რას იხსენებს ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორი - კვირის პალიტრა

რას იხსენებს ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორი

კომუნისტურ ეპოქაში ქალთა კოლონიის დირექტორი წესისამებრ პირქუში და შეუვალი უნდა ყოფილიყო. გულიკო კონსტანტინოვნასაც ამას სთხოვდნენ, მაგრამ... ვერაზე, თავის პატარა ბინაში, ვინ იცის, ბედისწერისაგან ზურგშექცეული რამდენი ქალი შეუფარებია. ის ყველასთვის ვერელი გულიკო იყო, სითბოთი სავსე, სხვისი უბედურების გამო ცრემლად იღვრებოდა და ზოგჯერ სიკეთის გასაკეთებლად კანონსაც კი არღვევდა.

ისეთი გაპრანჭული სადაქალო ჰყავდა, თავიდან უმალავდა, კოლონიაში რომ მუშაობდა. თაყვანისმცემლებთანაც არ უყვარდა სამსახურზე ლაპარაკი. სადედამთილოებს კი რას გამოაპარებდა? მაინც იგებდნენ და იწუნებდნენ, - გოგო რომ კოლონიაში იმუშავებს, იმას ოჯახში როგორ შემოვუშვებთო. ვერელი გულიკოც ცოლად იმას გაჰყვა, ვინც მისმა სამსახურმა არ დააფრთხო. ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

გულიკო ნადარეიშვილი, ქალთა კოლონიის ყოფილი დირექტორი: - 1957 წლიდან 2000 წლამდე ქალთა კოლონიაში ვმუშაობდი. 1956 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამკერვალო წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე. საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი და ამიტომ ინსტიტუტში საბუთი უნდა მიმეტანა, რომ ვმუშაობდი. ქალთა კოლონიის სამკერვალო საწარმოში დავიწყე მუშაობა ხარისხის ოსტატად.

19 წლისა ვიყავი, მაშინ ძალიან მაზალო იყო კოლონიაში მუშაობა. მეც მრცხვენოდა და ვმალავდი. მერე ისე შევეჩვიე პატიმრებს, გამიჭირდა მათი მიტოვება. ჩემთვის პატიმარი ქალების მონაყოლი საინტერესო დეტექტივივით იყო. მიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე და თითქოს მეც საინტერესო რომანს ვკითხულობდი, რომლის თითოეული ფურცლიდან დიდი ადამიანური ტკივილი იღვრებოდა.

- კოლონიის უფროსად როგორღა დაგნიშნეს?

- ჩვენს საწარმოში რუსი ტექნოლოგები იყვნენ ჩამოსული და მათ შემაქეს თურმე შევარდნაძესთან. იმასაც დაუმახსოვრებია და მოულოდნელად 28 წლისა დამნიშნა კოლონიის დირექტორად.

ძალიან უბედურები იყვნენ თავისუფლებააღკვეთილი, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს მოცილებული ქალები. ამ ქალების ამბები რომ მომისმენია, ზოგი მკვლელიც კი გამიმართლებია, მაგრამ იყვნენ სასტიკი, დაუნდობელი მკვლელებიც.

ერთი კახელი დედა-შვილი იხდიდა სასჯელს. თურმე ქალს 12 წლის მაზლიშვილმა წაუსწრო საყვარელთან. ქალს შეეშინდა, არ გამთქვასო და ბიჭი მოკლა, მერე დედას დაუძახა. ბიჭის ცხედარი დაანაწევრეს, მოხარშეს და ისე გადაუშვეს ალაზანში(!).

ძალიან ბევრი ქალი გაფლანგვისთვის იხდიდა სასჯელს. მათი დირექტორები გარეთ იყვნენ, უდანაშაულონი (ძირითადად, ბუღალტრები იყვნენ) კი - კოლონიაში. დირექტორის ხელმოწერის გარეშე რომელ ბუღალტერს მისცემდა ბანკი ფულს. შინ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ დატოვებული და ერთი გენახათ, როგორ იტანჯებოდნენ ამის გამო...

10 მანეთის გამო იხდიდა სასჯელს ექიმი ლიალია ქართველიშვილი. ლიალია 40 წელი მუშაობდა ქალთა კონსულტაციაში, ერთი აბორტი არ ჰქონდა გაკეთებული, მხოლოდ მკურნალობდა. მისი კარის მეზობელი აკეთებდა აბორტებს და როდესაც ამის გამო დაიჭირეს, ხელი ამ წესიერ ქალბატონს დაადო, პაციენტი მისი გაცემული ცნობით მოვიდა ჩემთან და ამ ცნობისთვის 10 მანეთი გადაიხადაო. დამბეზღებელიც ჩემთან იხდიდა სასჯელს და მითხრა, - მაგას ბევრი პატრონი ჰყავდა და ვიფიქრე, რომ დავასახელებ, მეც გამიყვანს ციხიდანო.

შევარდნაძე სულ მაქებდა და ამის გამო მტრები გამიჩნდა. როგორც კი გადავიდა შს სამინისტროდან, შემომიტიეს. კოლონიის სამკერვალო საწარმოს გეგმა ჰქონდა, ყველა სახეობის სპეცტანსაცმელს ვკერავდით. თუ გეგმას არ შევასრულებდით, საკითხი ცეკას სხდომაზე გადიოდა განსახილველად. გეგმა არასოდეს ჩამიგდია. ერთხელაც თვის ბოლო იყო. შემოიტანეს ნედლეული. პატიმრებს ღამეები გავათენებინე და გეგმა მაინც შევასრულე. ვიფიქრე, მადლიერების ნიშნად ქალებს გავახალისებ-მეთქი.

დედაჩემი მაღაზიის გამგე იყო და დილით მისი მაღაზიიდან ერთი ყუთი "ბალიშა" კანფეტი, ძეხვი და თონის პური წავიღე კოლონიაში. როგორ შეიძლებოდა პატიმრისთვის თეთრი პურის ჭმევა? ეს ამბავი გახმაურდა. ეს პატიმრებთან კავშირად ჩამითვალეს და შს სამინისტროს კოლეგიაზე მომხსნეს.

მაშინ კოლეგიაზე ვთქვი, პატიმრებს ისეთი სიხარული მივანიჭე, ეს სასჯელი არაფრად მიღირს-მეთქი.

შევარდნაძემ რომ გაიგო ეს ამბავი, უთქვამს, ერთი პატიოსანი ქალი ჰყავთ და ვერ აიტანესო და აღმადგინეს კოლონიის დირექტორის თანამდებობაზე.

თვითმფრინავის საქმის გამო მსჯავრდადებული თინიკო ფეტვიაშვილი გადმოჰყავდათ კოლონიაში. ჩვენთან შემოსვლისთანავე პატიმრები "კაპტიორკაზე" ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიჰყავდათ. კოლონიაში ბევრი მაწანწალა რუსი იყო, იყვნენ ისეთებიც, 3 მანეთის გამო კაცი რომ ჰყავდათ მოკლული. როგორც ჩანს, ისინი გააფრთხილეს და როდესაც თინიკო შემოიყვანეს, ფანჯრებს მიაწყდნენ და უყვიროდნენ, - Убийца!

1983 წლის ზაფხულში ლიძავაში ვიყავი დასასვენებლად და თინიკო იქ ვნახე პირველად. მაშინ მითხრეს, გეგას საცოლეაო. ისეთი გოგონა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.

კოლონიის უფროსის კაბინეტში უცნაური მღელვარებით ველოდი თინიკოს შემოსვლას. მოკლესახელოიანი პატიმრის ხალათი ეცვა, საოცრად ნაწამები იყო. გვითხრა, დღეს გავხდი 19 წლის. არ გეგონოთ, რომ ცუდი გოგო ვარ. დაგიმტკიცებთ, რომ დამნაშავე არა ვარო... და ცრემლები წამსკდა. ამის გამო შს სამინისტროს დიდი თანამდებობის პირმა დამიბარა და გამაფრთხილა, გულიკო, დაიმახსოვრე, რომ ოფიცრები არ ტირიანო.

თვეები გავიდა. დაზამთრდა. თინიკოს საცოდავი დედა კოლონიასთან იყო ყოველდღე. თოვლში ჩუსტები ეცვა. გათოშილი, სველი ფეხებით იდგა. ერთხელაც მივედი, ქალბატონო თამარ, აქ რატომ ხართ-მეთქი? მინდა თინიკოს წინდები გადავცე, მაგრამ არ იღებენ. ღამე ვერ ვიძინებ, ჩემს შვილს რომ ფეხი არა აქვს თბილადო. მართლაც არ შეიძლებოდა წინდის შეტანა კოლონიაში, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? გამოვართვი წინდები. კაბის ქვეშ დავმალე და შევიტანე, მაგრამ გადაცემა იყო ძნელი.

თინიკოსთან ერთი გოგო მეგობრობდა, - ჩემი ნაცნობის შვილი. კარგი გოგო იყო, მაგრამ ხულიგნობის გამო მოხვდა კოლონიაში. მოგვიანებით შევიტყვე, რომ თინიკოზე მიჩენილი აგენტი ყოფილა. ამ გოგოს დავუძახე ჩემს კაბინეტში და ვუთხარი, ჩემი თავი გენაცვალოს, ეს წინდები თინიკოს წაუღე-მეთქი. წაუღო და არ ჩამიშვა. არადა, ეს რომ გამჟღავნებულიყო, სამსახურიდან გამაგდებდნენ. არც ვინაღვლებდი, რომ გავეგდე, ოღონდ საწყალი დედამისი დამემშვიდებინა. ან რისთვის იჯდა საცოდავი გოგო 8 წელი? 1990 წელს გაათავისუფლეს.

- ამბობენ, რომ თინიკო ფეტვიაშვილს კოლონიაში მუცელი მოუშალეს.

- ასე იყო, მაგრამ ეს კა-გე-ბეს ციხეში მოხდა. რამდენადაც ვიცი, ეს დედამისის თანხმობით მოხდა. თინიკოსთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, რადგან ვატყობდი, მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.

- როგორც ვიცი, შევარდნაძის მოსკოვში გადასვლის შემდეგ დაპატიმრებების სერია დაიწყო და ბევრი ქალბატონი მოხვდა ციხეში.

- შევარდნაძე რომ წავიდა, პატიაშვილმა მის ხალხზე დაიწყო ანგარიშსწორება. ქალაქკომის მდივანი გურამ გაბუნია მოხსნეს და ბევრი მიაყოლეს. ზოგიც დაიჭირეს. ამ ბადეში მოჰყვა დეზერტირების ბაზრის დირექტორი ნათელა წიქარიშვილიც. მის საქმეში ეწერა, რომ 25 ათასი მისცა ვიღაცას ქრთამად. იცით, ეს როგორ ათქმევინეს?

ციხეში რომ იჯდა, ვიღაც მოხუცი ქალი მიუსვეს გვერდით. ის ქალი კოლონიაში ჩემთან იჯდა და დამირეკეს, სასწრაფოდ გამოუშვი, გვჭირდებაო. გაითამაშეს, ვითომ ის მოხუცი ქალი სასამართლოზე დაჰყავდათ, ამ დროს წააწყდა ნათელას შვილებს და ვითომ მათი დანაბარები გადასცა, აღიარე, რომ 25 ათასი ქრთამად მიეცი და გაგიშვებენო.

ნათელა თავიდან უარობდა, არ მიმიცია და როგორ ვთქვაო. უნდოდათ, გურამ გაბუნია დაესახელებინა, მაგრამ არაფრით არ დაასახელა. ბოლოს ერთი გამომძიებელი შევიდა ნათელასთან, თუ არ აღიარებ ქრთამის მიცემას, არაფერი გამოვაო. აღიარებინეს და საწყალს არაფრის გამო 13 წელი მიუსაჯეს. გარეკილი ჰქონდა, ჩვენთან რომ მოიყვანეს. ღამე ვერ იძინებდა, დახურულ კარში არ შეეძლო ყოფნა. Aან როგორ გაძლო, სულ 200 ჰქონდა წნევა.

მაშინ ფიქტიური საბუთებით უსაქონლო ოპერაციები კეთდებოდა და ამაზე მაღაზიისა და საწყობის გამგეები ჩავარდნენ. ე. წ. შამპანურის საქმეზე 1500 კაცი დაიჭირეს. საწყობის გამგე მარო ბიბილაშვილი და 7 მაღაზიის გამგე ქალი ჩვენთან ისხდნენ.

მარო ბიბილაშვილი უსაქონლო ოპერაციების წყალობით მილიონერი კი გახდა, მაგრამ მერე საშინელება დატრიალდა მის თავს. რომ დაიჭირეს, დანაშაულს არ აღიარებდა. ამიტომაც ჩვენმა ოხერმა გამოძიებამ ასეთ ხერხს მიმართა: მაროსთან ორთაჭალის ციხეში ქალი შეუშვეს, რომელიც სინამდვილეში ასევე ჩემი პატიმარი იყო. მაროს იმ ქალმა უთხრა, მისჯილი არ მაქვსო.

ვითომ სასამართლოზე დაჰყავდათ და მაროს ამბავი შემოუტანა, თან ვიღაც რუს ქალთან გადაღებული მისი ქმრის სურათი გადასცა, - შენმა შვილებმა გამომატანეს და შემოგითვალეს, მამა ამ ქალთან ერთობა და შენს ფულს ხარჯავსო. მაროს ქმარი, გოგია, მართლაც მეგობრობდა ამ რუს ქალთან ადრე, მაგრამ ეს სურათი ფაბრიკაცია იყო.

აგენტმა ვითომ თანაუგრძნო მაროს. შენ ციხეში ხარ, ქმარი კი შენი ფულით გრიალებს კისლოვოდსკშიო. იმ საღამოსვე გაუყვანიათ მარო დაკითხვაზე და იმანაც ყველაფერი დაფქვა. 7 ჩემოდანი ფული ჰქონია თბილისის ახლოს საქათმეში დამალული, ეს მხოლოდ მის ქმარს სცოდნია და გამწარებულს უჩვენებია სამალავი.

ოთხი დღე ითვლიდნენ თურმე ფულს. მაგრამ მარომ ქმარზე შურისძიებაც გადაწყვიტა და გამომძიებელს უთხრა, ქმარი ჩემი დანაშაულის თანამონაწილეაო და ქმრის გარდა კიდევ 30 კაცი დაასახელა. დაიჭირეს ისინიც და გოგიაც. იცი, რა საშინელება დამართეს გოგიას? მაროს "ჩაშვებული" კაცების საკანში შეიყვანეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რასაც უზამდნენ? საწყალი გოგია შეურაცხყოფისაგან გაგიჟდა.

მაროს დახვრეტას უსჯიდნენ, მაგრამ ბოლოს 15 წელი მისცეს. კოლონიაში ინსულტი დაემართა. ჩემი მტერი იყოს ისე, მარო რომ იყო. ციხიდან გასულიც აღარ მიიღეს შვილებმა. შესანიშნავი მამა ყოფილა გოგია, შვილებიც ძალიან კარგი ჰყავდათ, მაგრამ ასეთი ტრაგიკული ბედის აღმოჩნდა ეს ოჯახი.

ასეა ცხოვრება, ზოგჯერ ქალები ვცოდავთ, ზოგჯერ კაცები გვექცევიან უსამართლოდ. ამაზეც რამდენიმე ისტორიას კიდევ მოგიყვებით.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)