როგორ აცმევდნენ მესაზღვრის ფორმას საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლის მიზნით? - კვირის პალიტრა

როგორ აცმევდნენ მესაზღვრის ფორმას საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლის მიზნით?

ისრაელის ტელეკომპანის "მე-9 არხის" ეთერში გავიდა რეპორტაჟი თელ-ავივის ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილი დანაშაულის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანას ეხება.

გთავაზობთ მასალის მოკლე შინაარსს:

ისრაელის პოლიციამ ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და თელ-ავივის ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ ქრთამის სანაცვლოდ ქართველ შრომით მიგრანტებს ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევაში ეხმარებოდნენ. სავარაუდოდ, მათ "თავიანთი კლიენტები" სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით გაჰყავდათ და თან ინსტრუქტაჟსაც უტარებდნენ, თუ როგორი პასუხები უნდა გაეცათ, გამონაკლის შემთხვევებში, მესაზღვრეების მიერ დასმულ კითხვებზე დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად.

გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმზრახველები საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ფორმას აცმევდნენ, რათა ზედმეტი კითხვების გარეშე გაეყვანათ აეროპორტის ტერმინალის გარეთ, სასამსახურო გასასვლელის მეშვეობით. მაქინაციები მაშინ გამომჟღავნდა, როცა პოლიციამ შემთხვევით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებსაც პასპორტში შტამპი არ ჰქონდათ ჩარტყმული ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად, რომელსაც ჩვეულებრივ აეროპორტში კონტროლის გავლის დროს აკეთებენ ხოლმე.

გამოძიების შედეგად დაკავებულია ისრაელის ერთ-ერთი სამინისტროს 45 წლის თანამშრომელი და თელ-ავივის აეროპორტის 26 წლის მოსამსახურე. ამჟამად ორივე ეჭვმიტანილია როგორც ქრთამის აღებასა და თაღლითობაში, ასევე საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევაში. ჩინოვნიკს დამატებით წაყენებული აქვს ბრალდება საზოგადოების მოტყუებასა და ნდობის გაცრუებაში. ამასთან, ორივემ გამოძიებასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ივნისის თვიდან მოყოლებული, ისრაელში არალეგალურად იმყოფება საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების 79 ათასი მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში ტურისტების სახით შეაღწიეს, ისარგებლეს უვიზო რეჟიმით და დარჩნენ. როგორც მინისტრმა არიე დერიმ განაცხადა, ქნესეთის კომისიის სხდომაზე, არალეგალური მიგრაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ისრაელისთვის უკვე პრობლემად იქცა. მისი თქმით, ადგილობრივი შუამავლები, გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე, ქართველ და უკრაინელ ტურისტებს თავშესაფრის მიღებაში ეხმარებიან. შესაბამისად, კანონის მიხედვით, სანამ მათ მიმართვაზე პასუხი არ იქნება მიღებული, დეპორტაცია შეუძლებელია.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს პრობლემა გააცნობიერეს: 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი წესი, რომლის მიხედვით, მსგავსი მიმართვები თავშესაფრის მიღებაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ისინი, რომელთაც უარს ეტყვიან ისრაელში დარჩენაზე, დაუყოვნებლივ იქნებიან დეპორტირებულნი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ