"ესენი, როგორც ვატყობ, საფლავშიც ჩამყვებიან!" - კვირის პალიტრა

"ესენი, როგორც ვატყობ, საფლავშიც ჩამყვებიან!"

სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორის, შოთა მეფარიძის დაპატიმრება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო, რადგან ბატონი შოთა 83 წლის ბრძანდებოდა.

ახლახან შევიტყვეთ, რომ უკვე 90 წელს მიტანებულ მეფარიძეს ისევ მიუვიდა სასამართლოდან უწყება, რის შემდეგაც იგი თავად დაგვიკავშირდა და წყნეთში სტუმრობა გვთხოვა:

შოთა მეფარიძე: - ახლახან სასამართლოდან უწყება მომივიდა, მგონი, ისევ გასამართლებას მიპირებენ. ალბათ, გახსოვთ, ეს 83 წლის კაცი რომ დამიჭირეს, ერთი თვე და 26 დღე ე.წ. რეზბალნიცაზე მამყოფეს. ახლა უკვე 90 წელს მიტანებული ვარ და სასამართლოში  სიარული სად შემიძლია?! თანაც, სასამართლო პროცესი ამ უწყებით კვირა დღეს არის დანიშნული(?!). საქმე ან რაღაც კურიოზთან გვაქვს, ან ნამდვილად ჩემი დაცინვა გადაწყვიტეს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გიბარებენ?

- ალბათ, იმიტომ, რომ პირობითი სასჯელი ჯერაც არა მაქვს მოხდილი. ყოველთვიურად პრობაციის სამსახურში მისვლა და საბუთზე ხელის მოწერა მევალება. შერყეული ჯანმრთელობის გამო ქალაქში ჩასვლას ვერ ვახერხებ. ვუთხარი, თქვენთან სიარულს ვერ შევძლებ, საბუთი ფოსტით გამომიგზავნეთ, ხელს მოვაწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, მაგრამ მაინც არ შემეშვნენ. ახლა სასამართლო უწყება გამომიგზავნეს და როგორც ვატყობ, საფლავშიც ჩამყვებიან(!), აბა, დაჭერით ვეღარ დამიჭერენ და ფულიც აღარ მაქვს, რომ წამართვან.

მაშინ, იმ გაფუჭებულმა ოქრუაშვილმა დამიჭირა. გენპროკურატურის (უკვე ყოფილმა) გამომძიებელმა ბონდო გოროზიამ მითხრა, 200 ათასი  დოლარი მოიტანე და გაგათავისუფლებთო. ვიდრე ფული არ მივიტანე, რეზბალნიცაზე მამყოფეს. იმ თანხის ნაწილი ბანკიდან სესხად გამოვიტანე და დღესაც  ვიხდი პროცენტებს.

მახსოვს, ციხის უფროსი მოვიდა ჩემს სანახავად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. ყველას აინტერესებდა, 83 წლის კაცი თავს როგორ ვგრძნობდი. "რეზბალნიცაზე" ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილიც იყო, სულ მეუბნებოდა, ამ ხნის კაცი როგორ დაგიჭირესო. თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მაინც მეამაყება, რომ განსაცდელს ღირსეულად გავუძელი.