"ვინ ჩამოგვრეცხავს ამ სიბინძურეს?!" - კვირის პალიტრა

"ვინ ჩამოგვრეცხავს ამ სიბინძურეს?!"

"იყო შემთხვევები, როცა ქალები ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცებს გაუსწორდნენ. თუმცა მახსოვს ისეთი შემთხვევაც, როცა გაქურდეს სახლი და გამოაცხადეს, ქართველებმა ჩაიდინესო, მერე კი გაირკვა, რომ საქართველოში დაბადებული ბერძნები იყვნენ, მაგრამ ეს არავის გამოუცხადებია"

ქართველი ქალები ბერძნული მედიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ

რამდენიმე დღის წინ ბერძნული მედია იუწყებოდა, რომ ქართველებს 85 წლის ბერძენი ქალის წამებაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ათენის გარეუბანში მოხდა, ყაჩაღებმა მარტოხელა მოხუცი საწოლზე დააბეს და ცხელი უთოთი აწამეს. გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ნაწამები ქალი ჰყვება, რომ მისგან ფულს ითხოვდნენ. მედიამ რვა პირის ფოტო გამოაქვეყნა. მათი ცნობით, დაკავებულები სასჯელს ანალოგიური დანაშაულისთვის ადრეც იხდიდნენ. ამ ჯგუფს 30-ზე მეტი ქურდობა აქვს ჩადენილი. ისინი შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს, მოხუცების სახლებში მოტყუებით შედიოდნენ და ძარცვავდნენ. მედიაში დაკავებულთა გვარ-სახელებიც გამოქვეყნდა.

ინფორმაცია და ფოტოები ქართულ მედიაშიც გავრცელდა და ზოგიერთმა ახლობლები ამოიცნო. ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფში შვიდი ქართველია, ერთი კი ყაზახეთის მოქალაქე. გავრცელებულ ფოტოებში სამი ქალია: სოფიო საკანდელიძე, სოფიო ფხაკაძე და მისი 19 წლის გოგონა ანანო ხერხაძე. ირკვევა, რომ ისინი დაპატიმრებული არ არიან, მაგრამ დაკავებული არიან საკანდელიძიIსა და ფხაკაძის მეუღლეები. ქალები დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. მაშინ როგორ აღმოჩნდა მათი ფოტოები პრესაში და რატომ დააკავშირეს ისინი ადამიანის წამებასთან?! როგორც ამბობენ, ყაჩაღობის დროს ისინი ბერძენ სამართალდამცველებს სულ სხვა ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, თუმცა პოლიციამ მტკიცებულებები იმ საქმეზე ვერ წარადგინა. ქალები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და ბერძნული მედიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამბობენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ მათ ქუჩაში ცნობენ და შეურაცხყოფენ. სოფიო საკანდელიძეს ოჯახის დიასახლისმა ნაქირავები ბინის დაცლა მოსთხოვა, ხოლო სოფიო ფხაკაძე 4 წლის შვილთან ერთად მაღაზიაში რომ შენიშნეს, ხალხმა პოლიცია გამოიძახა.

"არც ერთ ჩვენგანს შეხება არა გვაქვს მოხუცის წამებასთან, ყაჩაღობასთან. ვფიქრობ, ადგილობრივმა მედიამ მიზანმიმართულად იცრუა ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. მოვითხოვთ, მედიამ გამოაქვეყნოს, რომ უდანაშაულოები ვართ. ითქვა, თითქოს ქალები დავდიოდით, როგორც საგადასახადოს თანამშრომლები და თუ მოხუცებს ვნახავდით, ბიჭებს ვეუბნებოდით. ესეც სიცრუეა, ჩვენ 18 ოქტომბერს დაგვაკავეს და 27 ოქტომბერს აწამეს ის მოხუცი, ჩვენ რა შუაში ვართ?! არც იმ საქმეში აქვს პოლიციას სამხილი, რასაც გვედავება. მითხრეს, ხომ იცი, რომ შენი ქმარი კარგი ადამიანი არ არის, აქ ქურდობსო, მაგრამ არანაირი სამხილი არა აქვთ", - ამბობს სოფიო საკანდელიძე.

ბრძოლას აპირებს სოფიო ფხაკაძეც, რომლის ქმარ-შვილი ამჟამად პატიმარია: "ჩვენ მართლები ვართ, გვაქვს ამის დამადასტურებელი. პირადად მე, ერთი დღეც არ ვყოფილვარ დაკავებული და რატომ გავრცელდა ჩემი ფოტო, არ ვიცი. არა მაქვს იმის გაჭირვება, რომ 60 ევროს გულისთვის ადამიანი დავაუთოო".

დაკავებულების ადვოკატის თქმით, არ იძებნება თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომ მოხუცის წამებაში საქართველოს ეს მოქალაქეები არიან გარეული.

თინათინ ხერხაძე, ანანო ხერხაძის მამიდა: - ყოველდღე ვესაუბრები ჩემს რძალს, მისგან გავიგე, რომ ჩემი ძმისშვილი ანანო დააკავეს, რადგან არალეგალია, სრულწლოვანი ახლახან გახდა და საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. წარმოიდგინეთ, 19 წლისაა, ახლა იწყებს ცხოვრებას და ასეთი სიცრუე ვრცელდება. დეპრესიაშია და რცხვენია საზოგადოებაში გასვლის. იმედია, ყველაფერი დალაგდება და ხალხის ყურამდე სიმართლე მივა, ის უდანაშაულოა.

გავრცელებულ ფოტოებში ჩემი რძალიც არის, არადა, ერთი დღითაც არ დაუკავებიათ. ჩემი ძმა და რძალი 11 წლის წინ წავიდნენ საბერძნეთში. ანანო 8 წელია იქ ჰყავთ, ანანოს 4 წლის ძმაც იქ არის და დედას ანანო ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში. სკოლაშიც იქ სწავლობდა და ქართულ ანსამბლ "ემიგრანტებში" ცეკვავდა. ჩემი რძალი იქ ქართულ რესტორანში მუშაობს.

- თქვენს ძმას ედავებიან მოხუცის წამებას?

- არც ანანოს, არც ჩემს ძმას და რძალს მოხუცის წამებასთან კავშირი არა აქვთ... რადგან წასულები არიან უცხოეთში, ეს არ ნიშნავს, რომ მონსტრები ხდებიან... საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს:

"საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სამი მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა. ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის. ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების ამავე პერიოდში ჩადენილ სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შსს-ს ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამოსწორების მიზნით".

"საელჩომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბერძენმა ხალხმა გაიგოს სიმართლე"

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინა ბაჯელიძე 18 წელი ცხოვრობდა საბერძნეთში. მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს იქ მცხოვრებ ქართველებთანაც და ბერძნებთანაც: "ბოლო დროს ხშირად აკავებენ ქართველებს სხვადასხვა ბრალდებით. არადა, წლების წინ ყველა ცნობილ ოჯახში, პრემიერ-მინისტრის, მსახიობების, პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მოქალაქეების ოჯახებში ძიძად ან დამხმარედ ქართველი ჰყავდათ. ძალიან კარგი რეპუტაციით ვსარგებლობდით, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მოხუცების სიკვდილში ქართველები დაადანაშაულეს. ხშირად იმასაც ამბობდნენ, რომ ქართველი ქალები იყვნენ გარეული დანაშაულებში. მართლაც იყო შემთხვევები, როცა ქალები ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცებს გაუსწორდნენ. თუმცა მახსოვს ისიც, რომ გაქურდეს სახლი და გამოაცხადეს, ქართველებმა ჩაიდინესო, მერე კი გაირკვა, რომ საქართველოში დაბადებული ბერძნები იყვნენ, მაგრამ ეს არავის გამოუცხადებია. ადრე ძალიან ცუდი სახელი ალბანელებს ჰქონდათ, დღეს ჩვენ გავუსწარით, ძირითადად, ქართველი მამაკაცები სჩადიან ამას. რამდენიმე შემთხვევაც იყო, როცა ქალმა გააქურდვინა ბინები. ბევრი ბერძენი მეგობარი მყავს და განიცდიან, რომ ასე ხშირად იჭერენ ქართველებს. ძირითადად, ჯგუფურ ქურდობებს სჩადიან. ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში, ბევრის ოჯახი ამ ქვეყანამ გადაარჩინა. ღმერთმა ქნას, ისინი უდანაშაულონი იყვნენ. საელჩომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბერძენმა ხალხმა გაიგოს სიმართლე".

"საელჩოს და საკონსულოს სულ კიდია ქართველები"

სოციალურ ქსელშიც ბევრი გამოეხმაურა ამ ფაქტს. საბერძნეთში მცხოვრები ვინმე იზა ყურაშვილი წერს: "სამსახურში წასვლა საშინლად მერიდება, მთელი კვირაა საბერძნეთის ტელევიზიების არხებიდან არ წყდება ქართველი ემიგრანტების დაუსრულებელი ლანძღვა-გინება, მას მხარს უბამენ ქართული არხებიც, ისე, რომ არავის ეჭვი არ შეუტანია იმ ამბის სიმართლეში, რაც ერთი კვირის წინ ათენში მოხდა. სურათები როგორც კი გამოფინეს, მაშინვე ძველი პოსტები გადავათვალიერე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მერე ჩემი "გამოძიება" ჩავატარე და ჰოი, საოცრება! იმ დანაშაულში, რომელშიც მოხუცი ქალის გაუთოება და გაძარცვა მოხდა, ქართველებს წვლილი არ მიუძღვის! იმ საქმეზე დაკავებული არიან ყაზახეთის მოქალაქეები, იმ სურათებზე კი 2 წლის წინ რესტორან "იმერეთის" თანამშრომლები არიან, რომლებიც ერთი ნაძირალა ქართველის დასმენის საფუძველზე დააკავეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს! ახლა ჩვენ რა გვეშველება? ვინ ჩამოგვრეცხავს ამ სიბინძურეს? ჩვენი პატრონი აქ არავინაა, საელჩო და საკონსულოს სულ კიდია ქართველები, ჩვენი რეპუტაცია და უდანაშაულობა!"

თეა ხურცილავა