დეკრიმინალიზაცია - სამოთხე ნარკოდილერებისთვის?!
დეკრიმინალიზაცია - სამოთხე ნარკოდილერებისთვის?!
დილერები დაიწყებენ ერთდღიანი დოზის გასაღებას და პოლიციასაც გაეხსნება მუშაობის ფრონტი. მართალია, გასაღება დაისჯება, მაგრამ გაჩნდებიან წვრილ-წვრილი გამსაღებლები. ისინი ნარკოტიკებს დასაშვებ რაოდენობად დაანაწევრებენ - ორი გრამი იქნება თუ ხუთი და მათ ქუჩაში ვერავინ შეეხება. სამართალდამცველები რეალიზატორს გრამზეც დაიჭერენ, მაგრამ რეალიზაციის დამტკიცება ძალიან ძნელია

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ხუთი დეპუტატის ინიციატივით მომზადებულ ე.წ. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტი ამ კვირიდან განიხილავს.­ როგორც რეფორმის ინიციატორები აცხადებენ, კანონპროექტის თან­ახმად, ნარკოტიკების მოხმარება ისევ დაისჯება, ოღონდ მუდმივი­ მომხმარებლისთვის დადგინდება დღიური ნორმა და თუ ამ კონკრეტულ დოზას მას
პოლიცია აღმოუჩენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება.

საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება კანონპროექტის სწორედ ამ ნორმამ გამოიწვია, რადგან მიიჩნევენ, რომ ნარკორეალიზატორებს, ე.წ. დღიური ნორმა მანიპულაციების საშუალებას მისცემს.

გურამ იმნაძე, იურისტი, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი: -
ამ კანონპროექტით გვინდა არა მარტო ნარკომომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, არამედ ჯანდაცვის სტანდარტების ამაღლება. თუ გვინდა ქვეყანაში C ჰეპატიტის დამარცხება, ამ დაავადების გავრცელების მთავარ რისკ-ჯგუფს - ნარკომომხმარებლებს უნდა დავეხმაროთ.

- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონის ლიბერალიზაცია კი არ შეამცირებს, პირიქით, გაზრდის მომხმარებელთა რიცხვს..
.
- მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენი კანონმდებლობა მკაცრია, ძალიან ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს. მკაცრი სასჯელი არ ნიშნავს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი სასჯელის შიშით ნარკოტიკზე უარს იტყვის. ჩვენ თუ 7-8 წლის წინ 40 000 პრობლემური მომხმარებელი გვყავდა, დღეს 50 000-ია და ისინი უფრო ტოქსიკურ ნივთიერებებს მოიხმარენ, ვიდრე 10-15 წლის წინ, ამიტომ დაავადებების გავრცელების საშიშროებაც მეტია.

- საქართველოში გამოდგება პორტუგალიის­ მაგალითი, სადაც ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის პირველ ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა? ამასთან, ამ ქვეყნის ბიუჯეტი 100-ჯერ აღემატება საქართველოს ბიუჯეტს და ამ ექსპერიმენტში მას მთელი ევროპა უჭერდა მხარს; შეიქმნა სოციალური რეაბილიტაციის დიდი ქსელიც... ჩვენს სახელმწიფოს რა რესურსები აქვს საიმისოდ, რომ ამ პრობლემას თავი გაართვას?

- პორტუგალია ევროპის უღარიბესი­ ქვეყანა იყო, მიუხედავად ამისა, რეფორმამ შედეგი გამოიღო. პორტუგალიის მაგალითი იმიტომ მოგვყავს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სამკურნალო და პრევენციულ ზომებზე - მომხმარებლები უსაფრთხო მოხმარებაზე გადავიყვანოთ, რომ მერე თანდათან დაანებონ თავი ნარკოტიკს. სახელმწიფოს სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მკურნალობა.

- ხომ არ მომრავლდებიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ყოველდღიური დოზით მოამარაგებენ მომხმარებლებს? ეს პრობლემა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც გაურთულებს შრომას...

- კანონპროექტი არ ეხება ნარკორეალიზატორებს. მათ მიმართ სასჯელი ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორიც აქამდე იყო. ახალი ის არის, რომ პოლიცია მომხმარებელს თანამშრომლობას ვეღარ აიძულებს. დღეს ათასობით ნარკოლოგიური შემოწმება ტარდება, რაზეც დიდი საპოლიციო რესურსი იხარჯება და თუ ეს რესურსი­ გასაღების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება, აჯობებს. პოლიციას კანონი ავალდებულებს, მკაცრად მოექცეს გამსაღებლებს.

აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:
- ჩვენ შეგვიძლია, კანონპროექტზე ვიმსჯელოთ იმ ქვეყნების გამოცდილებით, რომლებმაც ასეთი რეფორმა განახორციელეს. ესენია: პორტუგალია, ესტონეთი, ჩეხეთი... სულ 25 ქვეყანა. პორტუგალიაში პირველ წელს იყო ზრდის ტენდენცია, მაგრამ 16 წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა. ასეთ შთამბეჭდავ შედეგზე ჩვენ ჯერ მხოლოდ ვოცნებობთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები აღარ მოხვდნენ ამ მანკიერ წრეში. როცა პოლიცია მომხმარებლების დევნისაგან გათავისუფლდება, ის გამსაღებლების დევნაზე გადაერთვება. პორტუგალია ტრანზიტული ქვეყანაა და იქ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ პოლიციის მუშაობა გაცილებით ეფექტიანია. მთავარია, ნარკოტიკს მომხმარებელი არ ჰყავდეს და გამსაღებლის აქტიურობას ადვილად მოევლება.
გამსაღებლები ამ რეფორმით ვერ ისარგებლებენ. კანონპროექტი გულისხმობს მომხმარებლის პატიმრობისგან გათავისუფლებას. ნარკოტიკების მოხმარებაც და შენახვაც დაისჯება, ოღონდ გარკვეულ ოდენობამდე ეს იქნება ადმინისტრაციული სასჯელი ან უფლებრივი შეზღუდვა. ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ლეგალური ხდება.

- პრობლემაა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიაც...

- კანონის მიხედვით, სააფთიაქო ნარკ­ომანია გაუთანაბრდა ნარკოდანაშაულს და ფარმაცევტი ან აფთიაქის მფლობელი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. რა თქმა უნდა, საფრთხე არის, და თუ რეფორმა სწორად არ განვახორციელეთ, მოგვიწევს, კანონმდებლობა უკან დავაბრუნოთ. მთავარია, სრულად დაფინანსდეს რეაბილიტაციის, პრევენციისა და მკურნალობის სერვისები და პრობლემა გადაიჭრება.
რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ ჩვენმა სახელმწიფომ და ხელისუფლებამ ფული არ გაიღო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მათ შორის - განათლების, სპორტის განვითარებისთვის... ამ რეფორმის მოთხოვნაა, ნარკომანიას შევხედოთ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას და არა - როგორც რეპრესიული და სამართალდაცვითი საქმიანობის სამიზნეს - კი არ დავსაჯოთ, ვუმკურნალოთ!

დავით ვადაჭკორია, მედიცინის დოქტორი, ნარკოლოგი:
- დეკრიმინალიზაცია თვითმიზანი არ არის, ეს არის საშუალება, მივხედოთ იატაკქვეშეთში მიმალულ 50 000-მდე ნარკომომხმარებელს, რომლებიც დღეს ავანსცენაზე არ ჩანან და ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარენ. იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩაერთოს სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში, მათი დევნა უნდა შემსუბუქდეს. საუბედუროდ, ქვეყანაში სურათი დღითი დღე მძიმდება და რაღაც უსათუოდ უნდა შეიცვალოს.
პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში - სეიშელის კუნძულებისა და რუსეთის შემდეგ.

დოზებს რაც შეეხება, პორტუგალიაში დოზა ათდღიანია, ჩვენთან კი ერთდღიან, მინიმალურ დოზებზეა ლაპარაკი. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ძალოვან სტრუქტურებთან, რომ ოპტიმალური დოზა დავადგინოთ. ნარკოდილერების მომრავლება-გააქტიურების საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს სამართალდამცველების საქმეა. შესაძლოა, თავიდან მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ დეკრიმინალიზაციის შედეგად, მათი რიცხვი თანდათან შემცირდება. ციხისთვის, სასამართლოსთვის დახარჯული თანხა გამოთავისუფლდება და ის ნარკომომხმარებელთა გამოჯანმრთელებას მოხმარდება. ნარკომოხმარება ისევ დაისჯება, ოღონდ კანონი ლიბერალური გახდება - სს კოდექსიდან ადმინისტრაციულ კოდექსში გადაინაცვლებს. დანარჩენი პოლიციის საქმეა. ის მომხმარებლების დევნის ნაცვლად, ნარკომოვაჭრეების დევნას დაიწყებს.

გელა ლეჟავა, პროფესორი, ექიმი-ნარკოლოგი:
- არ ვამბობ, რომ მომხმარებლები ციხეში ჩავსვათ, მაგრამ მხოლოდ ჯარიმა არ უშველის, ადმინისტრაციული ზომები ძალიან სერიოზული უნდა იყოს. ამერიკელები და ევროპელები თვლიან, რომ პრევენციისთვის გაღებული 1 დოლარი­ ზოგავს 12 დოლარს. ყურადღება პრევენციაზე უნდა გამახვილდეს. ვიცი, რომ პარლამენტშიც ყველა არ არის ამ რეფორმის მხარდამჭერი...

ჯემალ ჯანაშია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: -
კანონპროექტში დასაშვები დოზების ნებადართულობა გამოიწვევს ნარკოტიკების მომხმარებლების მყისიერად გაზრდას, რაც ნარკოდილერებისთვის სამოთხეა. თუ მომხმარებლებს წამლის თავისუფლად მიღება შეეძლებათ, გაიზრდება როგორც მომხმარებლის, ისე ნარკორეალიზატორების რაოდენობა. დილერები დაიწყებენ ერთდღიანი დოზის გასაღებას და პოლიციასაც გაეხსნება მუშაობის ფრონტი. მართალია, გასაღება დაისჯება, მაგრამ რეალიზაციის მოთხოვნა გაიზრდება და გაჩნდებიან წვრილ-წვრილი გამსაღებლები. ისინი ნარკოტიკებს დასაშვებ რაოდენობად დაანაწევრებენ - ორი გრამი იქნება თუ ხუთი და მათ ქუჩაში ვერავინ შეეხება. სამართალდამცველები რეალიზატორს გრამზეც დაიჭერენ, მაგრამ იმის დამტკიცება, რომ ის ნარკორეალიზატორია, ძნელი იქნება, და როცა ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, რომელი შსს აუვა ამას? ჯობია, და უფრო პროფესიონალურია, 1 გრამით დაიჭირო, მთელი ჯაჭვი გახსნა, 10-15 კაცი გამოავლინო და პირველწყარომდე მიხვიდე. ეს პრობლემა სამართალდამცავებს საქმეს გაურთულებს, ამიტომაც ეწინააღმდეგებიან რეფორმას შს და იუსტიციის სამინისტროები.

ნანა ფიცხელაური
kote
17 ნოემბერი 2017 10:45
იმიტომ არ ეწინააღმდეგება შ ს სამინისტრო რომ საქმეს გაურთულებს.არამედ მკაცრი სასჯელის შიშით უნდათ ვინც თვალში არ მოდით დააშინონ და ბერკეტი ჰქონდეთ. რაც შეეხება გამსაღებლებს; შ ს სამინისტროს საკმაო რესურსები გააჩნია მათ გამოსავლენად.ხო კიდევ ჯანაშიაზე; ეგ სხვატაშორის ადრე თვითონ იყო ნარკომანიის ეროვნული ბიუროს უპროსი და კარგად იცნობს გამსაღებლებს.ახლა რომ პროფესორობს და გვმოძღვრავს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?