ორი 300-ლარიანი ჯარიმა საათნახევრიანი ინტერვალით(?!) - კვირის პალიტრა

ორი 300-ლარიანი ჯარიმა საათნახევრიანი ინტერვალით(?!)

ბოლო დროს ხშირ-ხშირად გვახსენებენ, რომ საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანაა, სადაც პოლიციელები ევროპულად იქცევიან და მოქალაქეებს თავაზიანად ეპყრობიან, არც ქრთამს იღებენ და პრეზიდენტის მადლობასაც ხშირად იმსახურებენ,  მაგრამ, ეტყობა, ზედმეტმა ქებამ აწყინათ.

ამ ბოლო დროს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად საყვედურობენ ჩვენს სანაქებო პატრულს და ბრალს "ზედმეტობაში" სდებენ. ამბავი, რომელიც თბილისელ ნანა ადამიას გადახდა თავს, ცოტა დაუჯერებელი კი ჩანს, მაგრამ დოკუმენტებს ვერსად წაუხვალ.

- რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრი გამიხდა ცუდად. ფეხბურთელია და თამაშისას კბილები ჩაემტვრა. საღამოს 11 საათი იქნებოდა, ტკივილი, სისხლდენა რომ დაეწყო და სადღეღამისო სტომატოლოგიურ კლინიკაში მივიყვანეთ. სტომატოლოგიური კლინიკის ეზოდან ყაზბეგის გამზირზე მანქანის მოსატრიალებლად გამოვედი, პატრულმა რომ გამაჩერა. წესისამებრ საბუთები შემიმოწმა და მთვრალი ბრძანდებითო, მომახალა. აპარატი მომიშვირეს, ჩაბერეო.  ჩავბერე, წითელი აინთო თუ არა, არ დამინახავს, ხელში ისე ეჭირათ, არაფერი ჩანდა.

KvirisPalitra.Geმითხრეს, ნასვამი ხართ, უნდა დაგაჯარიმოთო. მე ხომ ვიცოდი, რომ არ ვიყავი ნასვამი? ვუთხარი, ტყუილად ნუ დამაჯარიმებთ, თუ გინდათ, ექსპერტიზის ბიუროში გავივლი შემოწმებას-მეთქი, მაგრამ ჩემი სიტყვა პატრულთან რას გაჭრიდა და 300 ლარით დამაჯარიმეს. გადავწყვიტე, ბაგებში ექსპერტიზის ბიუროში წავსულიყავი და შემოწმება გამევლო იმის დასადასტურებლად, რომ ნასვამი არ ვიყავი. ჩემს მულს კლინიკაში გავუარე და ბაგებისკენ დავაპირეთ წასვლა, მეორე საპატრულო ეკიპაჟმა რომ გამაჩერა.

ეჭვგარეშეა, წინა ეკიპაჟმა აცნობა, ამა და ამ ავტომობილით ნასვამი მართავს მანქანასო, თორემ  მოძრაობის წესები არ დამირღვევია და რაღა მაინცდამაინც მე გამაჩერეს? ერთი სიტყვით,  გამაჩერეს თუ არა, ისევ დაიჟინეს, მთვრალი ხარო. ისევ ჩამაბერინეს აპარატში, მაგრამ აჩვენა თუ არა აპარატმა ალკოჰოლური თრობა, ისევ არ მაჩვენეს. KvirisPalitra.Geვუთხარი, 15 წუთის წინ უკვე გამაჩერა პატრულმა, ჯარიმაც გამომიწერეს (ეკიპაჟს ქვითარი ვაჩვენე), ხელახლა რატომღა მაჯარიმებთ, თანაც ახლა ბაგებში მივდივარ იმის დასამტკიცებლად, რომ ნასვამი არ ვარ-მეთქი.

არ გვაინტერესებსო, მიპასუხეს უხეშად, მანქანის საბუთები და გასაღები წამართვეს და  დაახლოებით ერთი საათით ჩაიკეტნენ თავიანთ მანქანაში. როგორც იქნა, ერთი საათის მერე მეორე ჯარიმა გამომიწერეს, ისიც 300-ლარიანი(!). ამასობაში ის ეკიპაჟიც მოვიდა, პირველად რომ დამაჯარიმა. მითხრეს, იმიტომ გაჯარიმებთ, მეორეჯერ ისევ თქვენ რომ დაჯექით საჭესთანო. ვუთხარი, არა ვარ ნასვამი, ნასვამსა და ფხიზელს ვერ არჩევთ ერთმანეთისაგან-მეთქი? თანაც ავტომანქანაში ოთხი კაცი მიზის, მათ შორის ბავშვები და რა ნასვამობაზე მელაპარაკებით-მეთქი. იმდენი ხანი შემაყოვნეს, რომ ამასობაში ღამის 12 საათს გადასცდა და მეორე ჯარიმის ქვითარი მეორე დღის რიცხვით გააფორმეს.  როგორც იქნა, თავი დავაღწიე პატრულს, ბაგებში ავედი და ალკოჰოლური შემოწმება გავიარე.

KvirisPalitra.Geბუნებრივია, დადასტურდა, რომ ნასვამი არ ვიყავი, მთვრალი, მით უმეტეს. ბაგებიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, ღამის სამი საათი იყო. ორივე საპატრულო ეკიპაჟი შემხვდა, გავაჩერე, ექსპერტიზის დასკვნა ვაჩვენე და ვუთხარი, ახლა მაინც არ გჯერათ, ნასვამი რომ არ ვარ, რა დამოკიდებულება გაქვთ მოქალაქეებისადმი-მეთქი? ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ არა ხარ ნასვამი. წადი ახლა და სადაც გინდა, იქ გვიჩივლე, ფეხებსაც ვერ მოგვჭამო! პირდაპირ მომახალეს. მოკლედ, ამ ჩემი საჯარიმო ქვითრებით  საპატრულო პოლიციაში, მე-12 ოთახში მივედი. ვიფიქრე, ჯარიმას მაინც მომიხსნიან-მეთქი.

მეორე ჯარიმა კი გამიუქმეს, მაგრამ პირველი ჯარიმის მოხსნის საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს. მოგეხსენებათ, დაჯარიმებიდან 2 საათის განმავლობაში უნდა გქონდეს ცნობა (ნასვამი რომ არა ხარ) აღებული. მე კი იმდენ ხანს დამაყოვნა მეორე ეკიპაჟმა, რომ კვოტირებული დროც გავიდა. შეურაცხყოფილი ვარ, ვიჩივლებ კიდეც, მაგრამ მითხრეს, ჩივილს აზრი არა აქვს, მაინც ვერაფერს გახდებიო.

საქმე ის არის, რომ საპატრულო ეკიპაჟს კანონი არ უკრძალავს დაჯარიმებული პირის თუნდაც ორი წუთის შემდეგ გაჩერებას და ხელახლა დაჯარიმებას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი სულ სხვაგვარად დგას.

რობერტ იანტბელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "მძღოლი, გზა, სამართალი" პრეზიდენტი: - ეს კანონის უხეში დარღვევაა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116 მუხლით პოლიციელს ევალება, საჭის მართვას ჩამოაშოროს სიმთვრალეში შემჩნეული პირი. ვთქვათ,  ფხიზელი მძღოლი ნასვამად მოეჩვენათ, რომელ კანონში წერია, რომ ნასვამი უნდა დააჯარიმო და გაუშვა? ნასვამს რომ აჯარიმებ, უშვებ, 15 წუთში ისევ აჩერებ და აჯარიმებ, ყალთაბანდობა, უმსგავსობაა და სხვა არაფერი.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირველმა საპატრულო ეკიპაჟმა მას შემდეგ, რაც დაჯარიმებული ქალბატონი გაუშვა, დაურეკა სხვა ეკიპაჟს და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამა და ამ მანქანის საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა. მეორე ეკიპაჟმაც "იყოჩაღა", გეგმა ექნებოდა შესასრულებელი და ისევ დააჯარიმა 15 წუთის წინ დაჯარიმებული მძღოლი. რა უფლებით გაუშვა პირველმა ეკიპაჟმა სიმთვრალეში ეჭვმიტანილი მოქალაქე? მით უმეტეს, თუ ამ ქალბატონს მანქანაში 4 კაცი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა? ეს იმაზე მიუთითებს, რომ სულ არ ანაღვლებთ  უსაფრთხოება,  ბავშვები, მოქალაქეები და ფულის კეთებაზე არიან გადასული.

კარგი მეთოდია, ვერაფერს იტყვი! დააკავე ნასვამი, დააჯარიმე - გაუშვი, ორ მეტრში ისევ გააჩერე, დააჯარიმე - ისევ გაუშვი. სანამ გამოფხიზლდება, სახლ-კარსაც გააყიდვინებ! მშვენიერი მიგნებაა ფულის საკეთებლად. პირველი საპატრულო ეკიპაჟი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.