"ვიცოდი, უნდა შევჩერებულიყავი, მაგრამ ფული მოდიოდა ჩეჩქივით" - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, უნდა შევჩერებულიყავი, მაგრამ ფული მოდიოდა ჩეჩქივით"

"ვიცოდი მკვლელის ვინაობა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, რადგან ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო"

"როგორც იქნა, გათენდა, მთელი ღამე არ მძინებია, წინადღის სასამართლო პროცესი მედგა თვალწინ, თითქოს ყველა მისმენდა, მაგრამ მათ თვალებში ყინულის პატარა ნატეხს ვხედავდი, გულგრილობა ჩანდა. გულში ვიმეორებდი, ვიცი, რომ გამწირეს... საკნიდან გამომიყვანეს და სასამართლოში მიმიყვანეს, იმ დღეს ჩემი ბედი უნდა გადაეწყვიტათ. გზას მივუყვებოდი დარბაზისკენ, მაგრამ არაფერი მესმოდა, თითქოს ეს მე არ ვიყავი... დარბაზისკენ არც გამიხედავს. პროკურორმა 15 წელი მოითხოვა, ნუთუ მოსამართლეც ამდენს მომისჯის-მეთქი? 15 წელი მიესაჯოს, თქვა მოსამართლემ და მერე აღარაფერი მახსოვს", - ასე იხსენებს განაჩენის დღეს ქალი, რომელმაც ციხეში ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა.

1994 წელს სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობის ბრალდებით გაასამართლეს. შედეგი უმძიმესი იყო, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი სიკვდილს გადაურჩა. 11 წელი იჯდა ციხეში, პირობითი 4 წელი დაუტოვეს და გამოუშვეს, მერე ისევ მეორედ შებრუნდა უკან - თაღლითობის ბრალდებით ხუთი წელი მიუსაჯეს. 2012 წელს ამნისტიით გამოვიდა.

ნინო, ყოფილი პატიმარი:

- წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ეს დედას დამსახურება იყო, სულ უკან დაგვდევდა მე და ჩემს და-ძმას. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 22 წლის გავთხოვდი და მას მერე ჩემი უკუსვლა დაიწყო.

- რატომ?

- ვინც მიყვარდა, ის ბიჭი სამხედრო პირი იყო, რუსი, მამაჩემი იყო სასტიკი წინააღმდეგი. არადა, მიყვარდა ვიქტორი.

შამპანურის ქარხანაში ვმუშაობდი, მომავალი მეუღლე იქ გავიცანი. ყველა ეუბნებოდა, კარგი გოგო მოვიდაო და ამ შეძახილით დავქორწინდით. 7 წლით იყო ჩემზე უფროსი.

- ვიქტორს როგორ დაშორდით?

- ჩვენი ჯარები გერმანიაში იდგა, ვიქტორი სამი წლით გაიწვიეს, დედაჩემს უთხრა, სამი წელი მამამისი გაუთხოვარს არ დატოვებს, ამიტომ ხელს მოვაწერთ და ერთად წავალთო. დედა დათანხმდა, ფულიც მომცა და მითხრა, წადით, სამ წელიწადში შეგირიგდებათ მამაშენიო. მე და ვიქტორი მმაჩის ბიუროში მივედით. დედაჩემი და ჩემი ძმაც მომყვებოდნენ. კიბეზე რომ ავედით, მამაჩემის ხმა ჩამესმა, წაჰყვეს, მაგრამ თქვას, მამა მოუკვდაო. უკან გამოვბრუნდი, ასე ჩაიშალა ჩვენი ხელის მოწერა. მაინც გავაცილე ვიქტორი, მატარებელი დაიძრა და არაადამიანურად ვიკივლე. დედამ სილა გამარტყა, ის ბიჭიც მოკალი და თავიც მოიკალიო. მისი წასვლიდან 3 თვეში გავთხოვდი.

სანაპიროზე მოვაწერეთ ხელი, ხელკავით მოვდიოდი მეუღლესთან ერთად, ამ დროს გაჩერდა "ვილისი", გადმოვიდა ვიქტორი ხელში თეთრი ვარდებით და მითხრა, ბედნიერებას გისურვებო. დაურეკავთ, თხოვდებაო და ჩამოსულა...

ჩემი ქმრისგან 2 შვილი მყავს, სამი წელი ერთად ვიყავით, მაგრამ ეს ნაცრისფერი დღეები იყო. ერთ დღესაც დედამთილის სახლში დამტოვა და თვითონ წავიდა. მას შემდეგ შვილებიც კი არ მოუკითხავს.

- მერე არ გინახავთ ძველი შეყვარებული?

- ბევრჯერ შემხვდა, მაგრამ ზურგს მიჩვენებდა. ერთხელ მამასთან ერთად ვიყავი, რომ შემხვდა. მამამ ვიქტორი რომ დაინახა, მითხრა, დამნაშავე ვარ, თუკი ვიქტორი არ იქნება წინააღმდეგი, შეგიძლია გაჰყვე ცოლადო. მაშინ შემძულდა მამაჩემი.

ვიქტორი დაოჯახდა. ალბათ, 10 წელი იქნებოდა გასული, ჩემთან ვიღაც ქალი მოვიდა. ვიქტორის ცოლი იყო. გულის ოპერაციას უკეთებენ და თქვენი ნახვა გაუხარდებაო. მივედი, მაგრამ პალატაში შესვლა და მისი ნახვა ვერ შევძელი. დედა შევუშვი. მიხვდა, რომ მეც იქ ვიყავი, მადლობა შემომითვალა. მაშინ გადარჩა და იმის მერე მასზე არაფერი ვიცი. აღარც მაინტერესებდა, იმდენად ვიყავი ფულის შოვნით დაკავებული. ფული ყველაფრის შემძლეა, თუ გაქვს, შინაურსაც და გარეულსაც უყვარხარ, თუ არა გაქვს, არავის ახსოვხარ.

- რა ბიზნესში იყავით?

- სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მქონდა, მაგრამ პროდუქტიც შემომქონდა, შაქარი, ტკბილეული, მარილი... რომ დამიჭირეს, 3000 ტონა მარილი მქონდა შემოტანილი და ციხეში მარილი არ იყო. მოახმარეთ პატიმრებს-მეთქი, მაგრამ უარი თქვა ციხის უფროსმა.

ისე ადვილად ვშოულობდი ფულს, მეგონა, სულ ასე იქნებოდა, დამიჯერეთ, ტომრებით მქონდა ფული. ეს ის პერიოდი იყო, როცა "მხედრიონი" დათარეშობდა. მეც თავზე ხელაღებული ვიყავი, ტყვიის ქვეშ ვშოულობდი ფულს.

მაშინ ერთი შეცდომა დავუშვი. ჩემი ქალიშვილი უსიყვარულოდ გავათხოვე.

- თქვენს შვილს იგივე რატომ გაუკეთეთ?

- ლამაზი გოგო იყო, ფული ჰქონდა, მანქანა ჰყავდა, არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ ძალა დავატანე. მეშინოდა, ნარკომანს ან ქურდს და მამაძაღლს არ წაეყვანა. 17 წლის რომ გახდა, ახალი მანქანა ვუყიდე, ერთ დღეს ავტომატიანები დაუხვდნენ და წაართვეს, შემდეგ ჩემი შვილის მანქანაში 16 წლის გატაცებული ბიჭი ჩასვეს და გაიქცნენ. გამტაცებლებს მილიცია გლდანში დახვდა, ატყდა სროლა, დაიცხრილა ჩემი მანქანა და მძღოლის გვერდზე ვინც იჯდა, ის მოკვდა. ამის შემდეგ ჩემს გოგოს სხვა მანქანა ვუყიდე, დაცხრილული კი ოდნავ გავარემონტე და განჯაში წავედი. ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა მინდობილობით თავისი მანქანა მომცა და ჩემი გასაკეთებლად დაიტოვა. ერთ დღესაც უკან მიმყავს ეს მანქანა, აზერბაიჯანული ნომრები აქვს. ალგეთზე გზა გადახერგილია ტრაილერით, ავტომატიანები დგანან, ორი მოვიდა და მეუბნება, ჩვენს კაპიტანს აზერბაიჯანელებმა წაართვეს მანქანა და ახლა შენს მანქანას ჩვენსაზე გადავცვლითო. ვერ წაიყვან-მეთქი, გავაპროტესტე. მეორემ დაიღრიალა, რას ალაპარაკებ, გადმოათრიეო. მეც ამოვიღე "ლიმონკა", თავი მოვხსენი, ვიომოთ, თუ მშვიდობიანად დავშორდეთ-მეთქი. ერთმა ეს რომ დაინახა, სახელი მკითხა და მითხრა, წადი, დეიდა, ჯიგარი ხარო და გამიშვა. არადა, "ლიმონკა" სასწავლო იყო.

ეს ის პერიოდია, კოოპერატივები ფეხს რომ იდგამდა და შემდეგ ფირმებად გადაკეთდა. ერთხელ განჯაში მივდიოდი და მეგობარმა მითხრა, "ასტრა" წამომიღე მუშებისთვისო. მივედი ფაბრიკის დირექტორთან და თავ-პირი ჩამოსტირის. მარგანეცი შემიკვეთეს, 13 ვაგონი მარგანეცი ამოვიღე და შემკვეთი დაიკარგაო. მუშებისა და რკინიგზის ფული გადასახდელი მაქვს, მთელი ქონება რომ გავყიდო, ამ ფულს ვერ ამოვიღებ, იქნებ რამით დამეხმაროო. ჩავედი სუმგაითში და გაჩერებულია ალუმინის ქარხანა, მიზეზად დირექტორმა მარგანეცის უქონლობა დაასახელა. ორ დღეში აქ გექნება, ოღონდ ალუმინში გამიცვალე-მეთქი. ორ დღეში მარგანეცი მართლა იქ იყო და სულ ალაჰ, ალაჰ იძახა დირექტორმა. მომცა ალუმინი, გავყიდე და ძალიან დიდი ფული მოვიგე.

- 1994 წელს სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობის ბრალდებით გაგასამართლეს.

- ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა. ბევრჯერ დამაყაჩაღეს, ერთხელ ზუსტად ის თანხა მომთხოვეს, რაც მქონდა. ამ საქმეში ძალიან ახლობელი იყო გარეული. წერილები შემომიგდეს, შვილებით მემუქრებოდნენ. მაშინ განცხადებაც შევიტანე მილიციაში. ერთმა მაიორმა მითხრა, დიდი საფრთხე გელის და როგორმე გაერიდეო. ვუთხარი, თქვენ ვერ გახსენით საქმე, ამიტომ მე ვიპოვი მათ და გავუსწორდები-მეთქი. მერე ეს სიტყვები გამახსენეს, ასე იმუქრებოდიო... მაშინ ვის გამოც შეკვეთილ მკვლელობაში დამადანაშაულეს (ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი სიკვდილს გადაურჩა), ბრალი არ მიმიძღოდა, 15 წელი მომისაჯეს, არადა, ვიცოდი მკვლელის ვინაობა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, რადგან ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ეს ადამიანი მხოლოდ შვიდი წლის მერე დააკავეს ყაჩაღობაზე და მკვლელობისთვისაც გაასამართლეს. თუმცა ამან ჩემს განაჩენზე გავლენა ვერ მოახდინა.

- რა განცდა გქონდათ, როცა ციხეში მოხვდით?

- ქვეყანა შენი გგონია, ფული რომ გაქვს, ყველაფერი გაქვს და უცებ ხვდები, რომ აღარაფერი დარჩა. კაპეზეში 3 თვე ვიყავი, გამომძიებელი ფულს მძალავდა, მაშინებდა, ციხეში გაგაუპატიურებენ და ჯობია, აქ იყოო. ციხე საშინელებად წარმომედგინა და ფულს ვუხდიდი.

ჩემთან ერთი "კანონიერი ქურდის" ცოლი მოხვდა, ნაქურდლის შენახვისთვის დააკავეს, მაგრამ მალე გაიყვანა ქურდმა. მახსოვს, საშინლად ცივა, ზამთარია. უცებ მესმის, ვიღაც საშინლად ცახცახებს. გავახილე თვალი და ვხედავ, ქურდის ცოლი თავის ნარზე ზის და ის მესამე, რომელიც ჩვენთან შემოიყვანეს, გაუშიშვლებია და კუთხეში დაუყენებია. მიხვდა, "ნასედკა" რომ იყო და დასაჯა. ქურდის ცოლმა მითხრა, "ნასედკებს" უფრთხილდიო.

განაჩენის გამოტანამდე ორთაჭალაში ქალები მესამე სართულზე ვიყავით, მეორეზე, საავადმყოფოში კაცები მკურნალობდნენ, მესამეზე - ბავშვები იყვნენ. კაბურაში ჩადებდნენ პატარა ყუთს ბიჭები და სიგარეტს ან შოკოლადს ამოგზავნიდნენ ხოლმე.

ერთ დღეს ციხეში 35 წლამდე შვარცენეგერივით დაბალი ბიჭი დადის, ყველა რეზოს ეძახის. ერთ დილას საპირფარეშოში ვარ და არ შემოვიდა?! ვიფიქრე, ჩემს გასაუპატიურებლად მოვიდა და გამოვედი წივილ-კივილით, კაცი შემოვიდა ქალების ტუალეტში-მეთქი. ახარხარდა ყველა. ქალბატონო, მე როზა ვარ, რეზოს მეძახიანო. თურმე ლესბოსელი იყო და კაცის სახელს იმიტომ ეძახდნენ.

- ბევრნი იყვნენ ასეთები?

- 300 ქალში 10 იყო ასეთი. ერთი გვყავდა, ხუთი ქალი ჰყავდა საყვარლად და ხოცავდნენ ერთმანეთს, მათთან ამანათი რომ მოვიდოდა, ყველაფერი მასთან მიჰქონდათ.

- კარცერში ხართ ნამყოფი?

- ერთხელ ორი კვირა ვიჯექი, რადგან რეჟიმის უფროსს სახეში გავულაწუნე. ყოფილი პოლიციის უფროსი იყო. წაუკითხავს ჩემი საქმე და უთქვამს, რა მოსაწველი ყოფილაო. წამალი დამიდო საწოლში. ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ბარაკში არ შეხვიდეო. დიდი ხმაური ავტეხე, შენი დადებული წამალი მელოდება-მეთქი. ზღაპრებს ჰყვებიო და, სახეში გავულაწუნე. კარცერში გამიშვა. ორი კვირის მერე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოვუყევი, რაც მოხდა. წამლის ბარიგა იყო, ახლაც ზის წამალზე ციხეში. მეორედ რომ დამაკავეს, ერთი ეტაპით მოგვიწია სასამართლოში წასვლამ. მივესალმე, შენი რიგიც დადგა-მეთქი. ხმა არ ამოუღია.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახმა როგორ მიგიღოთ?

- რომ გამოვედი, მივხვდი, არავის ვჭირდებოდი. ყველამ მიმატოვა. არ მიცდია მათთან მესაუბრა, არასოდეს მომიყოლია, რაში ვტყუოდი და რაში არა, მაინც არ აინტერესებთ სიმართლე.

- რას ნანობთ?

- უნდა შევჩერებულიყავი, მაგრამ ფული მოდიოდა ჩეჩქივით.

- როდის დატოვეთ ციხე?

- 2005 წელს და პირობითი სასჯელის დასრულებამდე ისევ შემაბრუნეს უკან, 2009 წელს.

- თაღლითობის ბრალდებით, არა?

- ხალხი დამყავდა უცხოეთში, რაღაც მიზეზების გამო სამი ადამიანის წაყვანა ვერ შევძელი და მიჩივლეს. თაღლითობის მუხლით გამასამართლეს და ამჯერად ციხეში 2 წელიწად-ნახევარი გავატარე, 2012 წელს გამოვედი ამნისტიით.

რომ მითხრეს, თავისუფალი ხარო, დავიბენი, სად წავიდე-მეთქი. წასასვლელი არსად მქონდა, გზის ფულიც. ჩემთან ერთად ერთი გოგო გაათავისუფლეს და მან თავისთან წამიყვანა. იქიდან დავურეკე ჩემს შვილს, გამომიშვეს, სახლში მოსასვლელი ფული არა მაქვს-მეთქი.

ახლა ჩემი მშობლების სახლში ვარ, აქ ჩემი და ცხოვრობს ოჯახით. მე გადაადგილება მიჭირს, ორმხრივი კორქსართროზი მაქვს, ვერსად გავდივარ. პენსია რომ ავიღო, ამასაც ვერ ვახერხებ, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი და იქამდე ვერ მივდივარ.

თეა ხურცილავა