"უთქვამს, გარდაცვლილ შეყვარებულთან უნდა გავფრინდეო... არადა, თურმე ვიღაც მისი მკვლელობისთვის ემზადებოდა" - კვირის პალიტრა

"უთქვამს, გარდაცვლილ შეყვარებულთან უნდა გავფრინდეო... არადა, თურმე ვიღაც მისი მკვლელობისთვის ემზადებოდა"

ახლახან თელავში მომხდარ მკვლელობას 30 წლის როლანდ დაუდაშვილი შეეწირა. ახალგაზრდა კაცი ქალაქის შუშის საამქროში გადაჭრილი თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილს ნაცნობები უაღრესად დადებით, შრომისმოყვარე პიროვნებად ახასიათებენ. მომხდარზე გარდაცვლილის ახლობელი გვესაუბრება:

- ჩვენთვის აუხსნელია ვის და რატომ უნდა მოეკლა როლანდი, ბიჭი დღე-მუდამ შრომობდა, ფეხზე დადგომას ცდილობდა... მისი დედ-მამა გაშორებულია, ეგ და მაგისი და დედამ გაზარდა, ცდილობდა შვილები ფეხზე დაეყენებინა. ეკონომიკურად უჭირდათ, თუმცა ამას არ გაუბოროტებია, კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი იყო...  შრომობდა და ნელ-ნელა ოჯახში მდგომარეობაც გამოსწორების გზაზე იდგა, ამბობდა, ცოტაც და დედაჩემს ვაჭრობისთვის თავს დავანებებინებ, დაიღალაო, მაგრამ ვინ აცალა...

-  გავრცელებული ინფორმაციით, ის ეჭვიანობის გამო მოკლეს...

-  ეგ სისულელე პოლიციამაც დაიჯერა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მაგისი კლასელის ქმარი დაკითხეს, - ვითომ როლანდის ეს კლასელი ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ მერე გაუშვეს. მე როგორც ვიცი, როლანდს ერთი ძალიან კარგი გოგო უყვარდა, რომელიც 6 წლის წინ ლეიკემიით გარდაიცვალა. ბიჭმა ბოლო დროს მოტოციკლი იყიდა, ერთხელ წამოცდენია, ეს მოტოციკლი იმიტომ ვიყიდე, რომ იმასთან უნდა გავფრინდეო.

არადა, ამ დროს თურმე ვიღაც მისი მკვლელობისთვის ემზადებოდა.

-  ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

-  მკვლელობის დღეს ბიჭი საამქროში დაღამებამდე მუშაობდა, მაგრამ მარტო არ ყოფილა, ამ დროს მასთან მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო. მკვლელი ამ მეგობრის წასვლას და როლანდის გარეთ გამოსვლას დაელოდა. როლანდმა სამუშაო რომ დაამთავრა, საამქროს კარი დაკეტა და სწორედ ამ დროს ესროლეს სიბნელეში; გადაჭრილი საფანტის თოფით. ბიჭს იმდენი ტყვია მოხვდა, რომ სული იქვე დალია. მალევე მივიდნენ მშველელები თოფის ხმაურზე, მაგრამ ვერაფერი უშველეს...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)