"თუ თანხას არ გადამიხდით, იძულებული ვარ, სუს-ს შევატყობინო მაგათი სამყოფელი" -- რას წერდნენ თაღლითები ზღვაში გაუჩინარებული ბიჭის ოჯახს? - კვირის პალიტრა

"თუ თანხას არ გადამიხდით, იძულებული ვარ, სუს-ს შევატყობინო მაგათი სამყოფელი" -- რას წერდნენ თაღლითები ზღვაში გაუჩინარებული ბიჭის ოჯახს?

შავ ზღვაში გაუჩინარებული სამხედრო პირის სახელით დაკარგულის ახლობლებს წერილებს სწერდნენ და ფულს სძალავდნენ

2016 წლის აგვისტოში საზოგადოება შეძრა გონიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ - წვრთნის დროს ორი სამხედრო პირი - კაპრალი იაგო შარაძე და რიგითი გიორგი ნანეტაშვილი - ზღვაში გაუჩინარდა. მათი ცხედრები დღესაც არ უპოვიათ.

შემზარავია დანაშაული, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვეში გახსნეს - თაღლითები გიორგი ნანეტაშვილის სახელით დაკარგულის ახლობლებს წერილებს სწერდნენ, თითქოს გიორგი ცოცხალი იყო, თურქეთში ფინანსური პრობლემების გამო გაიპარა, დახმარება ესაჭიროებოდა და ოჯახისგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

დაკავებულებს - ვახტანგ ბოლქვაძეს, გია ხიდურელსა და ჯამბულ შეყილაძეს ბრალი თაღლითობის მცდელობისთვის წაუყენეს.

საქმის მასალების თანახმად, გიორგი ნანეტაშვილის სახელით წერილები თბილისში, თემქაზე იგზავნებოდა. ნანეტაშვილების ნათესავმა სულ 4 წერილი მიიღო. "კვირის პალიტრამ" ოთხივე წერილი მოიპოვა.

გთავაზობთ ამონარიდს პირველი წერილიდან (სტილი დაცულია): "სალამი ყველას! კარგად ვხვდები, ჩემ გამო რაც გადაგხდათ. ვიმყოფები თურქეთის ძაან მიყრუებულ ადგილას. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ერთი სიტყვა არავის არ უთხრათ ჩემ შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის მანძილზე 80.000 დოლარს იძლევიან. საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით მედგა გვერდში, ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვნილი 39.000 დოლარი მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების, ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი, რა ვქნა. 7 დღეში როგორც გინდა, იშოვე და ჩარიცხე ისე, რომ ხმა არ ამოიღო არასდროსო. ამ კაცმაც რა ქნას? მართლა გთხოვ, იქნებ ერთი წლით მისესხო და 80.000 დოლარს რომ ავიღებ, სულ ყველას, 5.000-ის გარდა, თქვენ მოგცემთ".

იმისთვის, რომ ოჯახს კითხვები არ გასჩენოდა, წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ წერილს სხვა ადამიანი მისი კარნახით წერს. იქვე მითითებულია საბანკო რეკვიზიტები და ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯამბულ შეყილაძის პირადი მონაცემები, სადაც ოჯახს ფული უნდა ჩაერიცხა.

ამონარიდი წერილიდან (სტილი დაცულია): "ეს გადარიცხვა არც ამ ანგარიშის პატრონმა არ უნდა გაიგოს, რადგან ეს საბუთები, მე ვისი ვალიც მაქვს, მის ხელშია მოპოვებული, რომელიც ხაკერობს. ყველა მომიკითხე. ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით ყველას. ეს სასწრაფოა. ბანკის ნომერი ამოიწერე და წერილი დაწვი. როცა დავრწმუნდები, არ მითვალთვალებენ, ყველას დაგიკავშირდებით. მხოლოდ ეს მაქვს პრობლემა, დანარჩენი კარგად ეწყობა. 10 დღეში ჯარში წავალ, თუ ეს თანხა გადავიხადე, თუ არადა..."

ამის შემდეგ ბრალდებულები თანხის ჩარიცხვას ელოდნენ და რადგან ფული ვერ მიიღეს, ოჯახს კიდევ ერთი წერილი მისწერეს. ამ წერილში ნახსენებია მეორე დაკარგულიც. ჩნდება ახალი სახელიც - ნიაზი, რომელიც ბრალდებულ ვახტანგ ბოლქვაძის კლასელი იყო და ამჟამად გარდაცვლილია.

ამონარიდი წერილიდან (სტილი დაცულია): "ჩემი თქვენთან კონტაქტი ამ ფორმითაც სახიფათოა. ამ წერილსაც სხვას ვაწერინებ ჩემი კარნახით, რადგან ყველაფერი ისმინება, ის კი არა, ჩემი მეგობარი აჭარიდან ჩემთან არის და მის ოჯახსაც არ გააგებინა, რომ ცოცხალია. შეიძლება ის სწორია, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე, რადგან თქვენი დარდი რამენაირად შემემსუბუქებინა. თქვენ კი ყველაზე უახლოეს ადამიანსაც არ უნდა უთხრათ ჩემ შესახებ... თანხის ანგარიშზე დასმა ძალიან მეჩქარება. ერთ კვირაში ამ ადგილიდან გადავდივართ და სამი თვის მარტო სასტუმროს ფული მაქვს გასასტუმრებელი. ნიაზისაც ამოეწურა თანხა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. სადაც თანხა უნდა დასვათ, პირადობის ნომრითაც შეიძლება, რომელიც მოგწერეთ. ანგ. ნომერი კი შეიცვალა. არაფრით არ მაწყობს თანხის ხელით გადაცემა. მინდა, საბუთი მქონდეს, რომ თანხა ნამდვილად ჩაირიცხა.

ჯანმრთელობის მხრივ ცუდად არ ვარ. ცოტა ყური მაწუხებდა. ანთება მქონდა და ოცი დღე ვმკურნალობდი, რაც მაშინ წყალში დიდხანს ყოფნით იყო გამოწვეული. არ იდარდოთ. ჩემი ერთი წლის მუშაობით ჩემ მიერ დასახელებულ თანხასაც გადავიხდი და კიდევ ერთი იმდენი მომრჩება. მე ახლა სულ სხვა გვარი ვარ. სახელი გიორგი დავიტოვე. რუსეთის მოქ. პასპორტით ვიმუშავებ, შემდეგ რუსეთში ცხოვრების უფლებით. ჩემი ბედი თქვენზეა დამოკიდებული. დაყოვნების შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაიყრება...

ანგარიშის პატრონს არ დაეკონტაქტოთ. მან არაფერი იცის ჩემ შესახებ. ის უცხოა ჩემთვის. ნიაზის ახლობელია, რომლის თანხაც ჩვენ დავხარჯეთ. ის საქმის ფული იყო. მთელი თბილისი მაგ ფულს უცდიდა. მაპატიეთ. ყველაფერი გამოსწორდება".

ამ წერილსაც რომ არ მოჰყვა შედეგი, ოჯახში კიდევ ერთი წერილი მივიდა.

ამონარიდი წერილიდან (სტილი დაცულია): "მანამ არ დალაგდება სიტუაცია, ტელეფონებიც კი არ გვაქვს. ყველაფერი აკრძალულია, თუ არა, ერთი სული მაქვს თქვენი ხმის გაგონების. ერთი წელი რამენაირად გაუძელით, შემდეგ კი ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი კონტროლდება. ჩვენ ქართულ არხებს აქაც ვუყურებთ. დააკვირდით, როგორი ეჭვები აქვთ სუს-ის ხალხს ქართულ ჯარებზე პირველ რიგში. ამ დროისთვის ცუდად გვაქვს საქმე სასტუმროში. იქნებ რამე, რასაც შეძლებთ ჩარიცხოთ, ბოლოს რომ გამოგიგზავნეთ იმ ანგარიშზე. დანარჩენს თვის ბოლომდე გავაჩერებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათიდან ჟანდარმით გვემუქრებიან. ეს კაციც ცუდად არის. 64 წლის კაცია და ჩვენ გამო შარში ჩავაგდეთ. ყველა თანხა ჩვენზე დახარჯა. ასე რომ, იქნებ იჩქაროთ. თქვენი იმედი მაქვს. წერილები კი, რომელიც გამომიგზავნია, დაწვით".

მეოთხე წერილი უკვე ნიაზ დუმბაძის სახელით იგზავნება და მუქარას შეიცავს.

ამონარიდი წერილიდან (სტილი დაცულია): "3 თვეა, თურქეთში ვიმყოფები, სადაც შევიფარე გიორგი მის ამხანაგთან ერთად. უპატრონოდ, სადღაც ქათმის ფერმაში ათევდნენ ღამეს. სასტუმროში ჩემთან წავიყვანე, სადაც ერთი ღამე ორჯერადი კვებით 80 დოლარი ჯდება. რუსული პასპორტებიც გავუკეთე, რუსეთში ცხოვრების უფლებით. შემდეგ ჩუმად ჩემი ანგარიშიდან 27.000 დოლარი მოხსნეს და მიიმალნენ. რამდენიმე დღეში შემთხვევით აღმოვაჩინე. დამპირდნენ, რაც სასტუმროსა და პასპორტებზე დავხარჯე, 12.000 დოლარი, ამინაზღაურებდნენ - სახლიდან მიგზავნიანო. ანგარიშის ნომერი მივეცი, სადაც უნდა ჩაერიცხათ თანხა. არ ვიცი, თქვენ გაგაგებინათ თუ არა, მაგრამ იქ თანხა არ ჩარიცხულა. ნუთუ მის მამას არ უფიქრია ამდენი ხანი რას ჭამს, რას სვამს, რით ირჩენს თავს?! მეორე ბიჭმა მის ახლობელს სთხოვა და სულ ყველა თანხა დაფარა,+ 2.000 დოლარი გიორგის გადაუხადა. თქვენ არ გეწყინოთ, მაგრამ ათი დღის თავზე, თუ თანხას არ გადამიხდით იმ ანგარიშზე, იძულებული ვარ, საქართველოს სუს-ს შევატყობინო მაგათი სამყოფელი და რაც მე დავხარჯე, ჯილდოს სახით მაგაზე მეტსაც მომცემენ".

მეოთხე წერილის შემდეგ ნანეტაშვილის ოჯახთან კავშირი წყდება, თუმცა, შედგა შეხვედრა ბრალდებულ გია ხიდურელსა და ოჯახის წევრს შორის. გამოძიებას ამ შეხვედრის ფარული ჩანაწერიც აქვს. პარალელურად ისმინებოდა სამივე პირის მობილური ტელეფონებიც. დაკავების შემდეგ არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებდა, თუმცა, ვითარება სასამართლო პროცესებზე შეიცვალა - ვახტანგ ბოლქვაძემ და გია ხიდურელმა ყველაფერი აღიარეს. თუმცა, საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია ჯამბულ შეყილაძე და როგორც დაცვის მხარე ამტკიცებს, არცთუ უსაფუძვლოდ - პროკურატურას შეყილაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია.

რას ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის შვილი

ჯამბულ შეყილაძე საქმეში რამდენჯერმე ჩნდება და მასთან ე.წ. მთავარ გმირს, ძირითადად, სატელეფონო კავშირი ჰქონდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ შეყილაძე ვახტანგ ბოლქვაძის თაღლითობის მსხვერპლია. მათი ნაცნობობა შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და როგორც შეყილაძე ჩვენებაში ამბობს, ის ვახტანგ ბოლქვაძეს ნუკრის სახელით იცნობდა. შეყილაძე ჭიათურიდან ჩამოტანილ რძის პროდუქტს თემქასა და მუხიანში, სავაჭრო ჯიხურებსა და მაღაზიებში აბარებდა. ერთ-ერთი ჯიხური ბოლქვაძეს ეკუთვნოდა. ვინც შეყილაძეს ფულს ხელზე ვერ აძლევდა, მათთვის მან ბანკში ანგარიში გახსნა, სადაც თანხას ურიცხავდნენ. როგორც ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, ანგარიშის ნომერი სწორედ ამ მიზნით გადასცა ნუკრის. შეყილაძის ინფორმაციით, ბოლქვაძეს მისი ვალიც ჰქონდა და ამის გამო მათ შორის კონტაქტი შეწყდა.

ჩვენების თანახმად, ბოლქვაძე მას 2017 წლის ზამთარში დაუკავშირდა და მისი ანგარიშით სარგებლობა სთხოვა. უთხრა, რომ ესპანეთში მყოფი შვილისგან სოლიდური თანხის ჩარიცხვას ელოდებოდა და რადგან ბანკებთან ვალების გამო პრობლემები ჰქონდა, სთხოვა, მისი ანგარიშით ესარგებლა. შეყილაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ ვახტანგ ბოლქვაძემ შეყილაძის ანგარიშის ნომერი დაუკითხავად გამოიყენა.

- შეყილაძის ანგარიშის ნომერი წერილებში მის დაუკითხავად არის მითითებული. რეალურად, ბოლქვაძე წერილების გაგზავნის შემდეგ ურეკავს მას და აფრთხილებს შესაძლო თანხის ჩარიცხვაზე...

ვითარება თავდაყირა მას შემდეგ დგება, რაც ბოლქვაძე იგებს, რომ შეყილაძემ საბანკო ანგარიშის ნომერი შეცვალა.

სასამართლო განხილვებს ესწრებიან შეყილაძის ოჯახის წევრები. "კვირის პალიტრასთან" ჯამბულ შეყილაძის შვილი, პაატა შეყილაძე ამბობს, რომ მძიმე ემოციური ფონის გამო, დედა არ მოჰყავს სასამართლოში.

- იქ ისეთი ემოციური ფონია, თავს ვერ გააკონტროლებ... რომ გავიგეთ, რას ედავებოდნენ მამას, მას შემდეგ შოკში ვართ. ყველა პროცესზე სიმწრით ტუჩებს იჭამს კაცი. გაგიჟებულია ამხელა ჩირქის მოცხებით. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში თავი ვერ გააკონტროლოს... მამა თავისი სიალალის გამო მოხვდა ამ გაუგებრობაში. იმედია, მოსამართლე უდანაშაულოდ ცნობს მას."

პაატა შეყილაძე იმ სასამართლო პროცესსაც იხსენებს, სადაც დაკარგული გიორგი ნანეტაშვილის ოჯახი დაიკითხა.

პაატა შეყილაძე: - მივედი გიორგის დედასთან, ვაკოცე და ვუთხარი, რომ გმირის დედაა და ბოლომდე მიეყვანა საქმე... თუ დამნაშავეა, მამაჩემიც უნდა დაისაჯოს! ამის ჩამდენი კაცი გარეთ არ უნდა იყოს, 100 წელიც კი უნდა მისცენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მამაჩემის უდანაშაულობაში. ეს ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ პროკურატურის წყალობას 6-თვიან სასჯელზე, არ დათანხმდა. ჩვენც კი ვუთხარით, დაფიქრებულიყო, მაგრამ, რომ გაიგო, რას ედავებოდნენ, შოკში ჩავარდა. საპროცესო შეთანხმებაზე რომ დათანხმებულიყო, დღეს თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა.

რამაზ ჩინჩალაძე, ადვოკატი: - პროკურატურამ თავიდან ყველას შესთავაზა საპროცესო შეთანხმება. როდესაც დამნაშავეს მკაცრი სასჯელი ემუქრება, კერძოდ, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა, ასეთი შეთავაზება დიდი წყალობაა. არ მეგულება მსგავსი კატეგორიის საქმეები, სადაც პროკურატურა 6 თვეს ასე ურიგებს დამნაშავეებს. როგორც ვიცი, ბოლქვაძეს შესთავაზეს წელიწადნახევრიანი რეალური სასჯელი, თუმცა, მას ხელი უნდა დაედო ჯამბულ შეყილაძისთვის. ჩვენების მიცემისას ეყო ვაჟკაცობა და უდანაშაულო კაცს ხელი არ დაადო - ჯამბულ შეყილაძემ არ იცოდა სიმართლე, მაგრამ რაღაცას რომ ვმაიმუნობდი, ეს შეიძლება იცოდაო. ანუ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. გვქონდა საუბარი პროკურორთან. თუ ჯამბულ შეყილაძე დაეთანხმებოდა ბრალს და მისცემდა აღიარებით ჩვენებას, გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და მხოლოდ 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან უდანაშაულოა.

თორნიკე კოშკაძე