"სსრკ-ის დაშლამდე ბოლო ე.წ. "სხადნიაკზე" იმსჯელეს, როგორ ჩაეგდოთ ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები" - კვირის პალიტრა

"სსრკ-ის დაშლამდე ბოლო ე.წ. "სხადნიაკზე" იმსჯელეს, როგორ ჩაეგდოთ ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები"

საქართველოს შსს-სა და საფრანგეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომლობით, საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა - დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების 35 წევრი. აქედან 26 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, მათ შორის 5 - ე.წ. კანონიერი ქურდი: ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი ("სინკარა"), ნოდარ გაბისონია ("სოხუმსკი") და ნიკოლოზ ნოდია ("ტბილისსკი"), რომლებმაც წლების წინ საქართველოში სასჯელის მოხდის შემდეგ თავი ევროპას შეაფარეს.

გაზეთი "ფიგარო" იუწყება, რომ დაკავებულებს გამოძიება სახლებისა და მაღაზი-ების გაქურდვაში ადანაშაულებს. ჩხრეკისას პოლიციამ 70.000 ევრო ამოიღო და დააყადაღა მათ ანგარიშებზე დარიცხული 200.000 ევროზე მეტი. თანხის დიდი ნაწილი ე.წ. ობშიაკის ფულია. თითოეული ნაქურდლიდან 15% კრიმინალების ანგარიშზე ირიცხებოდა.

"კვირის პალიტრასთან" საუბრობს ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დავით კუხალაშვილი, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რომელ ქვეყნებში არიან თავმოყრილი ქართველი კრიმინალები?

- ძირითადად ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველა სახელმწიფო აკონტროლებს "კანონიერ ქურდებს". მათ არა ცხელ კვალზე, არამედ ათეულობით დანაშაულის ჩადენის შემდგომ აკავებენ. გამოდის, ოპერატიული სამსახურები ვითარებას ვერ ფლობენ, ან ამას შეგნებულად აკეთებენ. როგორც პოლიცია და სპეცსამსახურები აკონტროლებენ კრიმინალურ სამყაროს, ისე კრიმინალურ სამყაროს გააჩნია მაკონტროლებელი საშუალებები, მათ შორის სპეცსამსახურებსა და პოლიციაში შეღწევადობა. იგებენ სამართალდამცველების მეთოდოლოგიას, შეუძლიათ, თანხის სანაცვლოდ მოიპოვონ ინფორმაცია - ვინ არის ჩანერგილი მათთან...

საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნიდან გასული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც და შემოსულებიც. ისინი დაახლოებული არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების პირველ პირებთან. მათი მეშვეობით შესაძლებელია არჩევნებზე ზეგავლენა და ეკონომიკური სექტორის კონტროლი... სსრკ-ის დაშლამდე თბილისში გამართულ ბოლო ე.წ. "სხადნიაკზე" იმსჯელეს, როგორ ჩაეგდოთ ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. შემდგომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სწორედ ქურდებსა და ხელისუფლებას შორის გადანაწილდა ქონება და მათზე კონტროლი.

"კანონიერი ქურდები" სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, ანუ მათ ეძლევათ დიპლომატიური პასპორტები.

ეს მიანიშნებს მათ უდიდეს ზეგავლენას სახელმწიფოში, რომელმაც გასცა პასპორტი.

2017 წელს, ჩეხეთში დააკავეს ქურდული შეკრების მონაწილეები, რომელთა შორის აღმოჩნდა ე.წ. კანონიერი ქურდი რუბენ ტატულიანი. მას ჰქონდა სომხეთის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი. იგი ასევე დაფიქსირებულია რუსეთის დუმის დეპუტატ ალექსანდრე კარელინთან, გავრცელდა მისი და სომხეთის პრეზიდენტის ფოტო. 1996 წელს ჟენევაში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი "მიხასი" - რომელსაც აღმოაჩნდა კოსტა-რიკის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი. ქართველ "კანონიერ ქურდებზე" დიპლომატიური პასპორტი არ ფიქსირდება.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნანა ფიცხელაური