მკვლელი გულშემატკივრებს შორის იდგა და გიორგის ამბავს კითხულობდა(!) - კვირის პალიტრა

მკვლელი გულშემატკივრებს შორის იდგა და გიორგის ამბავს კითხულობდა(!)

დაახლოებით ერთი წლის წინ ქვეყანა საზარელმა დანაშაულმა შეძრა. 17 ივლისს სამართალდამცველებმა მუხრანთელეთის გარეუბანში, ხევში, 7 წლის გიორგი იმერლიშვილის გვამი იპოვეს. ბავშვი 16 ივლისს გაუჩინარდა.

იმ დროს შინ მხოლოდ გიორგის მამიდა იყო. სამსახურში მყოფ გიორგის მამას, გელა იმერლიშვილს მობილურ ტელეფონზე  უცნაური შეტყობინება მიუვიდა: უცნობი ატყობინებდა, გიორგი გატაცებულია და თუ პოლიციას შეატყობინებთ, ვეღარასოდეს ნახავთო. გელა იმერლიშვილმა სასწრაფოდ შინ დარეკა. როცა მამიდამ და მეზობლებმა ეზოში ცოტა ხნის წინ მოთამაშე ბავშვი მოიკითხეს, გვიანი იყო, გიორგი თითქოს ცამ ჩაყლაპა. 17 ივლისს კი საზოგადოება საშინელი ფაქტის მოწმე გახდა, ბავშვის გვამი სამართალდამცველებმა ხევში იპოვეს. ამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული იმერლიშვილების მეზობლები მამა-შვილი, 43 წლის ჯემალი და მისი 17 წლის ვაჟი კახა სამადაშვილები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ სამადაშვილს უვადო, კახა სამადაშვილს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდადებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

გამოძიების ვერსიით, ეს უსასტიკესი დანაშაული 43 წლის ჯემალ სამადაშვილმა ანგარების მიზნით ჩაიდინა. კერძოდ, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გაიტაცა მცირეწლოვანი გიორგი იმერლიშვილი. მამა-შვილი სამადაშვილები შეთანხმდნენ, რომ გამოსასყიდის მიღებამდე ბავშვს გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთში გადამალავდნენ.

ჯემალ სამადაშვილმა თავისი მობილურით სმს-შეტყობინება გაუგზავნა გელა იმერლიშვილს და გააფრთხილა, თუ პოლიციას დაუკავშირდები, შვილს ვეღარ იხილავო. მუქარის მიუხედავად, იმერლიშვილებმა პოლიციას მიმართეს. მაშინ ჯემალ სამადაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა.

მკვლელობის შემდეგ მისი თანამონაწილე უცნობი მიიმალა, ჯემალ სამადაშვილმა კი შეტყობინება გაუგზავნა თავის შვილს, კახა სამადაშვილს და თბილისში დაბრუნება სთხოვა. თბილისში დაბრუნებული კახა სამადაშვილი დაეხმარა მამას გვამის ხელჩანთაში მოთავსებაში, ბინიდან გატანასა და ავტომანქანაში მოთავსებაში და შემდეგ მუხრანთელეთში, თავიანთი სახლის ეზოში გადამალვაში. მას შემდეგ, რაც კახა სამადაშვილმა შეიტყო, რომ მამამისი, ჯემალ სამადაშვილი დააკავეს, ბავშვი ამოთხარა, ტომარაში ჩადო და სოფელ მუხრანთელეთის გარეუბნის ხევში გადააგდო.

ჯემალ სამადაშვილი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ გიორგი იმერლიშვილს შემთხვევით ავტომანქანით დაეჯახა. მანქანიდან რომ გადმოვიდა, ბავშვი გაუნძრევლად ეგდო, შინ შეიყვანა და კახას საძინებელ ოთახში იატაკზე დააწვინა. მისი მოსულიერება სცადა, მაგრამ მიხვდა, რომ მკვდარი იყო. მისივე მტკიცებით, იფიქრა, ბავშვი სადმე დაემალა და მერე გაეგებინებინა მისი მშობლებისათვის.

კარადიდან ჩანთა გამოიღო, ბავშვი ჩაასვენა ხელჩანთაში და მანქანაში ჩადო. მანქანაში რომ ჯდებოდა, თავისი შვილი, კახა დაინახა და მანქანაში ჩაისვა. მუხრანთელეთში რომ ჩავიდნენ, ფიქრობდა, როგორ დაემალა გვამი, კახამ არ იცოდა, რომ საბარგულში გვამი იყო. მას შემდეგ, რაც სოფელში საეჭვო მანქანების მოძრაობა შენიშნა, კახას უთხრა, ბავშვის გვამი მაქვს მანქანაში და მოშორებით უნდა გადაიტანოო. კახამ უარი უთხრა, მაგრამ მამამ აიძულა, ასე მოქცეულიყო.

ჯემალ სამადაშვილი იმერლიშვილების მეზობელია, გვერდიგვერდ სადარბაზოებში ცხოვრობენ.

ძნელად მახსენდება ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, მისი მსხვერპლი შვიდი წლის ბავშვია, მკვლელი კი ყოფილი პოლიციელი. სხვათა შორის, არადამაჯერებელია მკვლელობის მოტივი - გამოსასყიდის მიღება, სხვა ვერსია აქვთ გიორგის მშობლებს.

ლია აბულაშვილი, გიორგი იმერლიშვილის დედა: - გიორგი რომ შეგვეძინა, მის გადარჩენას არავინ ფიქრობდა. ოთხი თვე რეანიმაციაში გვყავდა და ექიმებმა ძლივს გამოჰგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. თუ ასეთი წამებით სიკვდილი ეწერა ჩემს შვილს, ნეტავ მაშინ არ გადარჩენილიყო.

ჩემი მეუღლე იმ დღეს სამსახურში იყო. შპს "იფქლის" მძღოლია. მე ამავე კორპუსის პირველ სართულზე პოლიკლინიკაში ვმუშაობ. იმ დღეს აცრას ვატარებდით და უამრავი ბავშვი გვყავდა პოლიკლინიკაში. გიორგი ჩემთან ტრიალებდა, ვუთხარი, ხელს მიშლი, გადი ეზოში ითამაშე-მეთქი. კარი სულ ღია გვქონდა და თვალსაც ვადევნებდი. დაახლოებით ორი საათი იქნებოდა, მეუღლემ რომ დამირეკა და მკითხა, ბავშვი სად არისო.

გელა იმერლიშვილი: - სოფელ კუმისის აღმართზე ვიყავი, როცა უცნობი ნომრიდან ზარი გამოუშვეს. უკან დასარეკი არ მქონდა. ცოტა ხანში კიდევ დარეკა იმავე ნომერმა. ახალგაზრდა ქალის ხმა იყო. გელა ხართო, მკითხა. დიახ-მეთქი, რომ ვუპასუხე, ტელეფონი გათიშა. ცოტა ხანში კი მესიჯი მომივიდა, ბავშვი ჩემთან არის, პოლიციას არაფერი შეატყობინოთ, თორემ შვილს ვერც ცოცხალსა და ვერც მკვდარს ვერ იპოვითო.

ლია აბულაშვილი: - ამ გარეწარს ბავშვი თავის სახლში აუყვანია. მე რომ ვკიოდი და შვილს ვეძახდი, ესმოდა თურმე. გიორგის გაუჩინარების შემდეგ გულშემატკივრებს შორის იდგა და ხშირ-ხშირად კითხულობდა მის ამბავს(!).

- რაიმე უთანხმოება ხომ არ გქონიათ სამადაშვილთან?

გელა იმერლიშვილი: - არავითარი. ჯემალ სამადაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მამამისი პოლიციელი იყო. თვითონაც პოლიციის სამმართველოში მუშაობდა, მაგრამ რაღაც საქმე გაუსკდა, სამსახურიდან აგდებდნენ, და მამამისის გავლენით  დააბრუნეს. მოგვიანებით მაინც მოაყოლეს შემცირებაში, მაგრამ პოლიციის დაცვაში იშოვა ადგილი. ისე, მეტად უმეგობრო კაცი იყო, კარჩაკეტილი.

- იმასაც ამბობენ, შვილები დაშინებული ჰყავდაო.

- მასწავლებლები ამბობენ, როგორც კი ჯემალ სამადაშვილი გაკვეთილზე მჯდომ კახას დაურეკავდა, კახა მაშIინვე გარბოდაო. თუ მასწავლებელი უარს ეტყოდა, ფანჯრიდან ხტებოდაო. მეზობლები იმასაც ამბობენ, ერთხელ ეზოში ლეკვი ცოცხლად დაწვა და ცხოველის აგონიისთვის შვილს აყურებინაო.

- ჯემალის მამამ თავი მართლა მოიკლა რამდენიმე წლის წინ?

- ასე ამბობენ, მაგრამ ყველას, ვინც მაგათ ოჯახს იცნობდა, იმთავითვე ჰქონდა ეჭვი, რომ მამამისმა თავი კი არ მოიკლა, ამ ნაძირალა ჯემალმა მოკლა, რაღაცაზე წაასწრო იმ კაცმა.

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არა აქვს?

- სასამართლოზე უნდოდა თავი მოეჩვენებინა, თითქოს ვერ არის დალაგებული და სპეციალურად აბდაუბდად ლაპარაკობდა, არადა, საკმაოდ ჭკვიანია. ისე მოახერხა, რომ გიორგის  გაუჩინარებისას სამგორის მეტროსადგურში თავისი ვაჟის მეგობრებს თავის ქალიშვილ სოფოსთან ერთად "შემთხვევით" შეხვდა. დაგეგმა ისიც, რომ დანაშაული თავის ერთ-ერთ თანამშრომელს დაჰბრალებოდა. დაცვის სახელმწიფო პოლიციაში მუშაობდა და მობილური ტელეფონი "შესანახად" კოლეგას, დაცვის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს მიაბარა.

ტელეფონში სწორედ ის ბარათი იდო, რომლითაც შეტყობინება გამომიგზავნა. არ ვიზიარებ იმ ვერსიას, თითქოს სამადაშვილმა გიორგი გამოსასყიდის მისაღებად გაიტაცა. ჩემი ოჯახისაგან რა გამოსასყიდს მოელოდა? სამადაშვილს გიორგის საზღვარზე გადაყვანა და მისი გაყიდვა უნდოდა, ან ორგანოებით ვაჭრობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჩემს შვილს რომ ეგ ცოცხალს უკან არ დააბრუნებდა, ფაქტია. ბავშვი ხომ მას ძალზე კარგად იცნობდა. ბავშვი ეთილის სპირტით იყო გაჟღენთილი. ალკოჰოლი მიაღებინა სპეციალურად, ეგონა, დააძინებდა, მაგრამ ალკოჰოლმა პირიქით იმოქმედა და ბავშვი უფრო აგრესიული გახდა.

ჩვენი ბინა "ხრუშჩოვკაა" და თხელი კედლები აქვს, ხმადაბალი ლაპარაკიც კი ისმის. გიორგი ისეთი მყავდა, რომ არაფრით არ დაემორჩილებოდა, ამიტომაც ჯერ სასტიკად სცემეს ბავშვს, სიგარეტები მიაწვეს ტანზე, მერე კი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მომიკლეს. ჩემი შვილის მკვლელობაში ახლა ორი კაცია მსჯავრდადებული, მაგრამ კიდევ იყო მესამეც.

სამადაშვილის ბინაში აღმოჩნდა მამაკაცის სისხლის კვალი, რომელიც სამადაშვილების ოჯახურ და ნათესაურ წრეს არ მიეკუთვნება. ვინ იყო მესამე? ეს გამოუძიებელია, სამადაშვილი კი ცოცხალი თავით არ ასახელებს.

ლია აბულაშვილი: - რომ შევიტყვე ეს ამბავი, გამწარებული სამადაშვილის გარაჟს მივვარდი და დამტვრევა დავუწყე. გარაჟში რომ შევედი, რა აღარ ვნახე, ნაირ-ნაირი ნიღბები, ხელკეტები, შპრიცები. რისთვის იცხოვრა ამ კორპუსში 43 წელიწადი, ჩემი შვილი რომ წამებით მოეკლა? ამ ნაძირალამ მიცვალებული ბავშვიც არ დაინდო. რომ მოვასვენეთ გიორგი, მუხლებზე კანი ჰქონდა ამოჭრილი. თავიდან გადაყვლეფილი გვეგონა, მაგრამ მერე გავიგეთ, მუხლებზე კანი სპეციალურად აუჭრია.

გვამი ასე უფრო ადვილად იხრწნება თურმე. ამ საქმიდან სუფთად გამოძვრა სამადაშვილის ქალიშვილიც. არადა, ჩემს შვილს რომ აწამებდნენ, შინ იყო. ისეთი ჩვენება მისცა, თითქოს ოთახში ჰყავდა მამამისს დაბმული, არადა, ჩემი თვალით დავინახე, მე რომ გაგიჟებული გიორგის დავეძებდი, ფანჯარაში იყო გადმომდგარი. გიორგი ლამაზი ბავშვი იყო, სხვადასხვა კონკურსში ხშირად იმარჯვებდა.

მისი გარდაცვალების შემდეგაც მომივიდა მოწვევა ტელევიზიიდან, ფილმში უნდოდათ გადაეღოთ. უკვე ერთ წელი გადის უმისოდ. 6 სექტემბერს 9 წლის უნდა გამხდარიყო. დამრჩა მხოლოდ მისი ფოტოები და საფლავი. მე დიაბეტი დამემართა, მაგრამ ჩემს შვილს რა ვუშველო, სად ვიპოვო სამართალი?