"დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს" - კვირის პალიტრა

"დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს"

"დღეს ბარათელს იმის გარანტია არ აქვს, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება და ამიტომაც ამბობს, რომ გურამ შარაძე მან მოკლა!"

"ბრალი აღიარებული მაქვს, მოვიშორე მკვლელობა, მოვიხადე სასჯელი, გავთავისუფლდი და აწი აღარაფერი მაინტერესებს. სხვას არაფერს არ გეტყვით. ყველაფერი ვთქვი სასამართლოზე... გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. გამოძიებასთან და პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ", - ეს თქვა 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსულმა გიორგი ბარათელმა და ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა...

ბარათელი 2007 წელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და შეკრებითობის პრინციპით 27 წელი მიუსაჯეს... ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბარათელმა გამოძიებას ჩვენება მისცა და მომხდართან კავშირი უარყო, მაგრამ დღეს ამბობს, რომ შარაძე მან მოკლა.

გიორგი ბარათელის ინტერესს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა: - მასში ბრძოლის მოტივაცია ჩაკლეს, აქვს განცდა, რომ ვერავინ დაიცავს, დოკუმენტები დევს პროკურატურაში, სადაც ის დეტალურად ჰყვება ყველაფერს. ამოღებული ფირიდანაც ჩანს, რომ ის არ არის მკვლელი. მისი ფიზიკური მონაცემების იდენტიფიცირებიდან გამომდინარე, უცხოეთში ტარდება ფირის ექსპერტიზა და ის იტყვის სიმართლეს.

- ბოლოს, როდის ნახეთ ბარათელი?

- სასამართლოში ვნახე და რადგან აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია, მის დაცვაზე უარი ვთქვი. ის ვიღაცების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. მაშინ ისევ იყვნენ იქ გადმონაშთები ძველი ხელისუფლებიდან...

სამეგრელოდან არის მოწმე, რომელიც ამბობს, როგორ იგეგმებოდა ეს მკვლელობა. ბევრი დეტალი და ახალი გარემოებაა, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს.

მეკითხებიან, 27-წლიანი პატიმრობა მისჯილი ადამიანი გარეთ როგორ აღმოჩნდაო? ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეკრებითობა გაუქმდა და სასჯელები ჩამოაკლდა, ამას დაემატა ამნისტია. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი, უდოც აღარ შეხებია. დღეს იმის გარანტია არა აქვს, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება და ამიტომაც ამბობს, რომ შარაძე მან მოკლა.

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი: - თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ მამაჩემის მკვლელი ბარათელი არ არის, გიორგი მისცემს ობიექტურ ჩვენებას, თუ ვერ დადებენ მტკიცებულებას, ის არ ალაპარაკდება... მამაჩემის მკვლელობის დღიდან ბარათელი იყენებდა დუმილის უფლებას, მერე მოვისმინეთ მისი უსუსური აღიარება, შემდეგ კარგა ხანს არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ხელისუფლების შეცვლიდან სამი კვირა არ იყო გასული, რომ შველას ითხოვდა, მაგრამ სრული იგნორირება იყო კბილაშვილის პროკურატურის მხრიდან. მას მოუწყვეს ციხეში პროვოკაცია და დაუმატეს ორი წელი ვითომ უკანონო ნივთისთვის. შეწყალებით მიმართა პრეზიდენტს, უდოს კომისიას, მაგრამ სასჯელი ბოლომდე მოახდევინეს. 18 ოქტომბერს მონიტორინგის ჯგუფმა საპყრობილეში მოინახულა ბარათელი. მან მებრძოლ ადვოკატთან შეხვედრა მოითხოვა, გურამ შარაძე მე არ მომიკლავს, მზად ვარ, ჯერ ადვოკატს, შემდეგ გამოძიებას სიმართლე ვუთხრაო. ორ დღეში მასთან შევიდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე და ბარათელმა დეტალები უამბო: გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი არხის ტერიტორიაზე დააკავეს, თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დაჭრეს, შემდეგ ძველი თბილისის გამგეობის შენობაში 30 პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა... 2016 წელის 3-ჯერ ვნახე, საათობით ვისხედით და ვისმენდი მისგან ყველაფერს. მერე გამომძიებელთან ერთადაც შევედი. თქვა, მომიტანეთ ერთი მტკიცებულება მაინც და ყველაფერს ხელს მოვაწერო. სამწუხაროდ, ვერ დავდეთ მტკიცებულება. ის იმედგაცრუებულია. თუ გამოძიება იმას მაინც დაამტკიცებს, რომ ფირზე აღბეჭდილი პირი არ არის ბარათელი, ის ალაპარაკდება. მის მიმართ კეთილგანწყობის გარდა არაფერი გამაჩნია.

საქმეში არის ბევრი დეტალი, რომლის გახმაურება ჯერ არ შეიძლება. პირობას გაძლევთ, ახლო ხანში გაგაცნობთ და დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს. რად უნდა მკვლელის სახელით ცხოვრება, რომ ხალხმა ზიზღით უყუროს? უნდა ჩამოირეცხოს ბრალი!

P.S. ციხის კართან ბარათელს არც ერთი ახლობელი არ დახვედრია. თურმე იქვე ტაქსი გააჩერა, მაგრამ რადგან ფული არ ჰქონდა, ტაქსმა უარი უთხრა წაყვანაზე. ეს ფაქტი შენიშნა ერთმა ოპერატორმა და გარკვეული თანხა მისცა. ამის შემდეგ ის სამარშრუტო ტაქსში ავიდა და გლდანის მერვე დაწესებულების ტერიტორია დატოვა...

რას წერდა გიორგი ბარათელი ხელისუფლების შეცვლისთანავე

"2007 წლის 20 მაისიდან უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები არჩადენილი დანაშაულისთვის. სამართალდამცავებმა იძულებული გამხადეს, მეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. სურდათ, დაეფარათ შარაძის მკვლელი ან მკვლელები და უდანაშაულო ადამიანი გამომამწყვდიეს ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში... მე მხოლოდ იმის გამო ვაღიარე, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ იყო დაცული. მთავრობის შეცვლის შემდეგ მომეცა იმედი, რომ სიმართლე გაირკვეოდა, ამიტომ გავბედე მეთქვა სიმართლე, გურამ შარაძე მე არ მომიკლავს!.. მთელი პატიმრობის მანძილზე მუდმივად ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვკონტროლდებოდი პატიმრების მხრიდან, რომ სიმართლე არ მეთქვა. 2011 წელს მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, თვითდაზიანებაც კი მივიყენე. მას შემდგომ, როცა გავაჟღერეთ მე და ჩემმა ადვოკატმა, ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ზეწოლა, რომ ძველი ჩვენება არ გადამეთქვა. იმის გამო, რომ არ დავყევი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს, მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ შეთითხნონ საქმე, თითქოს მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პირი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება... მე ვნახე ფოტო, რომელიც წარადგინა ნინო მიქიაშვილმა იუსტიციის სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში და ვადასტურებ, რომ მასზე გამოსახულმა პოლიციელებმა მე მომაყენეს შეურაცხყოფა ძველი თბილისის პოლიციაში. ერთ-ერთი, როგორც ადვოკატისაგან გავიგე - კაკო გაფრინდაშვილი, მიტარებდა ინსტრუქციებს, რა ჩვენება უნდა მიმეცა. ჩართო ჩამწერი და მიმითითეს მეთქვა, თუ როგორ ვიხმარდით ნარკოტიკებს შვეიცარიაში მე და გიორგი შარაძე და როგორ მოხდა ჩვენ შორის კონფლიქტი, რაც სიმართლეს არ შეეფერება... მუდმივად "ნასედკა" პატიმრების გარემოცვაში ვიმყოფებოდი. ე.წ. ბალნიჩკაზე ყოფნისას ვინმე ხვიჩამ შემომთავაზა, რომ შემოიტანდა ე.წ. ჟუჩოკს, ანუ ჩამწერს და უნდა მეთქვა, რომ ოპოზიციონერმა გოგა ხაინდრავამ მთხოვა, მომეკლა შარაძე, რაზეც არ დავთანხმდი. მერე შემომთავაზა მეორე ვერსია, თითქოს რუსმა ქილერმა მოკლა ის და შენს თავზე იმის გამო აიღე, რომ ხაინდრავა არის რუსეთთან დაახლოებული და არ დამტოვებდა ციხეში... უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ სამართლიანობისათვის ბრძოლაში. ამჟამად კვლავ ცდილობენ პროვოცირების შედეგად დამიმძიმონ ბრალი".

თეა ხურცილავა