"ამ მიწაზე თავს დავიწვავ!" - რას ედავებიან ნინო ბურჯანაძის ოჯახს? - კვირის პალიტრა

"ამ მიწაზე თავს დავიწვავ!" - რას ედავებიან ნინო ბურჯანაძის ოჯახს?

ნინო ბურჯანაძის ოჯახი ახალ სკანდალში ეხვევა?!

მაყვალა დანგაძე: "არჩევნების დროს წყალტუბოში ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში მივედი. იქ დამხვდა ვინმე მაია, მითხრა, ამ ინფორმაციას გადავამოწმებო. მეორე დღეს დამირეკა და სულ "წინასაარჩევნო აფერისტი" მეძახა და მაგინა"

მოქალაქე მაყვალა დანგაძე "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და განაცხადა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის მშობლებთან დაკავშირებული კომპანია მის კუთვნილ მიწაზე უკანონოდ შეიჭრა და კარიერს არალეგალურად ამუშავებს.

მაყვალა დანგაძე: - ჩვენი ოჯახის კუთვნილ მიწაზე უკანონოდ შემოიჭრნენ და ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე დაიწყეს კარიერის დამუშავება. ეს წლებია, გრძელდება. ლაპარაკია 500 კვმ მიწაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჟონეთში, რომელიც დღესდღეობით ჩემი შვილის (შალვა ჯანგავაძის) სახელზეა რეგისტრირებული. ამ ნაკვეთზე გრანიტს მოიპოვებენ შპს "ანრე 2006" და შპს "სვაია", მათი უკანონო საქმიანობის უკან კი ნინო ბურჯანაძის ოჯახის ინტერესები იმალება.

- ამას რით ადასტურებთ?

- 2010 წლამდე შპს "ანრე-2006"-ის მეწილეები იყვნენ ქალბატონი ნინოს დედ-მამა, ანზორ და თინა ბურჯანაძეები. ახლა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებში კომპანიის მეწილედ მხოლოდ თინა ბურჯანაძეა მოხსენიებული. შპს "ანრე 2006"-ს და "სვაიას" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და საქმიანობენ კიდეც ჩვენი ოჯახის კუთვნილ მიწაზე. ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩვენი მეზობლები არიან. წლების განმავლობაში მათგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოგვკლებია. თავის დროზე სწორედ ამ მეზობლებთან კონფლიქტი გახდა ჩემი მეუღლის (ჯემალ ჯანგავაძის) გარდაცვალების მიზეზი ინფარქტით, ფაქტობრივად, ამ საქმეს შეეწირა. ამ ჩვენს მეზობლებს ბურჯანაძეები მფარველობდნენ, ჩვენ კი ღარიბები ვიყავით და ადვილად დაგვჩაგრეს, რაც გვქონდა, ისიც წაგვართვეს.

ახლა, ვინაიდან ეს მიწა იურიდიულად ჩვენს საკუთრებაშია, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებასაც კი ვერ ვიღებთ. არადა, ჩვენი მიწით სხვები სარგებლობენ. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები და თუ სამართალმა პური კვლავაც ვერ ჭამა, მაშინ შევაკვდები ამ მიწას. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაცხადებ - თუ სიმართლე ვერ ვიპოვე, ზუსტად იმ მიწაზე გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ!

- ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ შპს "ანრე 2006"-სა და შპს "სვაიას" უფლება არა აქვთ, იმუშაონ მიწის ამ მონაკვეთზე?

- არა აქვთ. ყველაფერი გადავამოწმეთ, მათ ჩვენი მიწიდან 1800 მეტრით დაშორებულ ნაკვეთზე აქვთ მუშაობის ლიცენზია, რომელიც ზემოთ, მთაშია.

- თუ გიცდიათ მიგემართათ ნინო ბურჯანაძისთვის, რომელიც პოლიტიკური ლიდერია და მასთან შეხვედრა არ უნდა იყოს პრობლემა.

- ვცადე, არჩევნების დროს წყალტუბოში ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში მივედი. იქ დამხვდა ვინმე მაია, მითხრა, ამ ინფორმაციას გადავამოწმებო. მეორე დღეს დამირეკა და სულ "წინასაარჩევნო აფერისტი" მეძახა და მაგინა.

- თქვენი ზარალი დაახლოებით რამდენია?

- ამას აუდიტი დააზუსტებს, თუ რა მორალური და მატერიალური ზარალი მივიღე. 2006 წლიდან მოყოლებული მუშაობენ ჩვენს მიწაზე. ერთი მანქანით გატანილი გრანიტის ღირებულება 1.700 ლარია.

- საბუთების მიხედვით, სადავო მიწა 2008 წელს დაირეგისტრირეთ, თქვენ მიერ დასახელებული კომპანიები კი იქ 2006 წლიდან მუშაობენ. 2008 წლამდე სად იყავით?

- მიწის გამო კონფლიქტი მეზობლებთან 2005 წლიდან დაიწყო. თურმე ჩემი ქმარი აგროვებდა საბუთებს, ოღონდ არაფერს ამბობდა. ალბათ, არ უნდოდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო და მისთვის იურიდიულად მიწის დამტკიცებაში მოწინააღმდეგეებს ხელი შეეშალათ. ბოლოს ჩემს მეუღლეს მეზობლებთან კონფლიქტი მოუხდა და ძალიან ანერვიულებული დაბრუნდა. რამდენიმე დღე შიშით გარეთ ვერ გადიოდა, მალე კი ინფარქტით გარდაიცვალა. ეს 2005 წელს მოხდა. ამის შემდეგ მეგონა, რომ იურიდიულად ვერაფერს დავამტკიცებდით. თუმცა, მოგვიანებით, შემთხვევით აღმოვაჩინე სახლში განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩემი ქმარი მიწის დაკანონებას ითხოვდა, ვიპოვე კომისიის დასკვნაც, მიღება-ჩაბარების აქტიც, რაც ცხადყოფდა, რომ ჩემი ქმრის განცხადება დაკმაყოფილებული იყო და საბუთები საჯარო რეესტრში წარვადგინე. რეესტრმა საკუთრების უფლება მოგვანიჭა და მიწა დაგვირეგისტრირა. მიუხედავად ამისა, შპს "ანრე 2006"-მა და შპს "სვაიამ" ჩვენს კუთვნილ მიწაზე მუშაობა გააგრძელეს, თითქოს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არაფერია.

მარიამ ლევიძე, მაყვალა დანგაძის ადვოკატი: - ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დავინტერესდით, გასცა თუ არა ამ უწყებამ კარიერზე სამუშაოდ ლიცენზია მიწაზე. გავარკვიეთ, რომ "ანრე 2006"-სა და "სვაიას" სულ სხვა მიწაზე აქვთ კარიერის მოპოვების ლიცენზია. ალტერნატიული ექსპერტიზაც იმავეს ადასტურებს. ამჟამად სასამართლოს დანიშნული ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, რომელიც განსხვავებული ვერაფრით იქნება, რადგან დასკვნა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს უნდა დაეყრდნოს.

"კვირის პალიტრამ" შპს "ანრე-2006"-ისა და შპს "სვაიას" წარმომადგენლებთანაც სცადა დაკავშირება. კარგა ხნის მცდელობის შემდეგ "სვაიას" წარმომადგენელმა ბადრი მხეიძემ გვიპასუხა:

- მაგ კარიერზე 2006 წლიდან ვმუშაობთ და ლიცენზიის გარეშე როგორ ვიმუშავებდით?!

- მათ ხელთ აქვთ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, ასევე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტები, რომ შპს "ანრე 2006"-სა და "სვაიას" მუშაობის ლიცენზია სულ სხვა ტერიტორიაზე აქვთ და არა მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე...

- დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამოჩნდება, ვის აქვს ყალბად გაკეთებული საბუთები და ვის არა. არ მესმის, სად "კვირის პალიტრა" და სად ლიცენზია, თქვენ რა შუაში ხართ?!

- მაყვალა დანგაძე აცხადებს, რომ თქვენი საქმიანობის უკან ბურჯანაძეების ბიზნესინტერესები დგას...

- ეს ქალი ცოტა...

- გინდათ თქვათ, რომ ანზორ და თინა ბურჯანაძის გვარ-სახელები არ ფიგურირებენ თქვენი პარტნიორი კომპანია "ანრე 2006"-ის მეწილეებში?

- წილებში არიან თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. მე ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელი.

- კი მაგრამ, შპს "სვაიასა" და "ანრე 2006"-ს შორის ხომ არის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. განა ამ საქმეში ერთად არ ხართ?

- სასამართლოში მიბრძანდით და იქ იკითხეთ.

"კვირის პალიტრამ" ნინო ბურჯანაძესთანაც სცადა დაკავშირება. მან ვითარებაში გარკვევა მოისურვა და მოგვიანებით მისმა პრესსამსახურმა წერილობით გვიპასუხა:

"ქალბატონი ნინო არ იცნობს მაყვალა დანგაძეს, ის არც არასდროს მოსულა პარტიაში მასთან შეხვედრის სურვილით. თუმცა ნინო ბურჯანაძე დაინტერესდა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაუკავშირდა "ანრე-2006"-ის დირექტორ ზურაბ მორჩაძეს და სთხოვა, მოესმინა ქალბატონი მაყვალას პრეტენზიები. ფირმის დირექტორი მზად არის, შეხვდეს მაყვალა დანგაძეს და კანონის ფარგლებში დაუკმაყოფილოს მოთხოვნა. თუ ქალბატონ მაყვალას სურს, რომ მაინცდამაინც ნინო ბურჯანაძეს შეხვდეს და ეს საკითხი პოლიტიკურ ავანტიურაში გადაიყვანოს, მაშინ არანაირ შეხვედრას და მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. თუ შეხვედრა და მოლაპარაკება მაყვალა დანგაძეს არ სურს, კი ბატონო, არსებობს სასამართლო და კანონიერად გადაწყდეს პრობლემა".

ეკა ასათიანი