა მეუღლემ რამდენიმეჯერ უშოვა, მაგრამ ხელფასი, რა თქმა უნდა, ისევ თამაშს მოახმარა და ბოლოს წამოვიდა ყველა სამსახურიდან.

- დათო როგორ აღიქვამს თავის პრობლემას და რაში ხედავს გამოსავალს?

- ნატრობს, ნეტავ სულ დაიხუროს ყველა აზარტული თამაშის ობიექტიო, მაგრამ თავს ვერ ერევა... თუმცა, ონლაინკაზინოებს რა გამოლევს? იქაც თამაშობს - თუ სახლშია ინტერნეტით ცდილობს `ლომკა~ დაიკმაყოფილოს.

- გიცდიათ თუ არა ფსიქოლოგიური დახმარება?

- უკვე გადავწყვიტეთ, საზღვარგარეთ წავიდეთ. პრემიერს მივწერე წერილი, რომ იძულებული ვარ, ან თავი მოვიკლა საჯაროდ,­ ან ქვეყნიდან გადავიხვეწოთ... ჩვენ თვითონ ვერ ვერევით ამ პრობლემას. მთავრობა არაფერს აკეთებს თუნდაც ონლაინთამაშების გაკონტროლებისთვის. ჩვენსავით, ვინ იცის, კიდევ რამდენი ოჯახია გამწარებული და დაქცეული...
გახსოვთ, ალბათ, მთავრობის დაპირება, რომ ამ პრობლემას მოაგვა­რებდა, მაგრამ მას შემდეგ არათუ შემცირდა, ინტერნეტსივრცეს ყოველდღიურად ემატება სათამაშო ვებგვერდები... როცა შვილი სახლში უსაფრთხოდ გგონიათ, შესაძლოა, ყველაზე დიდი საფრთხის, აზარტის ტყვეობაში აღმოჩნდეს...

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

- მაქსიმალურ კონტროლში, ეს მთავრობამ უნდა იკისროს და იხსნას თავისი მოქალაქეები ამ ჯოჯოხეთისგან... იყო შემთხვევა, როცა სახლიდან მეც და ჩემი მეუღლეც წავედით, რადგან დათომ რამ­დენიმე ათასი ლარი წააგო და დიდი ვალი დაგვედო. როცა უსახსროდ დარჩა და სიგარეტის საყიდელი თანხაც აღარ ჰქონდა, შეშინდა - დაგვირეკა და გვთხოვა, დამბლოკეთ, გამაშავეთ ყველა­ დაწესებულებაში, აღარ ვითამაშებო. თითოეული ჩამოვიარეთ და გააშავეს, მაგრამ რად გინდა - მერე ონლაინთამაშებს მიეჯაჭვა. ამის გამო შინ ყველა სათამაშო ონლაინგვერდი­ დავბლოკეთ, მაგრამ საკმარისია, ვინმეს ტელეფონში ინტე­რნეტი ჰქონდეს, ან თავისუფალი Wi-Fi მოძებნოს სადმე, იმწუთასვე თამაშს იწყებს.

ფსიქოლოგთან არაფრ­ით მომყვება. რომ ნახოთ, რა დღეშია, როცა ფული არა აქვს, როგორ ეცვლება­ გამომ­ეტყველება, ნამდვილ გიჟს ჰგავს, უკონტროლოა, ძალიან აგრესიული... შინ ყველაფერს ლეწავს და მერე ჩვენ გვადანაშაულებს, რატომ დამამტვრევინეთო...

- მანამდე როგორი იყო თქვენი ოჯახი?

- ალბათ, ყველაზე ჰარმონიული ოჯახი გვქონდა. ხშირად ვუყრიდით თავს მეგობარ-ნათესავებს და ტკბილად ვატარებდით დროს. ჩემი ქმარი ფსიქოლოგიურად გატყდა, ოჯახიდან გაქცევაში ხედავს გამოსავალს. ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობა შეერყა. ყველა ახლობელი გაოგნებულია დათოს საქციელით და თანაგვიგრძნობენ, არიგებენ, მაგრამ ამაოდ.
მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ერთხელაც დათო მარტო დავტოვოთ და ვაჩვენოთ, როგორი რთულია ცხოვრება... ალბათ, იკითხავთ,­ ფულს რატომ აძლევთო? იმიტომ, რომ სხვას არ მიადგეს და ვინმე­ არ დააზარალოს. ვსესხულობთ, ვშრომობთ­ და ვაძლევთ. სხვამ რა დააშავა, ვინმე რატომ უნდა დაზარალდეს ჩვენი შვილის გამო?

ვერ გამიგია, რას უცდის ჩვენი მთავრობა? თუ ხალხის გაჭირვება არ ადარდებს? ამ გულგრილობასა და უყურადღებობაში ხომ თაობები იკარგება... ბავშვები სკოლის მერხიდან სახლებში, კომპიუტერებთან ინაცვლებენ, ხშირად ბებიებისა და ბაბუების პირადობის მოწმობებით რეგისტრირდებიან სათამაშო ვებგვერდებზე და ამ გზით ერთვებიან ამ საშინელებაში. ხომ გითხარით, კვირიკაშვილს გავუგზავნე წერილი, მაგრამ პასუხი არ მაღირსეს... სხვა საჯარო მოხელეებსაც მივმართე, მაგალითად, ეკა ბესელიას. ახლა ისევ მთავრობას მივმართავ:

თუ სასწრაფოდ არ აასრულებთ 2015 წლის დანაპირებს და არ გვიშველით, ჩემი მეუღლის, ჩემი ან ჩვენი ავადმყოფი, თამაშზე დამოკიდებული შვილის სიკვდილით დასრულდება ჩვენი ოჯახის არსებობა - ან დაგვხოცავს, ან თავს მოიკლავს...

ჩვენისთანა გაუსაძლისი მდგომარეობა ათასობით ოჯახს აქვს. იცით, რამდენი­ სოციალურად დაუცველი პირი ხარჯავს­ სოციალურ დახმარებას ონლაინთამაშში?
თქვენთანაც მაქვს თხოვნა: თუ გაიგებთ, რომ ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, ამ ინტერვიუს ჩანაწერი ანუ გამწარებული დედის ხმა გაუგზავნეთ პირადად პრემიერს... მასაც ჰყავს შვილები და სიფრთხილეს უნდა იჩენდეს. იქნებ მთავრობის წევრების ოჯახებსაც ელით ეს განსაცდელი? მოქმედების დროა, სასწრაფო რეაგირებისა და გადარჩენის...

თორნიკე ყაჯრიშვილი
nino
13 ნოემბერი 2017 01:09
miecit asetebs kargi toxi da abarvine kana ra...ra drostamashebia xalxi marzse daprinavs
13 ნოემბერი 2017 00:49
ზუსტად მე ვარ ჩემი მე
nia
12 ნოემბერი 2017 18:14
უშველეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?