"მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის" - კვირის პალიტრა

"მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის"

"დიდი პოლიტიკური ვაჭრობა იწყება"

"ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი"

სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველ ნოემბერს, ღამის 2 საათზე, გალიცკის რაიონის სოფელ ზადნესტრიანსკში დააკავეს, სადაც ბოლო დროს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ მეგის ქარდავას ხშირად აკითხავდა მეუღლე, თუმცა თვითონ სახლიდან გასვლას ერიდებოდა. მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად ითხოვენ, თუმცა საკითხი უკრაინულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ექსტრადირების პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, რადგან სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს დაკავებისა და ექსტრადირების რამდენჯერმე გასაჩივრების უფლება აქვს, თანაც ის პოლიტიკურ თავშესაფარს სწორედ უკრაინას სთხოვს.

რატომ დააკავა უკრაინამ მეგის ქარდავა ახლა და არა მაშინ, როდესაც ინტერპოლით ძებნილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ზადნესტრიანსკს შეაფარა თავი? ექსტრადირების შემთხვევაში გახდება თუ არა გახმაურებული საქმეების "ოქროს მოწმე"? - ამ კითხვებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უპასუხებს:

- ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მეგის ქარდავა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მყარი არგუმენტები და დასაბუთება უნდა, თანაც ისეთი "ოქროს მოწმისგან", როგორიც მეგის ქარდავაა. ჩემი აზრით, მისი დაკავება ამიტომაც გადაწყდა სწორედ ახლა. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ქარდავა ბოლო წლებში უკრაინას აფარებდა თავს და თუ უკრაინის ხელისუფლებას მისი დაკავება სურდა, აქამდეც მოახერხებდა. მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილისკენ მიმავალი გზა გაიკვლიონ. მან ძალიან ბევრი რამ იცის.

- თუ მისი დაკავება ორი ქვეყნის ერთობლივი "ოპერაციაა", გამოდის, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის საქართველოში ექსტრადირება გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას თავშესაფარს სთხოვს?

- ქარდავას საქართველოში აუცილებლად ჩამოიყვანენ. შესაძლოა, პროცედურა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა, ვისაც პოლიტიკური ანალიზი შეუძლია, დამეთანხმება, რომ სწორედ ქარდავას ჩამოყვანა იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული. ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი. ისინი უკრაინის ხელისუფლების თავის ტკივილად იქცნენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ე.წ. ქართველი რეფორმატორები საქართველოში დააბრუნონ.

ეს საფრთხე მეგის ქარდავას დაკავებისთანავე იგრძნო სააკაშვილმა და ამიტომაც განაცხადა - მეგის ქარდავას არ ვიცნობ, მასზე მხოლოდ პრესის ფურცლებიდან მსმენიაო. რამდენად რეალურია, პრეზიდენტი სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელს არ იცნობდეს?! სააკაშვილის ბრძანებით მეგის ქარდავას პრეზიდენტის ორი ოფიციალური ჯილდო აქვს მიღებული.

- თუმცა ამისთვის ქარდავამ ქართულ მართლმსაჯულებასთან უნდა ითანამშრომლოს და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს...

- თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს.მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქარდავა ყველაზე ბნელი საქმეების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო - ის ფიგურირებს ე.წ. ფარული ჩანაწერების, სერგო თეთრაძის წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის საქმეებში, როდესაც მაშინდელი პირველი პირებისგან უნდა მიეღო ბრძანება.

არ გამოვრიცხავ, დაკავება თვითონ მეგის ქარდავას ინტერესებსაც შეესაბამებოდეს - იმდენად ბევრ ადამიანზე აქვს კომპრომატები, მისი მოშორება შეიძლება უამრავ ჯგუფს სურდეს. მათ შორის არც სააკაშვილი უნდა გამოვრიცხოთ.

პროკურატურაში პროფესიონალები რომ მუშაობდნენ, მისგან ჩვენება დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ. მეტიც, შესაძლოა, მას პროკურატურის მაღალჩინოსნებზეც ჰქონდეს კომპრომატები, ან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც ხელს არ აძლევთ ქარდავას ექსტრადირება... ერთი სიტყვით, დიდი პოლიტიკური ვაჭრობა იწყება. ამ პროცესს ემთხვევა ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გათავისუფლებაც.

- რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილის საქმეს მეგის ქარდავას დაკავებასთან?

- პირდაპირი კავშირი არა აქვს, თუმცა მეგის ქარდავაზე მეტად გარდამტეხი ქართულ პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის ფაქტორი იქნება. მეეჭვება, სტრასბურგის დიდმა პალატამ მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვოს, თუმცა გააჩნია, ხელისუფლება როგორ იმოქმედებს. მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების პარალელურად მოსალოდნელია გააქტიურდეს 7 ნოემბრის საქმე, რომლის სასამართლო პროცესი აქამდე მხოლოდ ერთი მიზეზით არ დასრულებულა - არავინ იცის, როდის დასჭირდებათ ამ "კოზირის" გამოყენება მერაბიშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა იმდენად უსუსურია, რომ მერაბიშვილს მძიმე დანაშაულში ბრალდება ვერ წაუყენა და ახლა ცდილობს, უსუსური ნაბიჯებით აირიდოს მისი გათავისუფლება. ეს, უპირველესად, საერთაშორისო იმიჯზე მოქმედებს და შესაძლოა, პირიქით, დასავლეთში მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრობის შესახებ მეტი კითხვა გაუჩნდეთ.

იხილეთ ასევე: "ქარდავამ მოიხსნა ქამარი, ყელზე მომაბა და ძაღლივით მათრია... დღემდე არ ვიცი, რისთვის მაწამეს ამ არაკაცებმა"

რუსუდან შელია