სროლა, აფეთქებები, სამართალდამცავთა შტურმი - რა ხდება ბერი სალოსის ქუჩაზე? - კვირის პალიტრა

სროლა, აფეთქებები, სამართალდამცავთა შტურმი - რა ხდება ბერი სალოსის ქუჩაზე?

უკვე თითქმის 15 საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაციისას ცეცხლი გაუხსნეს. ისინი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. იმ სადაბაზოს მცხოვრებლები, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ამ დრომდე კორპუსიდან გამოიყვანეს, მხოლოდ კორპუსის დანარჩენი შესასვლელები ბლოკირებულია.

იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ სუსში.

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი მანქანა შევიდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სხვა ბრიგადებიც, ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დილით კი სპეცოპერაციის ადგილზე პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილით სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა.

გამთენიის 05:00 საათიდან სამართლდამცავებმა შტურმი დაიწყეს, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა შტურმი.

როგორც ირკვევა სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.