"ქარდავა "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს. მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს" - კვირის პალიტრა

"ქარდავა "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს. მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს"

"დიდი პოლიტიკური ვაჭრობა იწყება"

"ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი"

სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველ ნოემბერს, ღამის 2 საათზე, გალიცკის რაიონის სოფელ ზადნესტრიანსკში დააკავეს, სადაც ბოლო დროს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ მეგის ქარდავას ხშირად აკითხავდა მეუღლე, თუმცა თვითონ სახლიდან გასვლას ერიდებოდა. რატომ დააკავა უკრაინამ მეგის ქარდავა ახლა და არა მაშინ, როდესაც ინტერპოლით ძებნილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ზადნესტრიანსკს შეაფარა თავი? ექსტრადირების შემთხვევაში გახდება თუ არა გახმაურებული საქმეების "ოქროს მოწმე"? - სტატია ამ თემაზე გაზეთმა "კვირის პალიტრამ“ მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:

- ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მეგის ქარდავა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მყარი არგუმენტები და დასაბუთება უნდა, თანაც ისეთი "ოქროს მოწმისგან", როგორიც მეგის ქარდავაა. ჩემი აზრით, მისი დაკავება ამიტომაც გადაწყდა სწორედ ახლა. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ქარდავა ბოლო წლებში უკრაინას აფარებდა თავს და თუ უკრაინის ხელისუფლებას მისი დაკავება სურდა, აქამდეც მოახერხებდა. მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილისკენ მიმავალი გზა გაიკვლიონ. მან ძალიან ბევრი რამ იცის.

- თუ მისი დაკავება ორი ქვეყნის ერთობლივი "ოპერაციაა", გამოდის, სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის საქართველოში ექსტრადირება გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას თავშესაფარს სთხოვს?

- ქარდავას საქართველოში აუცილებლად ჩამოიყვანენ. შესაძლოა, პროცედურა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა, ვისაც პოლიტიკური ანალიზი შეუძლია, დამეთანხმება, რომ სწორედ ქარდავას ჩამოყვანა იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული. ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი. ისინი უკრაინის ხელისუფლების თავის ტკივილად იქცნენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ე.წ. ქართველი რეფორმატორები საქართველოში დააბრუნონ.

- თუმცა ამისთვის ქარდავამ ქართულ მართლმსაჯულებასთან უნდა ითანამშრომლოს და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს...

- თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს. მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქარდავა ყველაზე ბნელი საქმეების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო - ის ფიგურირებს ე.წ. ფარული ჩანაწერების, სერგო თეთრაძის წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის საქმეებში, როდესაც მაშინდელი პირველი პირებისგან უნდა მიეღო ბრძანება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია, კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა" - მეგის ქარდავა დააკავეს