"გამოდის, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს" "რუსეთში სიკვდილი მელის!" - კვირის პალიტრა

"გამოდის, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს" "რუსეთში სიკვდილი მელის!"

"რუსეთში სიკვდილი მელის!"

რამდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევს დევნილის სტატუსზე უარი უთხრა. დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რითიც ქართულმა მხარემ რუსეთის დაკვეთა შეასრულა. კადიევს რუსეთის პროკურატურა 2009 წელს დაღესტნელი მაღალჩინოსნის მკვლელობაში ადანაშაულებს.

მიკაილ კადიევი 2011 წლიდან თბილისში, ექსპრეზიდენტის მფრინავ ზაურ ქორთოშიძის ბინაში ცხოვრობდა. 2013 წლის 13 ივნისს ბიძაშვილთან, რიზვან ომაროვთან ერთად დააკავეს ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით, საბოლოოდ კი ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს. კადიევი და ომაროვი ციხიდან 2015 წლის ივნისში გათავისუფლდნენ. მას შემდეგ კადიევმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოში დევნილის სტატუსი.

მიკაილ კადიევი: "რუსეთში ბრალს მდებენ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, კერძოდ, დაღესტნელი მაღალჩინოსნის, ალიკ ალხამატოვის მკვლელობაში. ალხამატოვის მკვლელობის დროს სამსახურში ვიყავი, რასაც ჩემი უფროსი და თანამშრომლებიც ადასტურებენ... მე და ჩემი ბიძაშვილი მაგომედ უმახანოვი მანქანით მივდიოდით. მოულოდნელად ცეცხლი გაგვიხსნეს. მე მსუბუქად დავიჭერი, მაგომედი კი გარდაიცვალა. დავინახე, ვინც ეს ჩაიდინა - ხასავიურთის რაიონის სპეცრაზმის (ომონი) უფროსი მარატ იმავოვი თავის დაცვასა და რუს ჯარისკაცებთან ერთად იყო. პროკურატურას მაშინვე მივეცი ჩვენება, იმავოვი დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან და მისმა თანამშრომლებმა გამიტაცეს, მაწამეს, მაიძულებდნენ ჩვენების უარყოფას. ჩემი სახლი დაცხრილეს. დახმარებისთვის პოლიციას მივმართე, თუმცა, ამაოდ. ყველა მტკიცებულება წარვადგინე, რომ უდანაშაულო ვარ და თუ რუსეთში დავბრუნდები, სიკვდილი მელის! საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ ვენდობი, მათ შორის დევნილთა სამინისტროს. ახლა მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს, იქნებ რამენაირად მოახდინონ გავლენა ხელისუფლებაზე".

გელა ნიკოლაიშვილი, მიკაილ კადიევის ადვოკატი: "მიკაილ კადიევის საპატიმროში ყოფნის დროს, 2014-15 წლებში, მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელმაც უარი თქვა კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ მას რუსეთიდან საფრთხე არ ემუქრება. გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოში, შემდეგ ყველა ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ ყველგან უარი მივიღეთ. არადა, საქართველოს ხელისუფლებას კადიევის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონია, გამოდის, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ორ კვირაში ჩაგვაბარებენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და შემდეგ გავასაჩივრებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში. შევეცდებით კადიევი სამართლებრივად დავიცვათ. არის ერთი გზაც - მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემის თხოვნით.

ნანა ფიცხელაური